საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დეკემბერი 17, 2021

ხუთშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

17 დეკემბერი 2021


1. აშშ-ს საფონდო ბაზრის საერთო ვარდნა

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Reddit-ის IPO?

4. ინფლაციის პოლიტიკა: სხვადასხვა ბანკის სხვადასხვა ხედვა

აშშ-ს საფონდო ბაზრის საერთო ვარდნა

აშშ-ის საფონდო ბაზარზე აქციების რბოლა დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან ფედერალური სარეზერვო ბანკის განცხადება დრაივერის სახით ,,ომიკრონის’’ შტამის გავრცელების სიახლეებმა მალევე ჩაანაცვლა. საფონდო ინდექსებმა პოზიციები დათმეს, ინვესტორებმა კი ფული აქციებიდან ამოიღეს და ადგილი შედარებით უსაფრთხო ობლიგაციებში მიუჩინეს. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 1,42%-მდე დაეცა. 

განსაკუთრებულად ტექნოლოგიურმა სექტორმა იზარალა, Nasdaq კი 2,5%-ით დაეცა. Apple-ის (AAPL) აქციები 4%-ით შემცირდა, წინა დღის ,,გამარჯვებული’’ ჩიპების მწარმოებლები კი ამჯერად S&P 500-ის ყველაზე წარუმატებელ აქციებს შორის მოხვდნენ. Adobe-ის (ADBE) აქციები 10%-ით დაეცა, რაც პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის მიერ მოსალოდნელზე უარესმა კორპორატიულმა პროგნოზებმა გამოიწვია. Tesla (TSLA) 5%-ით შემცირდა. 

Newmont Corporation (NEM) და სხვა სამთო-მომპოვებელმა კომპანიებმა ლითონების, მათ შორის, ოქროსა და ვერცხლის ფასების ზრდის შედეგად პოზიციები გაიმყარეს. Accenture-ის (ACN) აქციებმა ძლიერი კვარტლური ანგარიშს გამოქვეყნების შემდეგ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწიეს.

ნავთობის ფიუჩერსები 72 დოლარი ღირს (1 ბარელი), მსხვილმა კრიპტოვალუტებმა კი სესია კარგად დაიწყეს, თუმცა დღის განმავლობაში მათი კურსი შედარებით დაეცა. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

გავრცელებული ინფორმაციით, Apple-მა საოფისე რეჟიმში მუშაობაზე დაბრუნება განუსაზღვრელი ვადით გადადო. თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ ოფისში დაბრუნების თარიღი ,,ჯერ განსაზღვრული არ არის’’, თანამშრომლები კი 1000 დოლარს მიიღებენ, რაც შეიძლება ,,საჭირო გამოდგეს სახლიდან მუშაობისთვის’’. 
 
Visa-ს (V) ბორდმა კომპანიის $12-მილიარდიანი აქციების უკუშესყიდვის (buyback) გეგმა დაამტკიცა. მთლიანობაში Visa-სთვის გამოსყიდვის უკუშესყიდვის ჯამური თანხა (წინა გეგმის ჩათვლით) ამჟამად $13.2 მლრდ-ს უდრის. 
გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი როკ-მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი მთელ თავის მუსიკალურ კატალოგს ყიდის. მას Sony Music $500 მლნ-ად შეიძენს. კატალოგში შედის ,,პლატინის კატეგორიაში’’ 15-ჯერ შეყვანილი ალბომი ,,Born in the U.S.A.’’ და 5-ჯერ შეყვანილი ,,The River’’.

ელექტრომობილების სტარტაპი Rivian Automotive, რომელსაც ფინანსურად მხარს Amazon უჭერს, ნოემბრის IPO-ს შემდეგ კვარტლურ შედეგებს პირველად აქვეყნებს - გაყიდვებმა $1 მლნ მოიტანა, ზარალმა კი $1,23 მლრდ შეადგინა. საფონდო ლისტინგში ჩართვის პირველი 5 დღის განმავლობაში Rivian-ის კაპიტალიზაცია თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდებოდა, თუმცა შემდგომ მაღალმა ოპერატიულმა ხარჯებმა მოგების დანაკარგებით ჩანაცვლება განაპირობა. Rivian-ის აქციები მისი ლისტინგის პირველი დღის მერე 8%-ითაა შემცირებული. 
 

Reddit-ის IPO?

სოციალური მედიაპლატფორმა Reddit, რომელიც შიდადღიური ვაჭრობის მთავარ ფორუმს წარმოადგენს, საჯარო კომპანიად გახდომას აპირებს. მისი განცხადებით, აშშ-ს ფასიანი ქაღალდისა და ვაჭრობის კომისიას (SEC) პირველადი საჯარო შეთავაზების განაცხადი კონფიდენციალურად წარუდგინა. 

Reddit 2005 წელს სტივ ჰაფმანმა და ალექსის ოჰანიანმა დააარსეს. ამა წლის დასაწყისში იგი $10 მლრდ ღირდა - თანხის ამ ნიშნულზე იგი კერძო ფანდრეიზინგის მეშვეობით ავიდა. სექტემბერში კომპანია იმედოვნებდა, რომ მალე $15 მლრდ-ზე მეტად შეფასდებოდა, რა დროსაც IPO-სთვის ნიადაგი მზად იქნებოდა.  

ოქტომბრის მონაცემებით, Reddit დაახლოებით 52 მლნ ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელს, 100,000-ზე მეტ ჯგუფს და ქვეფორუმს ითვლის ოქტომბრის მონაცემებით. კომპანია 2021 წლის იანვარში თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიზარდა - ამ პერიოდში საცალო ინვესტორები მის მესიჯ-პლატფორმას მიაწყდნენ, რამაც GameStop-ის (GME) გახმაურებულ ამბავსა და ე.წ. ,,მიმური აქციების’’ ბუმს დაუდო სათავე. 

Reddit-მა მე-2 კვარტალში $100 მლნ-ის ოდენობის სარეკლამო შემოსავლების შესახებ განაცხადა, რაც წინა წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატებოდა. 

კომპანიას არ დაუზუსტებია, რამდენ აქციას გამოიტანს იგი IPO-ზე, ან რამხელა იქნება შეთავაზების ფასობრივი დიაპაზონი. Reddit-ის უმსხვილესი ინვესტორებს შორის არიან: Fidelity Investments, Andreessen Horowitz, Sequoia Capital და Tencent Holdings. ახალ წლამდე ოფერის განხორციელების შემთხვევაში სავაჭრო ფორუმი წლევანდელი IPO-ს ისეთ ავტორებს შეუერთდება, როგორებიც Robinhood Markets, Coupang და Coinbase Global არიან. 

ინფლაციის პოლიტიკა: სხვადასხვა ბანკის სხვადასხვა ხედვა

ორმა ყველაზე მსხვილმა ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა გამძაფრებული ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის განსხვავებული კონცეფციები წარმოადგინა - ეს მოხდა ერთი დღით გვიან მას შემდეგ, რაც აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე არაორაზროვნად მიუთთა. 

ინგლისის ბანკი (BOE) პირველი დიდი ცენტრალური ბანკია, რომელმაც პროცენტული განაკვეთები პანდემიის დაწყების შემდეგ 15 საბაზისო პუნქტით, 0,25%-მდე გაზარდა.  ბევრისთვის მოულოდნელი ნაბიჯი მაშინ ,,უფრო მდგრადი’’ ინფლაციის მოსაზრებით გადაიდგა. BOE-ს მეთაური ენდრიუ ბეილი ამბობდა, რომ ამგვარად პოლიტიკოსები ინფლაციის ზრდის ნიშნებს საშუალოვადიან პერსპექტივაში ხედავენ, რაც მათ მოქმედებას აიძულებს. BOE-მ ამ დროსვე მიუთითა, რომ აპრილისთვის ინფლაცია შეიძლება 6%-მდე გაიზარდოს.

იმავდროულად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) თავისი საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა. ამასთან, მოქმედი ეკონომიკური სტიმულირების გეგმის ვადა იწურება, ის კი ევროზონის 19 ქვეყნის ეკონომიკათა მხარდასაჭერად ახალ პროგრამებზე მუშაობს. ECB-ის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის განცხადება ბანკის პოზიციას ცხადყოფს: ინფლაცია ერთხან მაღალ ნიშნულზე დარჩება, შემდეგ კი კლებას დაიწყებს, რაც 2022 წლის ბოლომდე ასეც გაგრძელდება. ლაგარდმა დასძინა, რომ 2022 წელს ECB-ს მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდის საფუძველი ამ დროისთვის სავარაუდო არ არის. 

როგორც ცნობილია, აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა განაცხადა, რომ ფასების მატების გამო ის ობლიგაციების შესყიდვის საკუთარი პროგრამის შემცირებას დააჩქარებს და მომავალი წლიდან სამი პროცენტული განაკვეთის ცვლილებას აპირებს.