საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თებერვალი 11, 2022

ხუთშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

11 თებერვალი, 2022

1. ინფლაციის სიმძლავრე აშშ-ს საფონდო ბაზარზე უარყოფითად მოქმედებს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Microsoft-ის ეფ-სთორის ახალი წესდება

4. კლიმატური ცვლილებებისა და გახშირებული წვიმების ეკონომიკური ეფექტი

ინფლაციის სიმძლავრე აშშ-ს საფონდო ბაზარზე უარყოფითად მოქმედებს

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო იუწყება, რომ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად ძლიერდება, რაც ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ პროცენტული განაკვეთების აწევის შანსებს კიდევ უფრო ზრდის და, აქედან გამომდინარე, ინვესტორთა მღელვარებას იწვევს. სამომხმარებლო ფასების ინდექსი (СPI) დეკემბრიდან იანვრის თვემდე 0,6%-ით, წლიურად კი 7,5%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 40 წლის ისტორიული მაქსიმუმია. ეს ყველაფერი საფონდო ინდექსების დინამიკაზე უარყოფითად აისახა: Nasdaq 2%-ით, S&P 500 - 1,8%-ით, Dow კი 1,5%-ით შემცირდა. 

ბოლო სიახლეებს სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა მოჰყვა, ვინაიდან მძლავრი ინფლაცია პროცენტული განაკვეთების აწევის შესახებ ცენტრალური ბანკის პოზიციებს ამყარებს. იგი ამჟამად 2%-ს უტოლდება. 

ტექნოლოგიური სექტორი განსაკუთრებით დაზარალდა. Microsoft-მა (MSFT), რომელსაც Dow-ს აქციებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელი დღე ჰქონდა, 2,9%-ით იკლო. Adobe-ს (ADBE) სააქციო ფასი თითქმის 5%-ით დაეცა. 

S&P 500-ის კომპანიებს შორის ყველაზე კარგი შედეგი Disney-ს (DIS) ჰქონდა, რომელიც კარგი კვარტლური მონაცემებით გამოირჩა (იხ. ქვემოთ). Сoca-Cola-ს (KO) ასევე წარმატებული დღე გამოუვიდა, ვინაიდან მისმა კორპორატიულმა ციფრებმა ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადააჭარბა. 

ნავთობი გაძვირდა - ტეხასური WTI-ის 1 ბარელის ფასი $90-ს აღწევს. შედეგად, ენერგოსექტორის კომპანიების - Diamondback Energy-ისა (FANG) და Occidental Petroleum-ის (OXY) - აქციები გაიზარდა. 

Bitcoin 1,7%-ით გაიაფდა და ამჟამად $43,700-ს უტოლდება. ანალოგიურად იკლო Ether-ის, Solana-სა და სხვა მსხვილი კრიპტოვალუტების ფასმაც. 

 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • Disney-ის (DIS) აქციები იზრდება მას შემდეგ, რაც მედიაგიგანტმა თავისი მე-4 კვარტლის შედეგებში სტრიმინგ-პლატფორმის 12 მლნ-მდე ახალი გამომწერი და თემატური პარკებისგან მიღებული რეკორდული სარგებელი აღრიცხა. კომპანიამ ანალიტიკოსთა პროგნოზები როგორც შემოსავლების, ისე წმინდა მოგების მხრივ გააუმჯობესა.
  • Credit Suisse Group-მა მე-4 კვარტალში ნანახი წმინდა ზარალის მოსალოდნელზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც მისი მთავარი კლიენტების, Greensill Capital-ისა და Archegos Capital Management-ის კოლაფსით განპირობებულმა იურიდიულმა ხარჯებმა გამოიწვია. შვეიცარიული ბანკის განცხადებით, 2022 წელი მისთვის ,,გარდამავალი’’ კატეგორიისა იქნება.
  • Mattel-ის (MAT) აქციებმა წინასაბაზრო ტრეიდინგის პერიოდში 10%-ით მოიმატა, რაც შემოსავლებისა და მოგების პროგნოზთა გადაჭარბებით შესრულებამ განაპირობა. სათამაშოების მწარმოებელმა მიმდინარე კვარტლის პერსპექტივაც გააუმჯობესა.
  • Wells Fargo-მ თანამშრომლებს შეატყობინა, რომ საოფისე რეჟიმში მუშაობაზე დაბრუნებას 14 მარტისთვის გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ბანკმა ეს თარიღი გართულებული ეპიდსიტუაციის გამო წარსულში სამჯერ შეცვალა.
  • თეთრი სახლი შტატებს ელექტრომანქანების დამტენი სადგურების გასამართად $5 მლრდ-ს გამოუყოფს. ამ გეგმის მიხედვით, პრიორიტეტი შტატთაშორის მაგისტრალებს და სწრაფი დამუხტვის პანელებს მიენიჭება.
  • McDonald’s-მა ,,მეტავერსში’’ ვირტუალური რესტორნის შესაქმნელად სავაჭრო ნიშნის თაობაზე განაცხადი შეავსო. აქამდე მსგავსი ტიპის შეთავაზებით ყოფილ Facebook-ს კიდევ Walmart-მა, Panera Bread-მა და Nike-მა მიმართეს. 

 

Microsoft-ის ეფ-სთორის ახალი წესდება

Microsoft-მა თავისი ეფ-სთორის პრინციპების განახლებული კრებული გამოაქვეყნა: დეველოპერებს, რომლებსაც აქამდე კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტები ჰქონდათ დადგენილი, აპლიკაციაზე წვდომის გზა გაუმარტივდებათ. ამ ნაბიჯს წინ კომპანიის მიერ სამთავრობო ნებართვის მოპოვება უძღოდა, რომლის თანახმად Activision Blizzard-ის $68,7 მლრდ-ად შეძენა შესაძლებელი გახდა. 

Microsoft-ის ერთ-ერთი ახალი პრინციპი დეველოპერებს საშუალებას აძლევს, გადახდის პროცესორი სურვილისამებრ შეარჩიონ. ეს დამატებითი წნეხია Apple-სთვის, რომელსაც ასეთივე საკითხზე Epic Games ედავება და ანტიკონკურენტულ ქცევაში ამხელს.  

პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი აცხადებს, რომ განახლებული წესდება მისი Windows-ის ოპერატიულ სისტემას, Xbox-ის გეიმინგ-კონსოლსა და მის კუთვნილებაში სამომავლოდ არსებულ ნებისმიერ ეფ-სთორს შეეხება. კომპანიის ბლოგ-პოსტში აღნიშნულია, რომ ეფ-სთორის ამჟამინდელი წესები აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მიღებული ანტიტრესტულ კანონმდებლობათა მოდელს ეფუძნება.  

Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენის საქმეს აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) განიხილავს. ეს უკანასკნელი ისეთი თამაშების გამოშვებითაა ცნობილი, როგორებიცაა ,,Call of Duty’’, ,,Candy Crush’’ და ,,World of Warcraft’’.

 

კლიმატური ცვლილებებისა და გახშირებული წვიმების ეკონომიკური ეფექტი

კლიმატური გავლენების პოტსდამის კვლევითი ინსტიტუტი (PIK) ახალ ციფრებს აქვეყნებს, რომლებიც ადასტურებს, რომ ჰავის ცვლილებებით გამოწვეული უხვნალექიანობა და წყალდიდობების სიმრავლე გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. კვლევა, რომელიც გასულ 40 წელიწადს მოიცავს და 1,500-ზე მეტ გეოგრაფიულ რეგიონს აერთიანებს, ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში (აშშ, გერმანია, იაპონია) ამ ეფექტის განსაკუთრებულ სიმძაფრეზე მიუთითებს.     

წვიმების გახშირება ატმოსფეროში სათბური გაზების რაოდენობის მატებას უკავშირდება, რაც ჰაერის საშუალო ტემპერატურის ზრდას განაპირობებს. ჰაერის გათბობა, თავის მხრივ, წყლის ინტენსიური ცირკულაციასა და აორთქლების პროცესს ხელს უწყობს, რაც ავდრიანი ამინდების მომრავლებას იწვევს. 

კვლევის მესვეური ლეონი ვენცი ამბობს, რომ ,,ეს ადამიანების შრომისუნარიანობასა და კეთილდღეობას უშუალოდ ეხება’’. მისი პოზიციის მიხედვით, კვლევა კლიმატურ ცვლილებათა არსის სათანადოდ გააზრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თანაავტორი ანდერს ლივერმანი კი დასძენს, რომ ყოველდღიურ ნალექებსა და ეკონომიკურ პროცესებს შორის არსებული კორელაცია ფართო აუდიტორიისთვის ამიერიდან თვალსაჩინო უნდა გახდეს.