საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თებერვალი 21, 2022

პარასკევის სავაჭრო დღის მიმოხილვა

21 თებერვალი, 2022

1. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი აშშ-ს საფონდო ინდექსებს დაბლა სწევს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Ford-ის მოდელმა ელექტრომობილების რეიტინგში Tesla-ს გადაასწრო

4. კვირის კალეიდოსკოპი

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი აშშ-ს საფონდო ინდექსებს დაბლა სწევს

აშშ-ს საფონდო ბაზარმა კვირა საშუალო ვარდნით დაასრულა, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის გამწვავებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გაურკვევლობითაა გამოწვეული. თავად კვირის ბოლო სესია სამივე დიდმა ინდექსმა კლებით დაიწყო. შუადღისკენ ვარდნა მათ დროებით ზრდით გააბათილეს - S&P 500 ,,მწვანე ზონაშიც’’ კი მოექცა, თუმცა ვაჭრობის ბოლო საათებში ყველა მათგანი კვლავ შემცირდა. მომატებული ვოლატილობის გარდა, ამის მიზეზი ოფციონთა კონტრაქტებისთვის ვადის გასვლაც იყო. 

ინვესტორები კვლავ აქციებიდან ფულის გამოტანითა და ობლიგაციებში დაბანდებით იყვნენ დაკავებულნი, რაც ფასებს მაღლა სწევდა, პროცენტულ შემოსავლიანობას კი დაბლა - 10-წლიანი სახაზინო ბონდების ნიშნული 1,92%-მდე დაემცა. ამ დღეს კრიპტოვალუტების უმეტესობა მასობრივად იყიდებოდა, Bitcoin და Ether კი საგრძნობლად გაიაფდა.

Intel-ის (INTC) აქციები დაეცა მას შემდეგ, რაც ჩიპების მწარმოებელმა მოსალოდნელზე დაბალი მოგების მარჟის პროგნოზი დადო. General Electric-მა (GE) საინვესტიციო საზოგადოება წლის პირველ ნახევარში მიწოდების პრობლემების შესახებ გააფრთხილა, რის გამოც მისი აქციებიც შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა Ford (F), რომლის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი Tesla-სა და სხვა ელექტრომანქანების მწარმოებლებთან უკეთესი კონკურენციის მიზნით ელექტრომობილთა ბიზნესის გამოცალკევებას გეგმავს. თავად Tesla 2%-ით შემცირდა. S&P 500-ის დღის ყველაზე წარმატებულ აქციებს შორის საკვების მწარმოებლები Yum! Brands (YUM), Chipotle Mexican Grill (CMG) და Domino’s Pizza (DPZ) მოხვდნენ. 
ნავთობის ფიუჩერსები მცირედით გაუფასურდა, ბენზინისა კი დაახლოებით 1%-ით გამყარდა. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

Roku-ს (ROKU) აქციები თითქმის 26%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ციფრული მედიის მოწყობილობათა მწარმოებელმა 2021 წლის მე-4 კვარტლის არადამაკმაყოფილებელი მაჩვენებლები გამოაქვეყნა და, შესაბამისად, მიმდინარე კვარტლის პროგნოზებიც გააუარესა. Roku ამის მიზეზად მიწოდების დეფიციტს ასახელებს, რამაც მთლიანად აშშ-ს სატელევიზიო ბაზარი დააზარალა. 
ბრაზილიური ხორცპროდუქტების მწარმოებელი JBS მეფრინველეობის კომპანიის, Pilgrim’s Pride-ს, დანარჩენ წილს აღარ შეისყიდის. ამჟამად JBS ამ ფირმის აქციების 80%-ს ფლობს, არსებული გარიგების მიღმა კი დამატებით 20%-ზე შეთანხმების მიღწევა ვეღარ მოხერხდა. 
,,ამერიკელი გამომცემლების’’ მიერ შემდგარი ჯგუფი Digital Content Next სენატის სასამართლო კომიტეტს ორი კანონპროექტის შემუშავების თხოვნით მიმართავს, რომელთა ამოცანა ,,ტექნოლოგიური გიგანტების’’ (Big Tech) უფრო კონკურენტულ გარემოში ჩაყენება უნდა იყოს. მათგან ერთი Apple-ისა და Google-ის ეფ-სთორების წესთა გადახედვას ითვალისწინებს. 
Tesla და მისი აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის კომისიას (SEC) შევიწროებაში ადანაშაულებენ, რაც უწყების მიერ მათი საქმეების ,,დაუსრულებელ და დაუნდობელ ქექვაში’’ გამოიხატება. კომპანიის ოფიციალური პოზიციით, ეს მასკის მიერ მთავრობის დაუფარავ კრიტიკას უკავშირდება. ამის შესახებ წერილი იმავე მოსამართლეს გაეგზავნა, რომელიც 2018 წელს მასკის ,,ტვიტისა’’ და მასში გამოთქმული Tesla-ს სავარაუდო გაყიდვის საქმეს იძიებდა. კომპანია ჩივის, რომ SEC-ს სასამართლო შეთანხმების შედეგად დაკისრებული $40-მილიონიანი ჯარიმა არ გადაუხდია. 
აშშ-ს ეროვნული საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (NHTSA) Tesla-ს მანქანებთან დაკავშირებით კიდევ ერთ გამოძიებას იწყებს: საუბარია 416,000 ერთეულზე, რომელთა უჩვეულო, ,,ფანტომურ’’ სამუხრუჭე სისტემათა შესახებ მომხმარებლებმა უწყებას მრავალი რეპორტით მიმართეს. ეს უახლესი საქმეა მათ შორის, რომლებიც Tesla-ს მანქანათა შიდა სისტემის შესწავლას შეეხება. 
 

Ford-ის მოდელმა ელექტრომობილების რეიტინგში Tesla-ს გადაასწრო

Ford Mustang Mach-E-ს ავტომობილმა Сonsumer Reports-ის რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. ეს უკანასკნელი მონაცემთა დათვლისას ისეთ ფაქტორებს ითვალისწინებს, როგორიც, მაგ. გზებზე ტესტირება, პროგნოზირებადი საიმედოობა, მფლობელის კმაყოფილება და უსაფრთხოებაა. ბოლო 2 წლის მანძილზე რეიტინგში ლიდერობას Tesla-ს Model 3 არავის უთმობდა, წელს კი იგი მას Ford-ის მანქანამ ჩამოართვა. 

Сonsumer Reports-ის მიხედვით, Mustang Mach-E ნაკლებად ხმაურიანია და უფრო მობილურია, ვიდრე Model 3, მისი გასართობი სისტემით სარგებლობა კი ,,ბევრად მარტივია’’. მფლობელთა შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მისი საიმედოობაც სხვა მანქანებთან შედარებით მაღალია. 

Tesla მთლიანობაში 7 ქულით 23-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა (სულ რეიტინგი 32 დიდ საავტომობილო ბრენდს მოიცავს). ტოპ-ფირმებს შორის უმეტესად იაპონურ ავტომწარმოებლებს ვხვდებით. მათ შორის ყველაზე წინაა Subaru, რომელსაც Mazda, BMW, Honda და Lexus მოჰყვებიან. რაც შეეხება სიის ბოლო ადგილებს, მათ Mitsubishi, GMC და Jeep ინაწილებენ.

კვირის კალეიდოსკოპი

რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ აშშ-ს საფონდო ბაზარზე ვოლატილობის ზრდას ხელი შეუწყო. აშშ-ს სენატმა ხუთშაბათს მოკლევადიანი სახარჯო კანონპროექტი მიიღო, თუმცა ამ ყველაფერს ე.წ. ,,Government shutdown’’-ის (მოვლენა, როდესაც კონგრესი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ფისკალური წლისა თუ დროებითი ფინანსური ღონისძიების ფარგლებში სახსრების გამოყოფაზე შეთანხმებას ვერ აღწევს - რედ.) საფრთხის გარეშე არ ჩაუვლია, აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკის თავმჯდომარის პოსტზე კი კენჭისყრა ჩავარდა და ჯერომ პაუელი მოვალეობათა დროებით შესრულებას კვლავ განაგრძობს - ასეთი იყო გასული ბიზნეს-კვირის შეჯამება, წინ კი ახალი კვირა ახალი დრაივერებით მოდის. 

ვოლატილობა, დიდი ალბათობით, აშშ-ს საფონდო ბაზრისთვის დამახასიათებელი ნიშანი ამ მონაკვეთშიც იქნება, რომელიც ,,პრეზიდენტთა დღის’’ გამო (21 თებერვალი) შედარებით მოკლეა. ინვესტორები ისეთ მონაცემთა გამოქვეყნების მოლოდინში არიან ელოდებიან, როგორებიცაა შემსყიდველ მენეჯერთა ინდექსი (PMI), მომხმარებელთა ნდობის ინდექსი (ССI) და სამომხმარებლო განწყობის ინდექსი (СSI). პირველ ორ  მათგანს საინვესტიციო საზოგადოება სამშაბათს, მესამეს კი პარასკევს გაეცნობა. აღსანიშნავია, რომ СSI ბოლოს დეკადის მინიმუმამდე ჩამოვიდა (61,7), რაც მომძლავრებულმა ინფლაციამ განაპირობა.