საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თებერვალი 18, 2022

ოთხშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

18 თებერვალი, 2022

1. აშშ-ს საფონდო ინდექსები ისევ შემცირდა

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Google-ის ახალი წესდება

4. DoorDash-ის აღზევება

აშშ-ს საფონდო ინდექსები ისევ შემცირდა

აშშ-ს საფონდო ბაზარი კვლავ ,,ჩაიძირა’’, ვინაიდან ინვესტორებმა აქციებიდან ფული გამოიტანეს და შედარებით სტაბილურ აქტივებზე (მაგ. ობლიგაციები) დარჩენა ამჯობინეს, ეს კი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ხელახალი ესკალაციითა და მის გარშემო ურთიერთგამომრიცხავი ცნობების გავრცელებით არის გამოწვეული. 

სელ-ოფი (აქციების მასობრივი გაყიდვა) დილიდანვე დაიწყო და სავაჭრო სესიის ბოლო საათში დაჩქარდა. განსაკუთრებით იზარალა ტექნოლოგიურმა სექტორმა: FAAMG-ის ყველა აქცია 2%-ზე მეტით დაეცა, Meta Platforms-მა (FB) კი 4%-იანი დანაკარგი ნახა. Dow-ის 30 კომპანიიდან 25-ის აქციები შემცირდა, მათ შორის კი Salesforce (CRM) გამოირჩა, რომლის ვარდნამ 5,5% შეადგინა. Caterpillar (CAT) - 4%-ით, Goldman Sachs (GS), IBM (IBM) და 3M (MMM) კი 3-3%-ით დაეცა. 

ობლიგაციების ფასმა მოიმატა, შემოსავლიანობა კი დაეცა (10-წლიანი სახაზინო ბონდების განაკვეთი - 1,96%). ოქროს ფიუჩერსები ივნისის შემდეგ რეკორდულად გაძვირდა. შვეიცარიული ფრანკი, ბრიტანული ფუნტი და იაპონური იენი, რომლებიც ,,თავშესაფრის ვალუტებად’’ ითვლება, დოლართან მიმართებით გამყარდა. 

ხორბლის ფასმა 2%-ით მოიმატა, ვინაიდან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის მთავარი ექსპორტიორები არიან და მათ შორის საომარი მოქმედებების ნებისმიერი სახით დაწყება მიწოდებაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ კრიპტოვალუტების მასობრივი გაყიდვა განაპირობა, ვინაიდან ისინი უფრო სარისკო ინვესტიციებად ითვლება.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

Nvidia-ს კვარტლური გაყიდვებისა და მოგების მაჩვენებელმა ანალიტიკოსთა მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიის მიმდინარე კვარტლის პროგნოზებიც ასევე გაუმჯობესდა. ჩიპების მწარმოებელმა თავისი ონლაინ-თამაშების, მონაცემთა ცენტრისა და პროფესიული ვიზუალიზაციის ბიზნესებში რეკორდული შემოსავალი ნახა. 
Сisco-ს (СSCO) აქციები 3%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ქსელური კავშირგაბმულობის კომპანიამ სოლიდური კვარტლური მოგება დააფიქსირა და მიმდინარე ფისკალური მონაკვეთის პროგნოზები გაიუმჯობესა. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ Сisco მონაცემთა ანალიზის ფირმა Splunk-ის შესასყიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს. 
Amazon და Visa საკრედიტო ბარათებზე მიბმულ სახელფასო საკითხებზე დავობენ - Amazon ცდილობს, Visa ანაზღაურების შემცირებაზე დაითანხმოს, რათა გარიგების თანახმად დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა მომხმარებლებმა Visa-ს ბარათებით მისი პროდუქციის შეძენა შეძლონ. გარდა ამისა, Amazon-ს სურს, რომ ამ გზით ზოგიერთ ქვეყანაში არსებული დამატებით გადასახადი გაუუქმდეს. 
აქტივისტმა ჰეჯ-ფონდმა Alta Fox Capital Management-მა Hasbro-ს ბორდში ხმის მიცემის პროცესის გასაკონტროლებლად ბრძოლა დაიწყო. Alta-ს ბორდში რამდენიმე დირექტორის დამატება სურს, თავად კი სათამაშოების მწარმოებლის კორპორატიულ გაყოფას მხარს უჭერს - ასეთ შემთხვევაში, ამ უკანასკნელს სწრაფად მზარდი ონლაინ-თამაშების (Dungeons & Dragons) ბიზნესი განეყოფა.

Google-ის ახალი წესდება

Alphabet-ის საკუთრებაში მყოფი Google კონფიდენციალურობის ახლებური წესების შემოღებას გეგმავს. მსგავსი იდეა აქამდე Apple-ს აქვს გაჟღერებული, რომელსაც თავის ,,ანდროიდის’’ მოწყობილობებზე აპლიკაციების მეშვეობით თვალყურის დევნების, ე.წ. ტრეკინგის აღკვეთა სურს. 

სარეკლამო შემოსავალზე დამოკიდებული კომპანიებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ Google ტრეკინგის ახლანდელ ტექნოლოგიას მინიმუმ კიდევ ორი წლის მანძილზე შეინარჩუნებს. Google-მა განაცხადა, რომ ,,ამ სისტემის გაუქმების არსებითი სიგნალი ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდება’’.  

მიუხედავად ამისა, საძიებო პლატფორმა ხაზს უსვამს, რომ სარეკლამო ID-ების ალგორითმები მათი კონფიდენციალურობის გაზრდის მიზნით დაიხვეწება. Apple-ის მსგავსმა ნაბიჯმა ციფრული რეკლამირების ბიზნესს სერიოზული დარტყმა მიაყენა და Meta Platforms-ს (FB) მილიარდობით დოლარი დააკარგვინა. 

ამ უკანასკნელმა თავის დროზე პირდაპირ მიუთითა, რომ Apple-ის მიერ მიღებული ცვლილებები მისი წლევანდელი გაყიდვების მოცულობას დაახლოებით $10 მლრდ-ით შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ Apple-ის მიერ მიღებულ ზომებთან ბრძოლის მიუხედავად, Facebook-მა Google-ის პოლიტიკას მხარდაჭერა გამოუცხადა და მას ,,გრძელვადიანი და თანამშრომლობითი’’ უწოდა. 

Google-ისთვის კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე ორიენტირებას მეორე მხარეც აქვს: ეს მას სახელმწიფო რეგულირების ორგანოებთან პრობლემების შექმნისგან თავის არიდებაში დაეხმარება. უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო მოსალოდნელია, რომ აშშ-ში არსებული ფედერალური საკანონმდებლო ბაზა პერსონალური მონაცემების გამოყენების კუთხით რიგ ცვლილებებს განიცდის.  

DoorDash-ის აღზევება

DoorDash-მა (DASH) 2021 წელს შემოსავლების მხრივ პანდემიური პერიოდის რეკორდი დაამყარა: 2020 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 70%-ით გაიზარდა და თითქმის $5 მლრდ-ს მიაღწია. ბოლო ფისკალურ კვარტალში იგი $1,3 მლრდ-ით განისაზღვრა, რაც წინა წლის ამავე მონაკვეთში არსებულ შემოსავალს 34%-ით აღემატება. ჩინებული კვარტლური შედეგების გამოქვეყნებას მისი აქციების ,,ცაში აჭრა’’ მოჰყვა. 

ადგილზე მიტანის სერვისმა, რომელიც პანდემიისდროინდელი ,,დარჩი სახლშის’’ ტენდენციის ერთ-ერთი ყველაზე დიდ ბენეფიციარს წარმოადგენდა, გასული წლის ბოლოს შეკვეთების დიდი რიცხვი და ახალი მომხმარებლები წარმოადგინა. DoorDash-ის მონაგარმა დაახლოებით 370 მლნ შეკვეთა მოიცვა, ანალიტიკოსები კი 360 მლნ-ს ვარაუდობდნენ. 

კომპანიამ სახლში მიტანის სერვისებზე მზარდი მოთხოვნით ისარგებლა, რა დროის მანძილზეც იგი მომხმარებლებს ყვავილებს, შინაური ცხოველების საკვებს, ალკოჰოლსა და სასურსათო პროდუქტებს აწვდიდა. DoorDash-მა ამ ასევე ლოჯისტიკური ტიპის პარტნიორული შეთანხმება გააფორმა ისეთ საცალო ვაჭრობის პლატფორმებთან, როგორებიცაა Walmart და Macy's - მისთვის განკუთვნილი შეკვეთები მათ ვებ-გვერდებზე თავსდება.  

აღსანიშნავია, რომ DoorDash კვლავ ,,წითელ ზონაში’’ იმყოფება, ვინაიდან მისი ზარალი მე-4 კვარტალში $155 მლნ-ს ითვლის, თუმცა ეს 2020 წლის მაჩვენებელზე ($312 მლნ) გაცილებით ნაკლებია. კომპანიის საჯარო დებიუტი 2020 წლის დეკემბერში შედგა, რომლის საწყის ნიშნულთან მიმართებით აქციების ვარდნა ამჟამად 50%-ს შეადგენს.