საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დეკემბერი 20, 2021

პარასკევის სავაჭრო დღის მიმოხილვა

17 დეკემბერი, 2021

1. ნიუ-იორკის საფონდო ინდექსებმა კვირა ,,მინუსებში დაასრულეს’’ 

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. 2021 - IPO-ების წელი

4. კვირის კალეიდოსკოპი

ნიუ-იორკის საფონდო ინდექსებმა კვირა ,,მინუსებში დაასრულეს’’ 

აშშ-ს საფონდო ბაზრის ბოლო სავაჭრო დღე არასტაბილურობითა და რყევებით აღინიშნა, რომელსაც ფონად ფედერალური სარეზერვო ბანკის ხისტი მონეტარული სტრატეგია და ,,ომიკრონის’’ გავრცელებით გამოწვეული მღელვარება გასდევდა. გარდა ამისა, წლის ბოლო თვის მესამე პარასკევისთვის მრავალ კონტრაქტს უკვე ვადა ეწურება, რაც ნიშნავს, რომ გადამწყვეტი მოქმედებების დროა. სამივე საფონდო ინდექსი შემცირდა, მათ შორის, Dow - 500 ქულით, S&P 500 კი - 1%-ით. 

Dow-ზე წარმოდგენილი 30 კომპანიიდან 5-ის გარდა ყველას აქციები დაეცა. Goldman Sachs (GS) 4%-ით შემცირდა. მისი ბედი სხვა ფინანსურმა ფირმებაც გაიზიარეს. სამაგიეროდ, გაიზარდა FedEx, რომელმაც კარგი კვარტლური ციფრები გამოაქვეყნა (იხ. ქვემოთ). ამასობაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ სამხრეთ აფრიკაში აფეთქებული ,,ომიკრონის’’ შტამის შემთხვევათა რიცხვმა პიკს უკვე მიაღწია, რამაც სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებულ კომპანიებს ახალი ,,სიცოცხლე შთაბერა’’. S&P 500-ის აქციებს Cerner-მა (CERN) ულიდერა, მასთან ასოცირებულ Oracle-ს კი, პირიქით, ყველაზე ცუდი დღე ჰქონდა (იხ. ქვემოთ). 

ნავთობის ფიუჩერსები გაიაფდა და ბარელზე $71-იან ნიშნულს ჩამოსცდა. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა ბოლო 2 კვირის მინიმუმზეა, კრიპტოვალუტების უმეტესობა კი გაუფასურდა. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • СDC-ის რეკომენდაციით, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მოხმარება Johnson & Johnson-ისასთან შედარებით უფრო მიზანშეწონილია. ეს უკანასკნელი იშვიათ, თუმცა სერიოზულ თრომბულ გართულებებს იწვევს - სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი J&J-ის ვაქცინით აცრილ ხალხში იმაზე მაღალია, ვიდრე ეს ადრე მიიჩნეოდა. 

  • Wall Street Journal-ის თანახმად, Oracle მოლაპარაკებებს Сerner-ის შესყიდვის თაობაზე აწარმოებს, რაც მას დაახლ. $30 მლრდ დაუჯდება. გარიგების განხორციელების შემთხვევაში, სამედიცინო ისტორიის ელექტრონული კომპანია Oracle-ის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება. 

  • Rivian-ის (RIVN) აქციები პარასკევს დაეცა, ვინაიდან კომპანიამ 2021 წელს ელექტრომობილების წარმოების პროგნოზები შეამცირა. თავის პირველ კვარტლურ ანგარიშში (მისი საჯარო დებიუტი ნოემბერში შედგა) კომპანიამ განაცხადა, რომ ელექტრომანქანების გამოშვების წინანდელი სავარაუდო მოცულობა (1,200) ამდენიმე ასეული ერთეულით შემცირდება. გარდა ამისა, ფირმამ ჯორჯიას შტატში $5-მილიარდიანი ქარხნის აშენების გეგმაც დააანონსა. 

  • FedEx-ის (FDX) აქციები პარასკევს 6%-ით გაიზარდა, რაც მისი კვარტლური მონაცემების გამოქვეყნებამ განაპირობა: შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლით მან ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადაუსწრო. FedEx-მა ასევე ინვესტორებს აქციების უკუშესყიდვის (buyback) $5-მილიარდი პროგრამა გააცნო და თავის პირვანდელ 2022 წლის პროგნოზებს დაუბრუნდა, რომელთა მოცულობა მან სექტემბერში შეამცირა. 

2021 - IPO-ების წელი

2021 IPO-ებისთვის რეკორდული წელია - Renaissance Capital-ის თანახმად, ამ პერიოდში 399 პირველადი საჯარო შეთავაზება გაკეთდა, რამაც ჯამურად $142 მლრდ-ის კაპიტალი მოიზიდა. IPO-ებისთვის ასეთი მოვლენებით დატვირთული და თანხობრივად უხვი წელიწადი 21-ე საუკუნეში ჯერ არ ყოფილა.  

თუკი Renaissance-ს ვერწმუნებით, აქედან 27 შეთავაზება $1 მლრდ-ზე მეტი ღირებულებისაა. მათ ელექტრომობილების მწარმოებელი Rivian ლიდერობს, რომლის IPO-მ $12 მლრდ მოიტანა. ეს ყველაზე დიდი ციფრია, რომელიც Alibaba-ს საჯარო დებიუტის (2014) შემდეგ დაფიქსირებულა. 

რეკორდული იყო ე.წ. SPAC-IPO-ების რაოდენობაც. SPAC, ანუ სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანია, (special purpose acquisition company) საჯარო დებიუტის მსურველი კერძო ფირმისთვის კორპორატიული გაერთიანებისა და, ამგვარად, საფონდო ლისტინგის კრიტერიუმების დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს. SPAC-ებთან დადებული გარიგებების რიცხვმა წელს 604-ს მიაღწია, რომელთა მოზიდულმა კაპიტალმა ჯამში $143 მლრდ შეადგინა. ასევე აღსანიშნავია ,,პირდაპირი ლისტინგის’’ 6 შემთხვევა, როდესაც კომპანიებს ანდერრაიტერის სერვისით არ უსარგებლიათ. 

Renaissance აღნიშნავს, რომ საფონდო ლისტინგის დებიუტანტთა უმრავლესობისთვის ვაჭრობის პირველი დღე უარყოფითი ბალანსით დასრულდა. ეს მათ ინერტულ საბაზრო აქტივობაზე მიუთითებს, რის სტაბილიზაციასაც Renaissance გაისად ელოდება - ამ პერიოდში, სავარაუდოდ, შეთავაზებების მზარდი ტალღა უფრო ფრთხილი და ჩაკეტილი ბაზრის წინაშე აღმოჩნდება. 

კვირის კალეიდოსკოპი

მიმდინარე სამუშაო კვირა შედარებით ხანმოკლეა, ვინაიდან პარასკევს ბაზრები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ისვენებენ. მანამდე ინვესტორები ბინების გაყიდვის, ხანგრძლივად გამოყენებად პროდუქტებზე არსებული შეკვეთებისა და პერსონალური მოხმარების ნაშთის (PCE) ანგარიშთა მოლოდინში არიან. გარდა ამისა, მიჩიგანის უნივერსიტეტი დეკემბრის თვის სამომხმარებლო განწყობის ინდექსის მონაცემებს გამოაქვეყნებს, რომლის კვლევა წელს ბოლოჯერ ჩატარდება. წინა თვეში ინდექსმა ბევრისთვის გასაკვირად მომხმარებელთა მზარდი ოპტიმიზმი აჩვენა, თუმცა იგი ჯერ კიდევ ათწლეულის მინიმალურ ნიშნულზეა. 

ამ კვირაში Nike თავის კვარტლურ მონაცემებს გამოაქვეყნებს - სპორტული ტანსაცმლისა და ინვენტარის ფირმა შემოსავლების შემცირებას ელოდება, ვინაიდან კორონავირუსის ახალი კერების გაჩენას ვიეტნამსა და ინდონეზიაში მისი ქარხნების დახურვა მოჰყვა. მეორე მხრივ, წინა კვარტალში Nike-მა ანალიტიკოსთა პროგნოზები გააუმჯობესა, ვინაიდან სამომხმარებლო მოთხოვნა კვლავ მაღალი იყო, ციფრული გაყიდვების რიცხვი კი გაიზარდა. 

ხუთშაბათს აშშ-ს აღწერის ბიურო ნოემბრის თვეში არსებული ბინების გაყიდვათა მონაცემებს წარმოადგენს. წინასწარი შეფასებებით, წლიური მაჩვენებელი 767,000 ერთეულამდე გაიზრდება. ოქტომბერში ეკონომისტთა პროგნოზებმა გაამართლა - ნაავარაუდევი 800,000-ის ნაცვლად, ოდენ 745,000 გაყიდული საცხოვრებელი მივიღეთ. 

ეკონომიკური ანალიზის ბიურო (BEA) ხუთშაბათს პერსონალური დანახარჯისა და შემოსავლების მონაცემებს გამოაქვეყნებს, მასთან ერთად კი პერსონალური მოხმარების ნაშთის ინდექსისა და ხანგრძლივად მოხმარებად პროდუქტებზე არსებულ შეკვეთათა ანგარიშს, რომელიც ნოემბრის თვის სურათს წარმოგვიდგენს. ოქტომბერში ინდექსი 0,6%-ით გაიზარდა, რაც აპრილის მერე ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო.