საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოთხშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

15 დეკემბერი, 2021

1. აშშ-ს ცენტრალური ბანკი აგრესიულ ფინანსურ პოლიტიკაზე გადადის

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები 

3. ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ნელდება

4. მსოფლიო ვალის რეკორდული რიცხვი

აშშ-ს ცენტრალური ბანკი აგრესიულ ფინანსურ პოლიტიკაზე გადადის

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო ხისტ ნაბიჯებს აანონსებს - თავმჯდომარე ჯეი პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ობლიგაციების ყოველთვიური შესყიდვის პროგრამის მოცულობა უფრო მკვეთრად შემცირდება, პროცენტული განაკვეთები კი მომავალი წლიდან გასამმაგდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საფონდო ბაზარი, რომელიც ვერდიქტის გამოცხადებამდე მოლოდინის რეჟიმში იყო და ვარდნის ნიშნებს ავლენდა, გაიზარდა, ვინაიდან ამან ცენტრალური ბანკის სამომავლო პოლიტიკის ირგვლივ გაურკვევლობას წერტილი დაუსვა. 

ტექნოლოგიური სექტორის კომპანიებმა მოგებები დაიბევეს: Apple-ის (AAPL) აქციები დაახლ. 2%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიუახლოვდა. FAAMG-ის ყველა სხვა აქციების ფასმა ასევე მოიმატა. AMD-ის (AMD) აქციები 8%-ით ,,გადახტა’’, Tesla (TSLA) კი თითქმის 2%-ით გაიზარდა. Cisco Systems (CSCO) Dow-ს ინდექსის ყველაზე წარმატებული აქცია გამოდგა. 

S&P 500-ს ფარმაცევტული ფირმა Eli Lilly-ის (LLY) ჩაუდგა სათავეში მას შემდეგ, რაც მან თავის ფისკალური პროგნოზებში ფსონი გაზარდა. იხეირეს სხვა წამლების მწარმოებლებმაც, მათ შორის, Pfizer-მა (PFE) და Amgen-მა (AMGN). 

ნავთობის ფიუჩერსებმა ადრინდელი დანაკარგები გააბათილეს. შედეგად, ,,შავი ოქრო’’ 1%-ით გაძვირდა. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 1,46%-მდე მოიმატა. ძირითადი კრიპტოვალუტების ღირებულება გაიზარდა: Bitcoin - 1%-ზე მეტით, Ether კი - 5%-ით.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა ქვეყნის ,,სასესხო ჭერის’’ გაზრდას მხარს უჭერს, რათა თავიდან აცილებულ იქნას შესაძლო დეფოლტი. ჯერი აშშ-ს პრეზიდენტზეა - დაამტკიცებს თუ არა იგი ამ ცვლილებას. ვალის ლიმიტის $2,5 ტრლნ-ით გაზრდა იმის ნიშანია, რომ ეს საკითხი დროებით მოგვარდა და მისი წამოწევა გაისად, ფედერალური არჩევნების დროისთვის არის მოსალოდნელი. 
ზოგიერთი ცნობით, Google თავის თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ ვაქცინაციის პირობები სრულად დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მან შესაძლოა ხელფასის დაქვითვისა და სამსახურიდან გათავისუფლების ვარიანტიც კი განიხილოს. კომპანიის პოზიციის მიხედვით, თანამშრომლებმა თავიანთი ვაქცინირებულობის სტატუსი და შესაბამისი დოკუმენტები (მაგ. აცრის არგაკეთების სამედიცინო, ან რელიგიური შეხედულებით განპირობებული მიზეზი) მტკიცებულების სახით უნდა წარმოადგინონ. 
საცალო ვაჭრობის ფირმა Neiman Marcus სამ ცალკეულ ბიზნესად განყოფის გეგმას განიხილავს, რომელთა ფარგლებშიც მისი ვებ-საიტი და როგორც თავისი, ისე Bergdorf Goodman-ის მაღაზიები მოიაზრება.    
JPMorgan Chase-მა მანჰეტენზე არავაქცინირებულთა სამუშაო ჯგუფს სახლიდან მუშაობის ინსტრუქტაჟი ჩაუტარა. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბანკები და საფინანსო ფირმები ,,ომიკრონის’’ გავრცელებასა და კორონავირუსის შემთხვევათა ზრდასთან დაკავშირებით პროტოკოლს ამკაცრებენ. საინვესტიციო ბანკი ასევე აუცრელ თანამშრომლებს ვაქცინირებისკენ მოუწოდებს, შესაძლებლობის შემთხვევაში კი - დამატებითი დოზის მიღებისკენ. 
ამერიკული სამშენებლო კომპანია Lennar მე-4 კვარტალში მოგების პროგნოზებს ზრდის, რაც იპოთეკური სესხების პირობების გამარტივებით არის გამოწვეული. ინვესტორები ამჟამად Lennar-ის მთლიანი წლის პროგნოზსა და მის ოპერაციებზე ,,ომიკრონის’’ გავრცელებისგან არსებულ ზეგავლენას დააკვირდებიან. 

ჩინეთის ეკონომიკის ზრდა ნელდება

მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა ზრდის ტემპის შენელების ნიშნებს ავლენს: ნოემბრის თვეში ჩინეთში საცალო გაყიდვების მოცულობა მხოლოდ 3,9%-ით გაიზარდა, რაც ოქტომბრის მაჩვენებელზე (4,9%) და ეკონომისტების პროგნოზებზე ბევრად ნაკლებია - ეს უკანასკნელნი 4,6%-ს ელოდნენ. 

ზეწოლას განიცდის ადგილობრივი უძრავი ქონების ბაზარიც, რადგან მთავრობა ცდილობს, დეველოპერთა სესხებზე დამოკიდებულება აღკვეთოს. უძრავი ქონების სექტორი და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიები ჩინეთის ეკონომიკის თითქმის მესამედს შეადგენს. ახალი სახლების ფასები აქ ნოემბერში 0,3%-ით დაეცა, რაც 2015 წლის თებერვლის შემდეგ თვიური ვარდნის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 

Covid-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებულმა გადაადგილების შეზღუდვებმა ტურიზმისა და სხვა ბიზნესის აქტივობა შეამცირა, სამომხმარებლო ხარჯებმა კი იკლო. 

ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკაში დიდი ფინანსური ინექციისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. გასულ კვირას ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) კომერციული ბანკების უმეტესობას სარეზერვო მოთხოვნის კოეფიციენტი შეუმცირა, რამაც სესხებისთვის მეტი ფულადი სახსრების წილი გამოათავისუფლა. მიუხედავად ამისა, ეკონომისტები ამბობენ, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი სტიმულისთვის მეტი იყოს საჭირო, როგორიც, მაგალითად, სარეზერვო მოთხოვნების კიდევ უფრო შემცირება ან პროცენტული განაკვეთების შეკვეცაა.

$226 ტრლნ

სანამ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო ბანკი ინფლაციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღებას განიხილავს და ამისთვის პროცენტული განაკვეთების გაზრდას გეგმავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ეკონომიკურ რისკებზე საუბრობს, რომლებიც გლობალური სასესხო ხარჯების ძალიან სწრაფ მატებას მოჰყვება. ამის მიზეზი ვალია.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ვალი 2020 წელს რეკორდულ, $226 ტრლნ-მდე გაიზარდა, რაც კორონავირუსის პანდემიასა და დიდი ეკონომიკური რეცესიის შედეგია. ეს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 256%-ს შეადგენს. IMF-მა აღნიშნა, რომ ქვეყნებს გასული წლის ვალების შეძლებისდაგვარად გაბევრება ნაწილობრივ დაბალი განაკვეთების გამო შეუძლიათ.

,,როდესაც სესხის აღების ხარჯები მატულობს, ფისკალური სტიმული ან დაბალი გადასახადები ეკონომიკურ აქტივობასა და დასაქმებაზე ნაკლებ გავლენას ახდენს, რაც ინფლაციის გაძლიერების წინაპირობაა’’, - ამბობენ ორგანიზაციის, - ,,ხოლო თუ განაკვეთების პროცენტული ნიშნული ძალიან სწრაფად აიწევს, ზრდა შენელდება, თანაც ისე, რომ ვალისგან არსებულმა წნეხმა შესაძლოა იგი დიდი ხნით გააჩეროს’’. 

ფონდის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური მოქნილობის, ცვალებადი გარემოებების ოპერატიული კონტროლისა და საშუალოვადიანი მყარი ფისკალური გეგმების ფარგლებში მათ სწორ ბალანსს მიაღწიონ. ავტორთა თქმით, ამის გაკეთება ვალებისგან მოწყვლადობის შემცირებისა და ინფლაციის შეკავების საწინდარი იქნება.

დეკემბერი 16, 2021

სამშაბათს სავაჭრო დღის მიმოხილვა

14 დეკემბერი, 2021

1. აშშ-ს საფონდო ბაზარი ფედერალური სარეზერვო ბანკის ვერდიქტის მოლოდინში

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. ინფლაცია აშშ-ში

4. ილონ მასკის ,,ტვიტი’’ და Dogecoin-ის აღზევება 

აშშ-ს საფონდო ბაზარი ფედერალური სარეზერვო ბანკის ვერდიქტის მოლოდინში

აშშ-ის საფონდო ბაზარზე ინფლაცია და ფედერალური სარეზერვო ბანკის პოლიტიკა კვლავ შეშფოთების საგნად რჩება: ნიუ-იორკის ინდექსები უკვე ზედიზედ მეორე დღეა, რაც ვარდება. ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის წარმოების (PPI) ფასები მკვეთრად აიწია (იხ. ქვემოთ), რამაც მონეტარული პოლიტიკის მამებს შესაძლოა ყოველთვიურად შესასყიდი ობლიგაციების მოცულობის უფრო მეტად შემცირებისკენ უბიძგოს.

ტექნოლოგიურ სექტორში აქციები გაიაფდა, რადგან სესხის აღების მაღალი ხარჯები მათ ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა. Salesforce-ის (CRM) და Microsoft-ის (MSFT) აქციებმა Dow-ს ინდექსი თან ,,ჩაიყოლეს’’. პროგრამული უზრუნველყოფის სხვა პროვაიდერები, მათ შორის Adobe (ADBE), S&P 500-ის ყველაზე წარუმატებელ აქციებს შორის მოხვდნენ.

საფონდო ბაზარს ასევე Covid-19-ის ,,ომიკრონის’’ ვარიანტის გავრცელება აღელვებს. ახალი ლოქდაუნების შემოღებისა და ნავთობზე მოთხოვნის კლების საშიშროებამ ,,შავი ოქროს’’ ფიუჩერსები 1%-ით შეამცირა. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების პროცენტული განაკვეთი ოდნავ გაიზარდა და 1,43%-ს გაუტოლდა, რაც საბანკო აქციებს წაადგა. კარგი დღე ჰქონდათ სადაზღვევო კომპანიების აქციებსაც.

სამორინეების ქსელმა, MGM Resorts International-მა (MGM), მოგება ლას-ვეგასში მდებარე თავისი სასტუმრო Mirage Hotel-ის გაყიდვით ნახა, რომელიც Hard Rock International-მა $1,1 მლრდ-ად შეიძინა. Terminix Global Holdings-ის (TMX) აქციები ,,ზევით აიჭრა’’ - სასოფლო-სამეურნეო მავნებლების კონტროლის კომპანია კონკურენტ Rentokil Initial-ს $6,7 მლრდ-ად ყიდულობს.

მსხვილმა კრიპტოვალუტებმა ადრინდელი დანაკარგები ნაწილობრივ აინაზღაურეს: Bitcoin-ისა და Ether-ის ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა, Dogecoin-მა კი სულაც 20%-იანი მოგება ნახა (იხ. ქვემოთ). 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • Vox Media და Group Nine კორპორატიული შერწყმის თაობაზე მოლაპარაკებებებს აწარმოებენ, რითაც Vox Media-ს კომპანიის აქციათა 75%-იან პაკეტი გადაეცემა. ეს უკანასკნელი მფლობელია ისეთი საიტებისა, როგორებიცაა Verge and SB Nation. მის ციფრულ მედიაპლატფორმებში შედის Group Nine’s Thrillist, Dodo და NowThis. 

  • Toyota 2030 წლისთვის 30-მდე ელექტრომობილის მოდელის გამოშვებასა და ჯამურად 3,5 მლნ ერთეულის გაყიდვას გეგმავს, რაც მის ადრინდელ პროგნოზებს ორჯერ აღემატება. ავტომწარმოებელი აცადებს, რომ საბატარეო ტექნოლოგიაში იგი $17 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს. 

  • Nike-მა მოდისა და ციფრული ვალუტის სტარტაპი RTFKT შეიძინა. გარიგების დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ეს ნაბიჯი სპორტული ინვენტარის მწარმოებლის ,,მეტავერსში’’ დამკვიდრების პროცესის ნაწილად აღიქმება. RTFKT-ის პროდუქციაში როგორც ჰიბრიდული NFT, ასევე რეალური ფეხსაცმელი შედის. 

  • დიდი ბრიტანეთის ანტიტრესტული მარეგულირებელი ორგანო Microsoft-ის მიერ ხელოვნური ინტელექტისა და მეტყველების ტექნოლოგიის ფირმის, Nuance Communications-ის $16 მლრდ-ად შეძენის საქმეს გამოიკვლევს. სააგენტო, სახელწოდებით The Competition and Markets Authority, რომელიც ,,ტექნოლოგიის დიდი ხუთეულისადმი’’ განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა, აცხადებს, რომ ამ გარიგებამ შესაძლოა ბრიტანეთის ბაზარზე კონკურენცია შეასუსტოს.  

  • Meta Platforms-მა, რომელიც სოციალურ მედიაპლატფორმა Facebook-ს ფლობს, აშშ-ს რეგიონული ბანკის, Meta Financial Group-ის სავაჭრო ნიშნის შესაძენად შესაძლოა $60 მლნ გადაიხადოს. ეს ცნობა ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ღირებულია სახელწოდება ,,Meta’’ ტექნოლოგიური გიგანტისთვის, რომელიც ამ სამყაროზე დადებული ფსონიდან მოგების ნახვას უახლოეს წლებში ელოდება.

ინფლაცია აშშ-ში

ნოემბერში ინფლაცია აშშ-ში საბითუმო დონეზე წლიურად 9,6%-ით გაიზარდა, რაც ეკონომისტების პროგნოზს აღემატება, ასევე 2010 წლის შემდეგ (შრომის დეპარტამენტმა ამ მონაცემების აღრიცხვა ამ დროიდან დაიწყო) დაფიქსირებული ყველაზე დიდი ციფრია.  

სამრეწველო პროდუქციის წარმოების ფასების ინდექსი (PPI) ბოლო მოთხოვნილების პროდუქტებზე გასულ თვეში 0,8%-ით გაიზარდა, უფრო ადრე კი - სექტემბერსა და ოქტომბერში - მისი ნამატი 0,6%-ს უდრიდა. საბაზისო PPI, რომელშიც არ შედის საკვებისა და ენერგორესურსების მყიფე ფასები, 2020 წლის მერე 6,9%-ით გაიზარდა. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ამ რიცხვების დათვლა 2014 წლიდან დაიწყო. 

თვის სურათი ამგვარია: მომსახურება 0,7%-ით გაძვირდა, ენერგორესურსები - 2,6%-ით, ბენზინი - 7,3%-ით, სურსათი - 1,2%-ით. მათ შორის დაუმუშავებელი ხილი და ბაღჩეულობა 20,1%-ით ძვირი ღირს, ბოსტნეული კი - 11,5%-ით. რკინისა და ფოლადის ჯართის ფასმა 10,7%-ით მოიმატა. 

მთელი რიგი ფინანსური სერვისების ღირებულება წინა თვის მაჩვენებელს 6,1%-ით აღემატება, ხოლო ავიაკომპანიებისა და ტურისტთა დაბინავების მომსახურება კლიენტს 5,1%-ით ძვირი უჯდება. 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში სამომხმარებლო ფასების (СPI) ინდექსის მონაცემები გამოქვეყნდა, რომელმაც ბოლო 39 წლის განმავლობაში წლიური ზრდის ყველაზე დიდი რიცხვი აჩვენა. 

+20%

Tesla-ს (TSLA) აღმასრულებელმა დირექტორმა და პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ილონ მასკმა, ,,ტვიტერზე’’ დაწერა, რომ ელექტრომანქანების მწარმოებელი ციფრულ ვალუტა Dogecoin-ს, როგორც გადახდის ერთეულს, Tesla-ს ზოგიერთი საქონლის შეძენისთვის დაუშვებს. აქვე მან მრავალმნიშვნელოვნად დასძინა: ,,ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები’’. ამან მომენტალურად Dogecoin-ის ღირებულება 37%-ით გაზარდა. იგი ახლა 20%-ით უფრო მაღალ ფასში ივაჭრება.

მასკი Dogecoin-ს დიდი ხანია, რაც ქომაგობს. ციფრული ვალუტა, რომელზეც შიბა-ინუა (ძაღლის სახეობა) გამოსახული, ორმა პროგრამულმა ინჟინერმა 2013 წელს ხუმრობით შექმნა. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, მას კრიპტობირჟის სპეკულანტებისთვის გასართობი დატვირთვა ჰქონდა. თუმცა, დროთა განმავლობაში მონეტას ერთგული მიმდევრები გამოუჩნდა, მათ შორის კი თვით ილონ მასკის სახელიც გამოერია. ამ უკანასკნელმა 2021 წლის დასაწყისში იგი Saturday Night Live-ის ერთ-ერთი გადაცემის წაყვანის დროსაც კი ახსენა.  

Dogecoin ამა წლის იანვარში მეოთხედი ცენტიც არ ღირდა, თუმცა მასკისა და სხვების მხარდაჭერის წყალობით, მაისში მისი ღირებულება უკვე $0,74-ს შეადგენდა.

ამავე დროს, Tesla-მ მცირედით იზარალა მას შემდეგ, რაც მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა კომპანიის კიდევ $906,5 მლნ-ად შეფასებული აქციები გაყიდა. ნოემბერში ყველა დროის მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ, Tesla-ს ღირებულებამ უკვე 20%-ზე მეტით იკლო. მასკმა მაშინ ,,ტვიტერის’’ გამომწერებს შორის იკითხა, უნდა გაეყიდა თუ არა კომპანიაში თავისი საკუთრების 10%, რაზეც უმრავლესობამ განაცხადა: ,,დიახ’’.

დეკემბერი 15, 2021

ორშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

9 დეკემბერი, 2021

1. აშშ-ს საფონდო ბირჟებზე აქციების სამდღიანი რბოლა დასრულდა

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. იტალია Amazon-ის წინააღმდეგ

4. Nubank-ის IPO

აშშ-ს საფონდო ბირჟებზე აქციების სამდღიანი რბოლა დასრულდა

აშშ-ის საფონდო ბაზრის სამდღიანი მოგებების სერია შეწყდა, ვინაიდან ინვესტორები სამომხმარებლო ინფლაციის შესახებ მთავარი ანგარიშის მოლოდინში არიან. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ნოემბრის სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ბოლო სამი ათწლეულის მაქსიმუმზე დარჩება.

ტექნოლოგიური აქციები დაეცა, რამაც Nasdaq 1,7%-ით შეამცირა. დაზარალდნენ ჩიპების მწარმოებლები AMD (AMD), NVIDIA (NVDA) და Xilinx (XLNX) - ყველა მათგანი 4%-ით, ან მეტით გაუფასურდა. Tesla-ს (TSLA) აქციებმა 6%-ით მოიკლო - ვრცელდებოდა ჭორები, რომ ელექტრომობილების კომპანიას დიდი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რაც არ მოხდა. Apple-მა (AAPL) ყველა დროის მაქსიმუმამდე მიღწევის შემდეგ კორექცია განიცადა.

S&P 500-ის ყველაზე წარმატებული აქცია Hormel Foods (HRL) იყო - საკვების კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტლური მოგება დააფიქსირა. მას ცოტათი ჩამორჩა აფთიაქების ქსელი CVS Health (CVS), ვისი შემოსავლებისა და გაყიდვების პროგნოზები გაიზარდა.  

ნავთობის ფიუჩერსები 2%-ზე მეტად გაუფასურდა - 1 ბარელი ნედლი ნავთობი ამჟამად $71-ზე იაფი ღირს. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა ბოლო 4 დღის განმავლობაში პირველად დაეცა და 1,48%-ს გაუტოლდა. ძირითადი კრიპტოვალუტები, როგორებიცაა Bitcoin და Ether, 5%-ით გაიაფდა. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • Apple-მა ეფ-სთორის საქმეზე, რომელშიც მას ,,Fortnite’’-ის შემქმნელი Epic Games ედავება, ვერდიქტის აღსრულების ვადის განახაგრძლივების შესახებ მოთხოვნა დაუკმაყოფილდა. თავის დროზე განაჩენი ფედერალურმა სასამართლომ სექტემბერში გამოიტანა, რომლითაც Apple-ს ეფ-სთორის წესების შეცვლა დაევალა - ამ დრომდე დეველოპერებს.Apple-ის საგადასახადო პლატფორმის გარდა ტრანზაქციის ალტერნატიული საშუალებებით სარგებლობა ეკრძალებოდათ. 

  • AbbieVie-ის შვილობილმა Allergan-მა ნიუ-იორკის ფედერალურ ხელისუფლებასთან $200 მლნ-იან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც ოპიოიდების ეპიდემიაში მისი მონაწილეობის შესახებ აღძრულ საქმეს უკავშირდება. სარჩელში ნათქვამია, რომ Allergan-მა სახალხო დრტვინვა რეგიონში ოპიოიდების მასობრივად გავრცელებისთვის ხელის შეწყობის შემდეგ გამოიწვია.

  • ათეულობით Starbucks-ის თანამშრომელმა ბუფალოში (ნიუ-იორკი) პროფკავშირის შექმნის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო. ელმვუდის ქუჩაზე მდებარე ოფისში გამართული არჩევნების შედეგად ხმები გაერთიანების სასარგებლოდ 19-8-ზე გაიყო, რითაც აშშ-ში Starbuck-ის პირველ პროფკავშირს ჩაეყარა საფუძველო. ბუფალო ტრადიციულად კომპანიის მუშაკთა ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვანი ერთობის ადგილს წარმოადგენს. 

  • GameStop-მა (GME) განაცხადა, რომ მე-3 კვარტალში მისი წმინდა ზარალის მოცულობა გაიზარდა, რომელმაც $105 მლნ-ს მიაღწია (1 წლის წინ იგი $18 მლნ-ს შეადგენდა). სიახლეს ვიდეო-თამაშების გამყიდველის აქციების 5%-იანი ვარდნა მოჰყვა.

  • Rent the Runway-მ (RENT) საჯარო ლისტინგში ჩართვის შემდეგ პირველი კვარტლური მონაცემები გამოაქვეყნა. ტანსაცმლის ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმის გამომწერთა რაოდენობამ, ისევე როგორც მისმა შემოსავლებმა და მოგების მარჟამ, იმატა, თუმცა წმინდა ზარალი თითქმის გაორმაგდა, რის გამოც კომპანიის აქციები დაახლ. 10%-ით დაეცა.

იტალია Amazon-ის წინააღმდეგ

ანტიმონოპოლიური რეგულირების იტალიურმა სააგენტომ Amazon $1,3 მლრდ-ით დააჯარიმა. ეს ნაბიჯი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ შეტევის სერიის ნაწილია. იტალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ Amazon ,,მესამე მხარის’’ გამყიდველთა კმაყოფაზე ძირავს - ეს გამყიდველები, როგორც წესი, მისი ლოჯისტიკური მომსახურებით სარგებლობენ. მარეგულირებელთა თქმით, ისინი კომპანიის ქმედებების ასალაგმად საგანგებო წესდებას შეადგენენ, რომელსაც სამეურვეო მონიტორინგის საბჭო განიხილავს. 

ამ ჯარიმის დაკისრებამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირის ორგანოებმა მსგავს საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყეს. გასულ წელს ეკონომიკურმა ბლოკმა Amazon-ს ანტიკონკურენციული ქცევის გამო ცალკეული ბრალდებები წაუყენა, თითქოსდა კომპანია ,,მესამე მხარის’’ გამყიდველებისგან არასაჯარო მონაცემებს იღებდა და შემდეგ ამ ინფორმაციას კონკურენტების საწინააღმდეგოდ იყენებდა. 

Amazon-მა იტალიის ხელისუფლების მიერ დადგენილ ჯარიმას ,,გაუმართლებელი და შეუსაბამო ზომის მქონე’’ უწოდა და განაცხადა, რომ ამის შესახებ სასამართლოში იჩივლებს. Amazon ამბობს, რომ აპენინების ბაზარზე მისი ყოველწლიური გაყიდვების 50% მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის, და დასძენს, რომ მისი ბიზნეს-მოდელის გასაღები მათ წარმატებულ მუშაობაში დევს. ინვესტორთა შეშფოთებას უფრო კონკრეტულად ის ფაქტი იწვევს, რომ იტალიის მიერ დაკისრებულმა ჯარიმამ შესაძლოა სათავე აშშ-ს ფარგლებს გარეთ Amazon-ის საქმიანობის უფრო მკაცრად რეგულირებას დაუდოს.

48 მლნ

სესხების ბრაზილიური ციფრული პლატფორმა Nubank წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) ემზადება. ონლაინ-ბანკი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყების შედეგად $2,6 მლრდ-ის მოზიდვას გეგმავს, რის დროსაც მისი საბაზრო ღირებულება შესაძლოა $415 მლრდ-მდე შეფასდეს. ეს ბრაზილიის ყველაზე დიდი ტრადიციული ბანკის კაპიტალიზაციას აღემატება. თუ ეს გეგმა განხორციელდა, წლის მე-5 ყველაზე მსხვილ IPO-ს მივიღებთ.

ბრაზილიის საბანკო სექტორში 5-მდე საფინანსო ორგანიზაცია დომინირებს. Nubank-ის დამფუძნებელმა დევიდ ველეზმა, ბაზარზე შემოსვლით დღის წესრიგი შეცვალა - ამჟამად მის ფირმას 48 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Nubank-ის საწყის პროდუქტს იისფერი საკრედიტო ბარათი წარმოადგენდა. შემდეგ მის სერვისებს დანაზოგის ანგარიშები, საინვესტიციო პლატფორმა, სესხები და სადაზღვევო მომსახურება დაემატა. როდესაც ყველაზე დიდ ლათინოამერიკულ ქვეყანაში სმარტფონების ბიზნესმა აყვავება დაიწყო, ციფრული საბანკო საქმიანობისადმი ინტერესიც გაიზარდა. ამჟამად Nubank-ის ინვესტორებს შორის უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-ს სახელსაც შეხვდებით. კომპანია აცხადებს, რომ თავის შემოსავლებს ბრაზილიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში ბიზნესების გაფართოებისთვის გამოიყენებს. იგი ასევე ჯანდაცვისა და ტელეკომუნიკაციების სფეროთია დაინტერესებული.

Nubank-ის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებს ამჟამად Сovid-19-ის შემთხვევათა ახალი ტალღა და ონლაინ-სტარტაპებს შორის გამძაფრებული კონკურენცია წარმოადგენს: ბრაზილიის დიდი საფინანსო ორგანიზაციები არა მხოლოდ ტრადიციულ საბანკო საქმეს მისდევენ, არამედ თავისი პროდუქტების გაციფრულებითაც კავდებიან. 

Nubank-ის მშობელი კომპანია Nu Holdings საჯარო ლისტინგამდე ფასის დაგეგმილ დიაპაზონს 10-11-იდან 8-10 დოლარამდე შეამცირა, რაც საბაზრო ღირებულება დაახლ. $10 მლრდ-ით დაბლა დასწია. აქციების ვაჭრობა დღეს საფონდო ბირჟაზე ,,NU’’-ს ნიშნით დაიწყება.

 

დეკემბერი 14, 2021

პარასკევის სავაჭრო დღის მიმოხილვა

3 დეკემბერი, 2021

1. აშშ-ს საფონდო ბირჟებმა კვირის დასასრული ,,წითელ ზონაში’’ გაატარეს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Ford-ის აღმავლობა

4. DocuSign-ის კრიზისი

5. კვირის კალეიდოსკოპი

აშშ-ს საფონდო ბირჟებმა კვირის დასასრული ,,წითელ ზონაში’’ გაატარეს

აშშ-ს საფონდო ბაზარმა წინა კვირის ბოლო სამუშაო დღე ,,წითელ ზონაში’’ დაასრულა, ვინაიდან კორონავირუსის ,,ომიკრონის’’ შტამი კვლავ არაერთგვაროვან განწყობებს იწვევს. Dow 0,9%-ით, S&P 500 - 0,9%-ით, Nasdaq კი 2,6%-ით შემცირდა. გარდა ამისა, თავისი წვლილი აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ცუდმა მონაცემებმაც შეიტანა, რომელთა მიხედვით, ნოემბერში მხოლოდ 210,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ასეთი მცირე მაჩვენებელს წელს არცერთ თვეში დაფიქსირებულა. 

ყველაზე მეტად ე.წ. აღმავლობითმა აქციებმა (აქცია, რომლის ფასი დავარდნილია, თუმცა აღდგენის პოტენციური უნარი შესწევს - რედ.) იზარალეს, ასეთები კი ავიაკომპანიები, საკრუიზო ხაზები და კაზინოები არიან. Penn National Gaming (PENN), Norwegian Cruise Lines (NCLH) და American Airlines (AAL) S&P 500-ის ყველაზე წარუმატებელ აქციებს შორის მოხვდნენ. 

არასახარბიელო სიახლეებმა ინვესტორებს ფულის აქციებიდან გამოტანასა და ობლიგაციებში მიმართვისკენ უბიძგა, რის გამოც 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების პროცენტულობა 1,34%-მდე დაეცა. ეს ბოლო 2 თვის მინიმუმია, რამაც ფინანსურ სექტორში წარმოდგენილი ფირმების ვარდნას ხელი შეუწყო. 

ნავთობის ფიუჩერსებმა ადრინდელი მოგებები დათმეს და ,,წითელ ზონაში’’ გადაინაცვლეს. ზოგიერთი ციფრული ვალუტა მკვეთრი დანაკარგებით გამოირჩა: Bitcoin 5%-ით, Ether - 6%-ით, Solana კი 10%-ით გაიაფდა.  

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • სამგზავრო-მიწოდების სერვისის ჩინური გიგანტი Didi ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან დელისტინგს, ანუ საკუთარი ფასიანი ქაღალდების გამოტანას აპირებს, რომლებსაც იგი, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგის საფონდო პლატფორმაზე განათავსებს, რაც ჩინეთის მთავრობის მიერ აშშ-ში მოვაჭრე ადგილობრივი კომპანიების მიმართ განხორციელებული საკანონმდებლო ზეწოლითაა განპირობებული.

  • აშშ-ს კონგრესმა მოკლევადიანი სახარჯო კანონპროექტი მიიღო, რომელიც ადგილობრივი მთავრობის დაფინანსებას 18 თებერვლამდე უზრუნველყოფს. საკანონმდებლო ორგანომ ამგვარად სამთავრობო მუშაობის შეჩერება თავიდან აირიდა, ჯერი კი აშშ-ს პრეზიდენტზეა, რომელმაც დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს.

  • The Wall Street Journal-ის ცნობით, Сitigroup-ს ჩინეთში ფასიან ქაღალდებზე ლიცენზიის მიღებას ითხოვს - იგი სხვა ამერიკული საინვესტიციო ბანკების (JPMorgan, Goldman Sachs) გზას მიჰყვება, რომელთა მიზანი ჩინეთში ქაღალდების გაყიდვაა.

  • როგორც ოფიციალური დოკუმენტები მოწმობს, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა 3 დეკემბერს კომპანიის $1 მლრდ-ზე მეტი ღირებულების აქცია გაყიდა. პლანეტის უმდიდრესმა ადამიანი აქციებს ინტენსიურად ნოემბრის დასაწყისიდან ყიდის, რა დროის მანძილზეც მან $10 მლრდ გამოიმუშავა.

  • Google, რომელიც საოფისე მუშაობის რეჟიმზე გადასვლას აქამდე 10 იანვრიდან გეგმავდა, აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოო არ არ არის და ზუსტი ვადის დასადგენად იგი ახალი წლის დადგომას დაელოდება. 

  • GlaxoSmithKline-ისა (GSK) და Vir Biotechnology-ის (VIR) განცხადებით, მათი მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის მეთოდი პირველადი ტესტების შემდეგ Сovid-19-ის ,,ომიკრონის’’ შტამის წინააღმდეგ 79%-იან ეფექტურობას ავლენს (იგულისხმება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკები). პრეპარატ ,,სოტრომივაბის’’ დიზაინი მუტირებად ვირუსთან საბრძოლველად არის შექმნილი. მან აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) საგანგებო წესით მოხმარების ნებართვა ჯერ კიდევ მაისში მიიღო. 3 დეკემბერს იგი იმავე კატეგორიზაციით სარგებლობს დიდ ბრიტანეთშიც. 


     

Ford-ის აღმავლობა

Ford-ის თქმით, მისი F-Series უკვე 45 წელია, რაც აშშ-ს ბაზარზე ჯიპის ტიპის მანქანათა ყველაზე გაყიდვად ხაზს წარმოადგენს. ნოემბერში შეკვეთების მოცულობამ წლიურად 5,9%-ით მოიმატა და 159,000 ერთეული მოიცვა. ზრდა ახალი სატვირთო მანქანა Bronco-სა და სხვა პროდუქციების დამატებით არის განპირობებული, რომლებზეც მთლიანი გაყიდვების 12,5% მოდის.   

კომპანიამ ასევე გამოთვალა, რომ ელექტრომობილების გაყიდვა რეკორდულ, 11,000-იან ნიშნულამდე ავიდა, რაც 154%-იანი ნამატის შედეგია. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე ერთიანი სეგმენტის მონაგარი. ნოემბერში მთლიანად ელექტრიფიცირებული Mustang Mach-E-ს შეკვეთები წინა თვესთან შედარებით 8,4%-ით გაიზარდა. Ford ხაზს უსვამს, რომ ელექტრომანქანების ბაზარზე მას 10%-იანი წილი უკავია, შარშან კი ეს მაჩვენებელი 5,4%-ს შეადგენდა. 

ენდრიუ ფრიკი, კომპანიის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი აშშ-სა და კანადაში, თავის მხრივ დასძენს, რომ Ford ზედიზედ სამი თვეა, რაც ყველაზე გაყიდვად პროდუქციას უშვებს, რაც 1974 წლის შემდეგ არ მომხდარა. 

DocuSign-ის კრიზისი

ელექტრონული დოკუმენტებისა და შაბლონების პლატფორმა DocuSign-ის (DOCU) აქციები უკვე 42%-ითაა დაცემული, რაც საბაზრო კაპიტალიზაციის $10 მლრდ-ით შემცირებაში აისახება. ზარალი მისი შემოსავლებისა და დანახარჯების შესახებ გამოქვეყნებულმა საკუთარმა პროგნოზებმა გამოიწვია, რომელიც მკვეთრად იყო შემცირებული. მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ სპრინგერმა, განაცხადა, რომ ,,პანდემიისდროინდელი ბუმი უკან დარჩა და ამ კვარტალში იგი მთლიანად გაბათილდა’’. მანვე აღიარა, რომ სოციალური დისტანცირების რეჟიმის ნელ-ნელა გადასვლასთან ერთად, DocuSign-ზე მოთხოვნის კლება მოსალოდნელი იყო, თუმცა მოვლენები იმაზე სწრაფად წარიმართა, ვიდრე მას წარმოედგინა. 

Docusign-მა წინა კვარტალში შემოსავლების პროგნოზები მარტივად გააუმჯობესა და $545-მილიონიანი მოგება ნახა, თუმცა მისი ე.წ. ბილინგი, რომელიც საკონტრაქტო ბიზნესის მომავლის სურათს იძლევა, შედარებით მოკრძალებული ციფრებით გამოირჩა. მაშინ სპრინგერმა აღნიშნა, რომ ,,მძლავრი 6-კვარტლიანი ზრდის მერე სულ უფრო გახშირდა მომხმარებლებს შორის ყიდვა-გაყიდვის უფრო ნორმალიზებულ სტრუქტურაზე დაბრუნების სურვილი, რამაც ბილინგი წლიურად 28%-ით გაზარდა’’. ამჟამად კი კომპანია ამბობს, რომ გაყიდვები მე-4 კვარტალში $557-563 მლნ-მდე თანხას მოიტანს, რაც ანალიტიკოსთა შეფასებებთან შედარებით მკვეთრად ცოტაა. 

DocuSign-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2020 წლის დასაწყისში, სანამ მსოფლიოს პანდემია მოედებოდა, $20 მლნ-ზე ნაკლები იყო. შემდეგ იგი თითქმის გასამმაგდა და ყველა დროის მაქსიმუმს ამა წლის სექტემბერში მიაღწია. ამის მიზეზი კომპანიებისა და მომხმარებლების არჩევანი იყო, რომლებიც პირად შეხვედრებსა და დოკუმენტებისთვის ხელის მოწერას ონლაინ-შეთანხმებებს ამჯობინებდნენ. 

კვირის კალეიდოსკოპი

მიმდინარე კვირაში ინვესტორებს შეუძლიათ ეკონომიკის შესახებ ამერიკელთა განწყობის შესახებ წარმოდგენა შეიქმნან, როდესაც სამშაბათს IBD/TIPP-ის ეკონომიკური ოპტიმიზმის ინდექსი, პარასკევს კი მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (მიჩიგანის უნივერსიტეტი) გამოქვეყნდება. ორივე მათგანი დეკემბრის თვის სურათს შექმნის. ოთხშაბათს მათ ბიზნეს-ოპტიმიზმის ინდექსიც დაემატება, რომლის კვლევას დამოუკიდებელი ბიზნესის ეროვნული ფედერაცია (NFIB) აწარმოებს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დრაივერი ლოჯისტიკის მენეჯერთა ინდექსი, ანუ LMI იქნება, რომელიც დღეს გამოქვეყნდება და საზოგადოებას ნოემბრის მონაცემებს აუწყებს. იგი აშშ-ში ლოჯისტიკურ აქტივობას ადგენს, რაც მიწოდების სისტემის პროფესიონალთა კვლევაზეა დაფუძნებული. ექსპერტები ელიან, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა წინა თვეების მსგავსად გაგრძელდა. 

აშშ-ს შრომის დეპარტამენტი ხუთშაბათს სამუშაო ადგილებისა და პერსონალის ბრუნვის (JOLTS) ოქტომბრის მონაცემებს წარმოადგენს, რომელიც ვაკანსიების სექტორში ვითარებას ცხადყოფს. სექტემბერში სამსახურიდან წამოსული ამერიკელების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა, ვაკანტური ადგილების რიცხვი კი რეკორდულ მაჩვენებელთან ახლოს ტრიალებს. 

 

 

 

დეკემბერი 07, 2021

ორშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

 30 ნოემბერი, 2021

1. აშშ- საფონდო ბაზარი წინა სესიის ჩავარდნას აბათილებს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. ამერიკელები სუპერმარკეტებს უბრუნდებიან

4. კინოგაქირავების ახალი ციფრები

შშ- საფონდო ბაზარი წინა სესიის ჩავარდნას აბათილებს

აშშ-ის საფონდო ბაზარმა პარასკევს განცდილი დიდი ჩავარდნის შემდეგ პოზიციები დაიბრუნა - ამის მიზეზი Сovid-19-ის ახლადაღმოჩენილი ,,ომიკრონის’’ ვარიანტისა და უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის მიმართ წარმოშობილი შიშის განელებაა.

ინვესტორები კვლავ აქციების ყიდვას შეუდგნენ, ვინაიდან აშშ- მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ,,ომიკრონთან’’ დაკავშირებით ,,შეშფოთების, თუმცა არა პანიკის საფუძველი არსებობს’’. მანვე დასძინა, რომ ლოქდაუნის რეჟიმის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს. Dow- ინდექსმა 236 პუნქტით, S&P 500-მა და Nasdaq-მა კი 1%-ზე მეტად მოიმატა. ,,შიშის ინდექსად’’ წოდებული VIX, რომელიც ბაზარზე არსებულ არასტაბილურობას ზომავს, 20%-ით შემცირდა - პარასკევს იგი ბოლო 8 თვის მაქსიმუმამდე იყო ასული.

ზედიზედ მეორე სავაჭრო დღეა, რაც Moderna (MRNA) S&P 500-ის ყველაზე წარმატებულ აქციად გვევლინება - კოვიდ-ვაქცინების მწარმოებელი აცხადებს, რომ ,,ომიკრონის’’ ვარიანტისგან დამცავი აცრა მომავალი წლის დასაწყისში ხელმისაწვდომი იქნება. მის გარდა, ინდექსის ლისტინგში წარმოდგენილ კომპანიათა შორის ჩიპების მწარმოებლები ლიდერობდნენ, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ში ნახევარგამტართა წარმოების გაძლიერების შესახებ ახალი წინადადები გააჟღერა. რაც შეეხება ყველაზე წარუმატებელ აქციებს, ასეთი Merck (MRK) იყო, რომელმაც Dow-სა და S&P 500-ის აქციებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა -  წამლების მწარმოებელმა განაცხადა, რომ Сovid-19-ისთვის განკუთვნილი მედიკამენტები არც იმდენად ეფექტურია, რამდენადაც თავიდან ელოდნენ (იხ. ქვემოთ).

ნავთობის ფიუჩერსები და სახაზინო ობლიგაციები გამყარდა: ნედლი ნავთობის ფასი 69 დოლარს (1 ბარელი) აჭარბებს, ხოლო 10-წლიანი ბონდების შემოსავლიანობამ 1,53%-მდე მოიმატა. გაიზარდა კრიპტოვალუტათა კურსიც: Bitcoin-მა და Ether-მა სოლიდური მოგება ნახეს. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

Nissan ელექტრომობილების წარმოებისთვის მომდევნო 5 წლის მანძილზე $17,6 მლრდ- დახარჯავს. კომპანია აცხადებს, რომ თავის სერიაში ბატარეებზე მომუშავე 20 ახალ მანქანას დაამატებს, 2030 წლისთვის კი მისი მანქანების გაყიდვათა მოცულობის ნახევარი ელექტრომობილებმა უნდა შეადგინოს.

Clearlake Capital პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Quest Software- Francisco Partners-ისგან $5,4 მლრდ-ად შეისყიდის. გარიგება პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში კერძო საფონდო ინვესტიციის განხორციელების უახლეს მაგალითს წარმოადგენს.

Merck-ის განცხადებით, მისი ექსპერიმენტული კოვიდ-აბების კვლევის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ პრეპარატის ეფექტურობა ადრინდელ ავანსებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მედიკამენტების მწარმოებლის თქმით, აბები ამჟამად ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის საფრთხეს 30%-ით ამცირებს - ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 50%-მდე ივარაუდებოდა.

სავარჯიშო ტრენაჟორების მწარმოებელი Peloton სპორტული ეკიპირების ფირმას, Lululemon Athletica-, უჩივის. საგულისხმოა, რომ 2 თვის წინ ეს უკანასკნელი Peloton- ტანსაცმლის ახალი ხაზის გამო სასამართლოთი თავად ემუქრებოდა: სექტემბერში Peloton-მა Lululemon-თან ხუთწლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ საკუთარი ეკიპირება გამოუშვა.

ამერიკელები სუპერმარკეტებს უბრუნდებიან

,,შავი პარასკევის’’ შემდეგ, შაბათ-კვირას ამერიკელი მომხმარებელი კვლავ საყიდლებს ეტანებოდა - Sensormatic Solutions-ის მონაცემების მიხედვით, სავაჭრო ცენტრთა გადატვირთულობამ გასულ წელთან შედარებით 47,5%-ით მოიმატა. მეორე მხრივ, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს კვლავ 28%-ით ჩამორჩება.

 RetailNext მყიდველთა რაოდენობას ათასობით მაღაზიაში აღრიცხავს. მისი მონაცემებით, ,,შავ პარასკევს’’ მარკეტებში ხალხმრავლობა 2020 წლის მაჩვენებელს 61%-ით აღემატებოდა, 2019 წელთან შედარებით კი 27%-ით ნაკლები იყო.

Adobe Analytics-ის მონაცემებით, საცალო ონლაინ-გაყიდვებმა ,,შავ პარასკევს’’ $8,9 მლრდ მოიტანა. რეკორდი შარშან ($9 მლრდ) დაფიქსირდა, როდესაც პანდემიის პირობებში ხალხმა ადგილზე მისვლით შეძენისგან თავი შეიკავა და საიტზე გამოწერა ამჯობინა. წლევანდელ ,,მადლიერების დღეს’’ მომხმარებლებმა ამ გზით $5 მლრდ დახარჯეს, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით ძალზე ნაკლებია.

სავარაუდოდ, ,,კიბერ-ორშაბათი’’ წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო დღედ 2021-შიც დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ საცალო გამყიდველები კლიენტებს ნაკლებ გარიგებებსა და ფასდაკლებებს სთავაზობენ, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებასა და ამით განპირობებულ პროდუქტების დეფიციტს უკავშირდება. მოსალოდნელია, რომ მომხმარებლები ტანსაცმლისა და სათამაშოების ჩათვლით, ყველაფერში მეტს გადაიხდიან, რადგან კომპანიები ტრანსპორტირებასა და ნედლეულზე მზარდი ხარჯების დასაბალანსებლად ფასებს სწევენ.

Adobe პროგნოზირებს, რომ ,,კიბერ-ორშაბათის’’ დღეს ელექტრონული კომერციის გაყიდვები $10-11 მლრდ-მდე ავა.  საცალო ვაჭრობის ვებ-საიტებზე განთავსებული საქონელი პანდემიამდელ დონესთან შედარებით 124%-ით გაძვირდა.

$142 Million

მადლიერების დღესასწაულის პერიოდში, 24 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე, მაყურებლები აშშ-სა და კანადაში კინოთეატრებში ისეთი ფილმების სანახავად მივიდნენ, როგორიც Disney-ის ,,ენკანტო’’, MGM-ისა და Universal-ის ,,გუჩის სახლი’’ და ,,მოჩვენებებზე მონადირენი: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ’’ არის. Comscore-ის მონაცემებით, ჯამურმა შემოსავალამ $142 მლნ შეადგინა.

როგორც წესი, ,,მადლიერების დღის’’ კვირაში უიქ-ენდზე მთლიანი შემოსავლის მოცულობა $250 მლნ- აჭარბებს, თუმცა, მეორე მხრივ, წელს სალაროებში შარშანდელ მაჩვენებელზე შვიდჯერ დიდი ციფრი დაფიქსირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომხმარებლების ინტერესი კინოთეატრებში სიარულის მიმართ აღდგა.

,,ენკანტო’’ სალაროებში $40 მლნ-ით 5 დღის განმავლობაში ლიდერობდა. ეს Disney- ანიმაციური ფილმებს შორის, რომლებიც ,,მადლიერების დღეზე’’ გამოვიდა, საუკეთესო შედეგი არ არის: ,,კოკომ’’ (2017) თავის დროზე $72 მლნ გამოიმუშავა, კომპიუტერულმა ანიმაციამ დახელოვნებულ ჰაკერ რალფზე კი - $84 მლნ.

რეჟისორ რიდლი სკოტის ,,გუჩის სახლმა’’ 5 დღის მანძილზე $21 მლნ გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ სკოტის ბოლო დრამამ გასულ თვეში უმნიშვნელო $4,8 მლნ დააგროვა.

მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრები ნელ-ნელა ივსება, დღის წესრიგში უკვე ახალი მოთამაშე შემოდის - იმოქმედებს თუ არა ახალი და პოტენციურად უფრო გადამდები ,,ომიკრონის’’ ვარიანტი ფილმების დიდ ეკრანზე ყურების ჩვევაზე?

 

ნოემბერი 30, 2021