საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დეკემბერი 15, 2021

სამშაბათს სავაჭრო დღის მიმოხილვა

14 დეკემბერი, 2021

1. აშშ-ს საფონდო ბაზარი ფედერალური სარეზერვო ბანკის ვერდიქტის მოლოდინში

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. ინფლაცია აშშ-ში

4. ილონ მასკის ,,ტვიტი’’ და Dogecoin-ის აღზევება 

აშშ-ს საფონდო ბაზარი ფედერალური სარეზერვო ბანკის ვერდიქტის მოლოდინში

აშშ-ის საფონდო ბაზარზე ინფლაცია და ფედერალური სარეზერვო ბანკის პოლიტიკა კვლავ შეშფოთების საგნად რჩება: ნიუ-იორკის ინდექსები უკვე ზედიზედ მეორე დღეა, რაც ვარდება. ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოების (PPI) ფასები მკვეთრად აიწია (იხ. ქვემოთ), რამაც მონეტარული პოლიტიკის მამებს შესაძლოა ყოველთვიურად შესასყიდი ობლიგაციების მოცულობის უფრო მეტად შემცირებისკენ უბიძგოს.

ტექნოლოგიურ სექტორში აქციები გაიაფდა, რადგან სესხის აღების მაღალი ხარჯები მათ ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა. Salesforce-ის (CRM) და Microsoft-ის (MSFT) აქციებმა Dow-ს ინდექსი თან ,,ჩაიყოლეს’’. პროგრამული უზრუნველყოფის სხვა პროვაიდერები, მათ შორის Adobe (ADBE), S&P 500-ის ყველაზე წარუმატებელ აქციებს შორის მოხვდნენ.

საფონდო ბაზარს ასევე Covid-19-ის ,,ომიკრონის’’ ვარიანტის გავრცელება აღელვებს. ახალი ლოქდაუნების შემოღებისა და ნავთობზე მოთხოვნის კლების საშიშროებამ ,,შავი ოქროს’’ ფიუჩერსები 1%-ით შეამცირა. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების პროცენტული განაკვეთი ოდნავ გაიზარდა და 1,43%-ს გაუტოლდა, რაც საბანკო აქციებს წაადგა. კარგი დღე ჰქონდათ სადაზღვევო კომპანიების აქციებსაც.

სამორინეების ქსელმა, MGM Resorts International-მა (MGM), მოგება ლას-ვეგასში მდებარე თავისი სასტუმრო Mirage Hotel-ის გაყიდვით ნახა, რომელიც Hard Rock International-მა $1,1 მლრდ-ად შეიძინა. Terminix Global Holdings-ის (TMX) აქციები ,,ზევით აიჭრა’’ - სასოფლო-სამეურნეო მავნებლების კონტროლის კომპანია კონკურენტ Rentokil Initial-ს $6,7 მლრდ-ად ყიდულობს.

მსხვილმა კრიპტოვალუტებმა ადრინდელი დანაკარგები ნაწილობრივ აინაზღაურეს: Bitcoin-ისა და Ether-ის ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა, Dogecoin-მა კი სულაც 20%-იანი მოგება ნახა (იხ. ქვემოთ). 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • Vox Media და Group Nine კორპორატიული შერწყმის თაობაზე მოლაპარაკებებებს აწარმოებენ, რითაც Vox Media-ს კომპანიის აქციათა 75%-იან პაკეტი გადაეცემა. ეს უკანასკნელი მფლობელია ისეთი საიტებისა, როგორებიცაა Verge and SB Nation. მის ციფრულ მედიაპლატფორმებში შედის Group Nine’s Thrillist, Dodo და NowThis. 

  • Toyota 2030 წლისთვის 30-მდე ელექტრომობილის მოდელის გამოშვებასა და ჯამურად 3,5 მლნ ერთეულის გაყიდვას გეგმავს, რაც მის ადრინდელ პროგნოზებს ორჯერ აღემატება. ავტომწარმოებელი აცადებს, რომ საბატარეო ტექნოლოგიაში იგი $17 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს. 

  • Nike-მა მოდისა და ციფრული ვალუტის სტარტაპი RTFKT შეიძინა. გარიგების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ეს ნაბიჯი სპორტული ინვენტარის მწარმოებლის ,,მეტავერსში’’ დამკვიდრების პროცესის ნაწილად აღიქმება. RTFKT-ის პროდუქციაში როგორც ჰიბრიდული NFT, ასევე რეალური ფეხსაცმელი შედის. 

  • დიდი ბრიტანეთის ანტიტრესტული მარეგულირებელი ორგანო Microsoft-ის მიერ ხელოვნური ინტელექტისა და მეტყველების ტექნოლოგიის ფირმის, Nuance Communications-ის $16 მლრდ-ად შეძენის საქმეს გამოიკვლევს. სააგენტო, სახელწოდებით The Competition and Markets Authority, რომელიც ,,ტექნოლოგიის დიდი ხუთეულისადმი’’ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა, აცხადებს, რომ ამ გარიგებამ შესაძლოა ბრიტანეთის ბაზარზე კონკურენცია შეასუსტოს.  

  • Meta Platforms-მა, რომელიც სოციალურ მედიაპლატფორმა Facebook-ს ფლობს, აშშ-ს რეგიონული ბანკის, Meta Financial Group-ის სავაჭრო ნიშნის შესაძენად შესაძლოა $60 მლნ გადაიხადოს. ეს ცნობა ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ღირებულია სახელწოდება ,,Meta’’ ტექნოლოგიური გიგანტისთვის, რომელიც ამ სამყაროზე დადებული ფსონიდან მოგების ნახვას უახლოეს წლებში ელოდება.

ინფლაცია აშშ-ში

ნოემბერში ინფლაცია აშშ-ში საბითუმო დონეზე წლიურად 9,6%-ით გაიზარდა, რაც ეკონომისტების პროგნოზს აღემატება, ასევე 2010 წლის შემდეგ (შრომის დეპარტამენტმა ამ მონაცემების აღრიცხვა ამ დროიდან დაიწყო) დაფიქსირებული ყველაზე დიდი ციფრია.  

სამრეწველო პროდუქციის წარმოების ფასების ინდექსი (PPI) ბოლო მოთხოვნილების პროდუქტებზე გასულ თვეში 0,8%-ით გაიზარდა, უფრო ადრე კი - სექტემბერსა და ოქტომბერში - მისი ნამატი 0,6%-ს უდრიდა. საბაზისო PPI, რომელშიც არ შედის საკვებისა და ენერგორესურსების მყიფე ფასები, 2020 წლის მერე 6,9%-ით გაიზარდა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ამ რიცხვების დათვლა 2014 წლიდან დაიწყო. 

თვის სურათი ამგვარია: მომსახურება 0,7%-ით გაძვირდა, ენერგორესურსები - 2,6%-ით, ბენზინი - 7,3%-ით, სურსათი - 1,2%-ით. მათ შორის დაუმუშავებელი ხილი და ბაღჩეულობა 20,1%-ით ძვირი ღირს, ბოსტნეული კი - 11,5%-ით. რკინისა და ფოლადის ჯართის ფასმა 10,7%-ით მოიმატა. 

მთელი რიგი ფინანსური სერვისების ღირებულება წინა თვის მაჩვენებელს 6,1%-ით აღემატება, ხოლო ავიაკომპანიებისა და ტურისტთა დაბინავების მომსახურება კლიენტს 5,1%-ით ძვირი უჯდება. 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში სამომხმარებლო ფასების (СPI) ინდექსის მონაცემები გამოქვეყნდა, რომელმაც ბოლო 39 წლის განმავლობაში წლიური ზრდის ყველაზე დიდი რიცხვი აჩვენა. 

+20%

Tesla-ს (TSLA) აღმასრულებელმა დირექტორმა და პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა, ,,ტვიტერზე’’ დაწერა, რომ ელექტრომანქანების მწარმოებელი ციფრულ ვალუტა Dogecoin-ს, როგორც გადახდის ერთეულს, Tesla-ს ზოგიერთი საქონლის შეძენისთვის დაუშვებს. აქვე მან მრავალმნიშვნელოვნად დასძინა: ,,ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები’’. ამან მომენტალურად Dogecoin-ის ღირებულება 37%-ით გაზარდა. იგი ახლა 20%-ით უფრო მაღალ ფასში ივაჭრება.

მასკი Dogecoin-ს დიდი ხანია, რაც ქომაგობს. ციფრული ვალუტა, რომელზეც შიბა-ინუა (ძაღლის სახეობა) გამოსახული, ორმა პროგრამულმა ინჟინერმა 2013 წელს ხუმრობით შექმნა. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, მას კრიპტობირჟის სპეკულანტებისთვის გასართობი დატვირთვა ჰქონდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მონეტას ერთგული მიმდევრები გამოუჩნდა, მათ შორის კი თვით ილონ მასკის სახელიც გამოერია. ამ უკანასკნელმა 2021 წლის დასაწყისში იგი Saturday Night Live-ის ერთ-ერთი გადაცემის წაყვანის დროსაც კი ახსენა.  

Dogecoin ამა წლის იანვარში მეოთხედი ცენტიც არ ღირდა, თუმცა მასკისა და სხვების მხარდაჭერის წყალობით, მაისში მისი ღირებულება უკვე $0,74-ს შეადგენდა.

ამავე დროს, Tesla-მ მცირედით იზარალა მას შემდეგ, რაც მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის კიდევ $906,5 მლნ-ად შეფასებული აქციები გაყიდა. ნოემბერში ყველა დროის მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ, Tesla-ს ღირებულებამ უკვე 20%-ზე მეტით იკლო. მასკმა მაშინ ,,ტვიტერის’’ გამომწერებს შორის იკითხა, უნდა გაეყიდა თუ არა კომპანიაში თავისი საკუთრების 10%, რაზეც უმრავლესობამ განაცხადა: ,,დიახ’’.