საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მარტი 02, 2022

სამშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

2 მარტი, 2022

1. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აშშ-ს საფონდო ბაზარზე

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Сitigroup და რუსული ბაზრის პერიპეტიები 

4. Stellantis-ის დეკადის გეგმები

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აშშ-ს საფონდო ბაზარზე

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციამ აშშ-ს საფონდო ბირჟებზე უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის გამო შეშფოთება გამოიწვია, რასაც შემდგომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, საფონდო ბაზრის კიდევ უფრო დაცემა და საყოფაცხოვრება პროდუქტების გაძვირება მოჰყვა. 

კონფლიქტი მიწოდების შეფერხების საფრთხეს ზრდიდა, რამაც როგორც საწვავი, ისე  მარცვლეული გააძვირა. ნავთობის ფიუჩერსმა $106,78-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო 8 წლის რეკორდია. გარდა ამისა, ბენზინი - 5%-ით, მაზუთი - 8%-ით, ბუნებრივი აირი კი 3%-ით გაძვირდა. ხორბლის ფიუჩერსები 2008 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმზეა. იგი, სიმინდის მსგავსად, სავაჭრო ლიმიტს აღწევს.

ინვესტორებმა კვლავ ტრადიციულ თავშესაფრებს, ობლიგაციებს, მიაშურეს. აშშ-ს 10-წლიანი ბონდების შემოსავლიანობა 12 საბაზისო პუნქტით (BPS) შემცირდა და 1,71%-იან ნიშნულამდე ჩამოვიდა. ოქროს ფიუჩერსები ბოლო 16 თვის მაქსიმუმზეა, ვერცხლი კი 5%-ით გაძვირდა. დოლარი იაპონურ იენთან მიმართებაში დაეცა.

ყველაზე ცუდი დღე საფინანსო სექტორს დაუდგა: American Express (AXP) 8%-ით შემცირდა და Dow-ის ყველაზე წარუმატებელ აქციებს შორის აღმოჩნდა. Visa-ს (V), JPMorgan Chase-ისა (JPM) და Goldman Sachs-ის (GS) აქციები 3%-ზე მეტით დაეცა. Boeing-მა (BA) 5%-იანი დანაკარგი ნახა. იზარალა ტექნოლოგიურმა სექტორმაც - FAAMG-ის ყველა აქცია დაეცა. ამასობაში Apple-მა (AAPL) გამოაცხადა, რომ რუსეთში პროდუქციის გაყიდვას შეწყვეტს.

დღის წარმატებულ აქციებს შორის იყვნენ: Chevron (CVX) - ენერგეტიკული სექტორიდან,  Lockheed Martin (LMT) და Northrup Grumman (NOC) - თავდაცვის კონტრაქტორები, Nordstrom (JWN) - საცალო ვაჭრობის პლატფორმა. Target-მა (TGT) მოსალოდნელზე უკეთესი კვარტლური შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რის გამოც სესია აქციების ზრდით დაასრულა.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ და Nasdaq-მა აშშ-ს ლისტინგში მყოფ ზოგიერთ რუსულ კომპანიასთან სავაჭრო ურთიერთობა შეწყვიტა, რომელიც უკრაინასთან გაჩაღებული ომის გამო დაწესებული სანქციების ნაწილია. ამ კომპანიებში შედიან: Mobile TeleSystems (ტელეკომუნიკაციების ოპერატორი), Mechel PAO (ფოლადის წარმოება), Cian (უძრავი ქონება), Yandex (სამგზავრო-საძიებო სისტემა) და Ozon Holdings (ონლაინ-ტრეიდინგი). 
ელექტრომობილების კომპანია Lucid-ის (LCID) აქციები მას შემდეგ ,,ჩაიძირა’’, რაც მან მიმდინარე წლის პროგნოზებში წარმოების 40%-ით შემცირების შესახებ მიუთითა. ფირმა შემკვეთებს ადრინდელი 20,000 ერთეულის ნაცვლად 12,000-დან 14,000-მდე ავტომობილს მიაწვდის. 
ზოგიერთი ცნობით, ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) Amazon-ის მიერ MGM Studios-ს შესაძლო შესყიდვის საქმის მოსაკვლევად ემზადება. გარიგება, სავარაუდოდ, $8,5 მლრდ დაჯდება. სააგენტოს შეუძლია გადაწყვიტოს, აღძრას თუ არა საქმე უახლოეს კვირებში.
Zoom-ის (ZM) აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც ვიდეოკონფერნციების პლატფორმამ 1-ლი კვარტლისა და მთელი ფისკალური წლის იმედგამაცრუებელი პროგნოზები წარმოადგინა. გასულ კვარტალში 21%-იანი ზრდა კომპანიისთვის საჯარო დებიუტის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. ეს Zoom-ზე ზეწოლას აძლიერებს - შეუძლია კი პანდემიისდროინდელი ბუმის შემდეგ განვითარების გაგრძელება.
 

Сitigroup და რუსული ბაზრის პერიპეტიები

Citigroup-ის განცხადებით, მისი მთლიანი ექსპოზიცია რუსეთში 2021 წლის ბოლოს თითქმის $10 მლრდ-ით განისაზღვრებოდა. ეს ადრინდელ შეფასებას აღემატება და კითხვებს აჩენს, მოუწევს თუ არა ბანკს პოტენციური ზარალის დასაფარად დიდძალი სახსრების გამოყოფა. 

Citigroup-ისთვის რუსეთი ტოპ-ექსპოზიციის მქონე 25 ქვეყანას შორის 21-ე ადგილს იკავებს. იგი ამ ბაზარზე $5,4 მლრდ-ის მოცულობის სესხით, ფასიანი ქაღალდებითა და ფინანსური ვალდებულებებით არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ,,რუსეთის ბანკში’’ არსებული $1 მლრდ ქეში და $1,8 მლრდ რეპოა. რაც შეეხება დამატებით რუსულ კონტრაქტორებს, მათ შორის ექსპოზიცია $1,6 მლრდ-ს უტოლდება. 

სახსრების ნაწილი სამომხმარებლო ბანკს ეკუთვნის, რომლის გაყიდვას Citi ბოლო პერიოდში ცდილობდა. ის მოსკოვში სამი, სანკტ-პეტერბურგში კი ორი ფილიალით არის წარმოდგენილი. რუსეთისთვის ახლახან დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა სამომხმარებლო ბანკის გაყიდვა გაართულოს. 

Citigroup (С) არის ამერიკული ბანკი, რომელიც რუსეთში ყველაზე დიდი ექსპოზიციით არის წარმოდგენილი - მისი საერთო აქტივების მოცულობა $2 ტრლნ-ს აჭარბებს. ბოლო  სესიაზე მისი აქციები თითქმის 5%-ით, მიმდინარე წლის სხვაობა კი 6%-ს შეადგენს.

Stellantis-ის დეკადის გეგმები

ავტომწარმოებელმა Stellantis-მა (STLA) ახალი სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა, რომლის ამოცანა ათწლეულის ბოლოს წმინდა შემოსავლის გაორმაგება, 2038 წლისთვის კი მთლიან პროდუქციაში  ნახშირბადის გაზის ნულოვანი ემისიის მიღწევაა. მან ასევე პირველი სრულად ელექტრონული ჯიპის მოდელი წარმოადგინა. 

აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა განმარტა, რომ „Dare Forward 2030’’-ის სახელით ცნობილი პროგრამა 2030 წლისთვის გაყიდვების მოცულობის 300 მლრდ ევრომდე ($335 მლრდ) ასვლას ითვალისწინებს. საოპერაციო შემოსავლების მარჟამ ორნიშნა რიცხვს უნდა მიაღწიოს. 

გარდა ამისა, ავტომწარმოებელი ვარაუდობს, რომ 2030 წელს თავისუფალი ფულადი სახსრების (FCF) სახით 20 მლრდ ევროზე მეტს ($22 მლრდ) გამოიმუშავებს. ის ასევე მიზნად დივიდენდის გადახდის კოეფიციენტის 25%-დან 30%-მდე აწევას (2025) და მისი აქციების 5%-ის ხელახლა შესყიდვას ისახავს. 

ტავარესმა აღნიშნა, რომ დეკადის ბოლოს Stellantis-ის მიერ ევროპაში გაყიდული მანქანების 100% (აშშ - 50%) უნდა ელექტრონიზდეს. რაც შეეხება ელექტროჯიპს, იგი მომავალი წლის დასაწყისში გამოვა, ახალი Ram 1500 BEV პიკაპი კი დღის სინათლეს 2024 წელს იხილავს.