საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ორშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

14 თებერვალი, 2022

1. აშშ-ს საფონდო ბაზრის ვარდნის ზედიზედ მე-3 დღე

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და პალადიუმის კრიზისი

4. ,,სუპერ-ბოული 2022’’

 აშშ-ს საფონდო ბაზრის ვარდნის ზედიზედ მე-3 დღე

აშშ-ს საფონდო ინდექსები ზედიზედ მე-3 დღეა, რაც კლებას განაგრძობს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებითა და ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ პროცენტული განაკვეთების შესაძლო აწევითაა გამოწვეული - აშშ-მ უკრაინის დედაქალაქ კიევში განთავსებული თავისი საელჩო დახურა, რაც რუსეთის ფედერაციის არმიის მხრიდან შემოჭრის პოტენციური საფრთხით აიხსნება, სენტ-ლუისის ფედერალური რეზერვების პრეზიდენტმა ჯეიმს ბალარდმა კი მონეტარული პოლიტიკის მესვეურებს ინფლაციის წინააღმდეგ უფრო ხისტი მეთოდების გატარებისკენ მოუწოდა.  

ნავთობის ფიუჩერსები 2%-ით გამყარდა, ბუნებრივი გაზი კი გეოპოლიტიკური მღელვარების გამო თითქმის 6%-ით გაძვირდა. რაც შეეხება აშშ-ს 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობას, ბალარდის კომენტარებმა იგი 2,1%-მდე ასწია.

ენერგეტიკული და ფინანსური სექტორის აქციების უმეტესობა შემცირდა. 3M-მა (MMM) ზარალი მას შემდეგ ნახა, რაც კომპანიამ Сovid-19-ის პირბადეებზე მოთხოვნის დავარდნის გამო გაყიდვების შესაძლო კლების შესახებ განცხადება გააკეთა. კოვიდ-ვაქცინების მწარმოებელთა აქციები დაეცა, სამაგიეროდ საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული აქციები გაიზარდა, ვინაიდან ,,ომიკრონის’’ ტალღის პიკის გადავლასთან ერთად პანდემიური შეზღუდვები მსუბუქდება. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

Lockheed Martin-მა Aerojet Rocketdyne-ის ყიდვის გეგმაზე უარი თქვა, რაც ანტიტრესტული კანონმდებლობით არსებულ პრობლემებს უკავშირდება. წინა თვეში ფედერალური რეგულირების ორგანოებმა $4,4 მლრდ-ად ღირებული გარიგების ჩაშლა მოახერხეს. 
ავსტრალიურ Crown Resorts-ს Blackstone $6,3 მლრდ-ად შეისყიდის, რაც კერძო სააქციო ფირმის თითქმის ერთწლიანი მცდელობის დასასრულს ნიშნავს.
მილიარდერი ფილანთროპი ჯორჯ სოროსი ელექტრომანქანების სტარტაპ Rivian-ის თითქმის $3-მილიარდიან წილს ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ SEC-ის ქაღალდების თანახმად, Soros Fund Management-მა 2021 წლის ბოლო კვარტალში Rivian-ის 20 მლნ-მდე აქცია შეიძინა.
Alphabet-ის საკუთრებაში არსებული Google მთავარ ფიგურანტს წარმოადგენს ანტიტრესტული სარჩელისა, რომელიც ევროპულ გამომცემლობათა საბჭომ (EPC) მისი ციფრული რეკლამირების ბიზნესის თაობაზე მოამზადა. ეს ანტიმონოპოლიურ საკითხებში ევროკავშირის ლიდერის, მარგრეტ ფესტაგერის წამოწყებულ გამოძიებას Google-ის მიმართ ნიადაგს კიდევ უფრო უმყარებს. 

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და პალადიუმის კრიზისი

თეთრი სახლი ჩიპების მწარმოებლებს აფრთხილებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო ომის დაწყებაში შემთხვევაში უმჯობესია, რომ მათ მიწოდების სისტემის დივერსიფიცირებაზე იზრუნონ. ნახევარგამტარების ინდუსტრიისთვის აუცილებელი ორი კომპონენტი - ნეონი და პალადიუმი - დიდწილად სწორედ ამ რეგიონში მოიპოვება.

ჩიპების ქარხნები რუსეთში წარმოებულ ნეონსა და პალადიუმს ჩიპების შეფუთვისა და სენსორთა დამზადებისთვის იყენებენ. ასევე დიდია მოთხოვნა გაზის ლაზერებსა და ლითოგრაფიაში გამოსადეგ უკრაინული ნეონზეც.  

ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ჩიპების ბიზნესთა მესვეურებს დაუკავშირდა, რათა მათთვის მასალათა ალტერნატიული წყაროების მოძიება ერჩია. ამასთან, ჩიპების აღჭურვილობათა ინდუსტრიის ასოციაციამ მისი წევრებისგან რეგიონში არსებული წარმოების მონაცემები გამოითხოვა. ნეონ-პალადიუმის მიწოდების ნებისმიერი სახით შეფერხება ნახევარგამტართა ამჟამად არსებულ დეფიციტს კიდევ უფრო გაამწვავებს და გაახანგრძლივებს, რაც, თავის მხრივ, ავტოინდუსტრიაზე მტკივნეულად აისახება.

პალადიუმის ფასი ბოლო ორი კვირის მანძილზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე 25%-ით გაიზარდა, ვინაიდან უკრაინაში რუსული ექსპორტის შეწყვეტის საფრთხე დადგა. პალადიუმის მსოფლიო მარაგის 25-30% ციმბირში მოიპოვება. 

,,სუპერ-ბოული 2022’’

13 თებერვალს კალიფორნიაში მდებარე ,,სოფაის’’ სტადიონზე ამერიკული ფეხბურთის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ,,სუპერ-ბოული’’ გაიმართა. მატჩში ერთმანეთს ,,ცინცინატი ბენგალსი’’ და ,,ლოს-ანჯელეს რემსი’’ დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი (23-20) ამ უკანასკნელს დარჩა. 

გარდა ტრადიციული სათამაშო ჟინისა და მეგაშოუსი, ეს შეხვედრა ყურადღებას მოგებულთა და წაგებულთა ბონუსებს შორის განსხვავებითაც იპყრობს. ,,ლოს-ანჯელეს რემსის’’ თითოეულმა წევრმა გამარჯვებულის რანგში $150,000 მიიღო. რაც შეეხება ,,ცინცინატი ბენგალსის’’ მოთამაშეებს, ისინი $75,000-ს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ გამართულ უკანასკნელ ,,სუპერ-ბოულთან’’ შედარებით წელს $20,000-ით მეტი პრემია გაიცა. წინასასეზონო გასამრჯელოს როგორც სასტარტო თერთმეტეულის წევრი, ისე სათადარიგო სკამზე მჯდომი და ტრავმირებული მოთამაშეებიც იღებენ.    

,,სუპერ-ბოული’’ პირველად 1967 წელს გაიმართა და მაშინ მისმა ტრიუმფატორმა მონაწილეებმა ბონუსების სახით $15,000 მიიღეს, დამარცხებულებს კი $7,500 ერგოთ. გამარჯვებულთა მაშინდელი წილი დღევანდელი კურსით $128,000-ს უდრის. ბონუსები ამ რაოდენობით 11 წლის განმავლობაში, 1967-78 წლებში გაიცემოდა, შემდეგ კი მან მოგებულთათვის $18,000-მდე, წაგებულებებისთვის კი $9,000-მდე მოიმატა. 

,,რემსისა’’ და ,,ბენგალსის’’ წევრებმა თავთავიანთ დივიზიონებში პირველობისთვის $42,000-მდე ბონუსები უკვე გამოიმუშავეს, რასაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის კონფერენციის ფინალებში გამარჯვებისთვის კიდევ $65,000 დაემატა. ამრიგად, ,,რემსის’’ საშუალოსტატისიკურმა მოთამაშემ მთლიანად $300,000 დააგროვა, მისმა მეტოქემ კი - $225,000. 

 

თებერვალი 15, 2022

პარასკევის სავაჭრო დღის მიმოხილვა

14 თებერვალი, 2022

1. ფედერალური სარეზერვო ბანკის დილემა

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Zillow-ს შედეგიანი კვარტალი

ფედერალური სარეზერვო ბანკის დილემა

იანვარში სამომხმარებლო ფასების მოულოდნელად მკვეთრმა ზრდამ ფედერალური სარეზერვო ბანკის მონეტარული პოლიტიკის ირგვლივ დისკუსიას სათავე ხელახლა დაუდო. შეკითხვა ,,უნდა მიმართოს თუ არა ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ხისტ მეთოდებს?’’ კვლავ აქტუალურია.

განახლდა ფსონებიც - ტექნიკური ანალიზის ტრეიდერები თვლიან, რომ მარტში პროცენტული განაკვეთი არა 0,25%-ით, არამედ 0,5%-ით გაიზრდება. მათ მიერ გამოქვეყნებული იანვრის რეპორტის მიხედვით, 50 პუნქტით გაზრდის შანსი მარტში 90%-ით მატულობს, საბანკო კომიტეტის სხდომა კი 15-16 მარტსაა ჩანიშნული. 

Goldman Sachs ელის, რომ ბანკი წელს განაკვეთებს 7-ჯერ ასწევს, წინა პროგნოზში კი იგი ხუთჯერად ცვლილებას ვარაუდობდა. Сitigroup მიიჩნევს, რომ მომდევნო თვეში პროცენტული მაჩვენებელი 50 პუნქტით მოიმატებს.  

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

Сomcast-ის საკუთრებაში არსებული NBCUniversal სტრიმინგის პლატფორმა Peacock-თან გარიგების დადებასთან ახლოსაა - როგორც The Wall Street Journal იუწყება, იგი თავის კონტენტს Hulu-ს ნაცვლად სწორედ ამ უკანასკნელზე განათავსებს. NBCUniversal ამჟამად Disney-სთან ერთად Hulu-ს მეწილეს წარმოადგენს, ეს ნაბიჯი კი უფრო ნაკლებად მჭიდრო პარტნიორობის ეტაპზე გადასვლას მოასწავებს. 
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) კომიტეტმა Eli Lilly-ის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატისთვის ავტორიზაციის მინიჭება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საცდელი ტესტები მხოლოდ ჩინეთში ჩატარდა. ,,უპირატესად აზიური პოპულაციის კვლევით მიღებული შედეგები არ შეიძლება ეთნიკურად უფრო ჭრელ ამერიკელებზე გავრცელდეს, რომლებიც სინტილიმაბს (მონოკლონურ ანტისხეულებს) იყენებენ’’, - აცხადებს კომიტეტი. 
Affirm-ის (AFRM) აქციები პარასკევს დაეცა, ვინაიდან კომპანიამ ზოგიერთი საკვანძო ფინანსური მაჩვენებელი შემთხვევით Twitter-ზე ნაადრევად გამოაქვეყნა. Affirm, რომელიც ,,იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით’’ ტიპის ფირმაა, შედეგების განთავსების შემდეგ თავდაპირველად გაიზარდა, თუმცა მალევე დაეცა, ვინაიდან მას მიმდინარე კვარტალში ზარალის მკვეთრი ზრდა აღენიშნებოდა. შედეგად, მისი მოგების მარჟის ზომა ინვესტორებს შორის უკვე ეჭვს იწვევს. 
Amazon საწყობის მუშებისთვის პირბადის ტარების წესებს ამარტივებს და ავადმყოფობის შემთხვევაში ანაზღაურებადი შრომისუუნარო პერიოდის წესებს აზუსტებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ყველა დასაქმებულისთვის პირბადის ტარება სავალდებულო დეკემბერში გახადა, რაც ,,ომიკრონის’’ შტამის სწრაფ გავრცელებას უკავშირდებოდა. 
Zendesk-მა კერძო სააქციო კონსორციუმის მიერ შესყიდვის თაობაზე $16 მლრდ-იანი შემოთავაზება უარყო. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია აქამდე ონლაინ-კვლევითი ფირმის, SurveyMonkey-ის მშობელი კომპანიის $4 მლრდ-ად შეძენას ცდილობს. 
,,სუპერ-ბოულის’’ (13 თებერვალი) თამაშზე ფსონი რეკორდული რაოდენობის, 31,4 მლნ-მა ამერიკელმა დადო. ამრიგად, ამერიკული ფეხბურთის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებისთვის ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 35%-ით გაიზარდა. ფსონების საერთოდ მოცულობამ $8 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც აშშ-ს ზოგიერთ შტატში აზარტული გასართობების ლეგალიზებამ და შედეგად გამოწვეულმა 80%-იანმა წლიურმა ნამატმა განაპირობა. მატჩი ,,ცინცინატი ბენგალსსა’’ და ,,ლოს-ანჯელეს რემსს’’ შორის გაიმართა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით (23-20) დამთავრდა. 
 

Zillow-ს შედეგიანი კვარტალი

უძრავი ქონების კომპანია Zillow-მ (Z) მე-4 კვარტლის კორპორატიული ციფრები გამოაქვეყნა, რომლებითაც ანალიტიკოსთა მოლოდინს გადააჭარბა - მიზეზი ისაა, რომ მან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების (iBuying) ინტენსიურობა და მათზე არსებული წნეხი იმაზე სწრაფად შეამცირა, ვიდრე ვარაუდობდნენ. 

Zillow სარფიანი ლისტინგებისა და რეკლამირების ბიზნესებს განკარგავს. დეკემბერში დასრულებულმა მე-4 კვარტალმა მას შემოსავლის სახით $3,9 მლრდ მოუტანა და მიმდინარე ფისკალური მონაკვეთისთვის ოპტიმისტური სურათი შეუქმნა. 

ნოემბერში ფირმამ განაცხადა, რომ აქციების შესყიდვების დასაფინანსებლად დიდი მოცულობის სესხების აღება სჭირდებოდა, რის გამოც iBuying-ზე უარს ამბობდა. ეს უკანასკნელი ალგორითმულად შექმნილი პლატფორმაა, რომელიც, კომპანიის თქმით, საცხოვრებელი ფართის ფასების ზუსტ წინასწარმეტყველებში ცდებოდა ხოლმე. ამრიგად, 2,000-მდე სამუშაო ადგილი (მთლიანი შტატის თითქმის მეოთხედი) გაუქმდა და $500 მლნ-მდე ზარალი ჩამოიწერა.  

Zillow-მ განაცხადა, რომ მან დღემდე iBuying-ის პროგრამის ფარგლებში ნაყიდი ინვენტარის 85%-ზე ან უკვე გასხვისებულია, ან კლიენტებთან წინასწარი შეთანხმების ნაწილია. გასულ კვარტალში მან თითოეულ გაყიდულ სახლზე საშუალოდ $25,000-ზე მეტი დაკარგა. მთლიანი წლის განმავლობაში იგი ამ განყოფილებამ $881 მლნ-ით აზარალა. 



თებერვალი 14, 2022

ხუთშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

11 თებერვალი, 2022

1. ინფლაციის სიმძლავრე აშშ-ს საფონდო ბაზარზე უარყოფითად მოქმედებს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Microsoft-ის ეფ-სთორის ახალი წესდება

4. კლიმატური ცვლილებებისა და გახშირებული წვიმების ეკონომიკური ეფექტი

ინფლაციის სიმძლავრე აშშ-ს საფონდო ბაზარზე უარყოფითად მოქმედებს

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო იუწყება, რომ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად ძლიერდება, რაც ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ პროცენტული განაკვეთების აწევის შანსებს კიდევ უფრო ზრდის და, აქედან გამომდინარე, ინვესტორთა მღელვარებას იწვევს. სამომხმარებლო ფასების ინდექსი (СPI) დეკემბრიდან იანვრის თვემდე 0,6%-ით, წლიურად კი 7,5%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 40 წლის ისტორიული მაქსიმუმია. ეს ყველაფერი საფონდო ინდექსების დინამიკაზე უარყოფითად აისახა: Nasdaq 2%-ით, S&P 500 - 1,8%-ით, Dow კი 1,5%-ით შემცირდა. 

ბოლო სიახლეებს სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა მოჰყვა, ვინაიდან მძლავრი ინფლაცია პროცენტული განაკვეთების აწევის შესახებ ცენტრალური ბანკის პოზიციებს ამყარებს. იგი ამჟამად 2%-ს უტოლდება. 

ტექნოლოგიური სექტორი განსაკუთრებით დაზარალდა. Microsoft-მა (MSFT), რომელსაც Dow-ს აქციებს შორის ერთ-ერთ ყველაზე წარუმატებელი დღე ჰქონდა, 2,9%-ით იკლო. Adobe-ს (ADBE) სააქციო ფასი თითქმის 5%-ით დაეცა. 

S&P 500-ის კომპანიებს შორის ყველაზე კარგი შედეგი Disney-ს (DIS) ჰქონდა, რომელიც კარგი კვარტლური მონაცემებით გამოირჩა (იხ. ქვემოთ). Сoca-Cola-ს (KO) ასევე წარმატებული დღე გამოუვიდა, ვინაიდან მისმა კორპორატიულმა ციფრებმა ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადააჭარბა. 

ნავთობი გაძვირდა - ტეხასური WTI-ის 1 ბარელის ფასი $90-ს აღწევს. შედეგად, ენერგოსექტორის კომპანიების - Diamondback Energy-ისა (FANG) და Occidental Petroleum-ის (OXY) - აქციები გაიზარდა. 

Bitcoin 1,7%-ით გაიაფდა და ამჟამად $43,700-ს უტოლდება. ანალოგიურად იკლო Ether-ის, Solana-სა და სხვა მსხვილი კრიპტოვალუტების ფასმაც. 

 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

  • Disney-ის (DIS) აქციები იზრდება მას შემდეგ, რაც მედიაგიგანტმა თავისი მე-4 კვარტლის შედეგებში სტრიმინგ-პლატფორმის 12 მლნ-მდე ახალი გამომწერი და თემატური პარკებისგან მიღებული რეკორდული სარგებელი აღრიცხა. კომპანიამ ანალიტიკოსთა პროგნოზები როგორც შემოსავლების, ისე წმინდა მოგების მხრივ გააუმჯობესა.
  • Credit Suisse Group-მა მე-4 კვარტალში ნანახი წმინდა ზარალის მოსალოდნელზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც მისი მთავარი კლიენტების, Greensill Capital-ისა და Archegos Capital Management-ის კოლაფსით განპირობებულმა იურიდიულმა ხარჯებმა გამოიწვია. შვეიცარიული ბანკის განცხადებით, 2022 წელი მისთვის ,,გარდამავალი’’ კატეგორიისა იქნება.
  • Mattel-ის (MAT) აქციებმა წინასაბაზრო ტრეიდინგის პერიოდში 10%-ით მოიმატა, რაც შემოსავლებისა და მოგების პროგნოზთა გადაჭარბებით შესრულებამ განაპირობა. სათამაშოების მწარმოებელმა მიმდინარე კვარტლის პერსპექტივაც გააუმჯობესა.
  • Wells Fargo-მ თანამშრომლებს შეატყობინა, რომ საოფისე რეჟიმში მუშაობაზე დაბრუნებას 14 მარტისთვის გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ბანკმა ეს თარიღი გართულებული ეპიდსიტუაციის გამო წარსულში სამჯერ შეცვალა.
  • თეთრი სახლი შტატებს ელექტრომანქანების დამტენი სადგურების გასამართად $5 მლრდ-ს გამოუყოფს. ამ გეგმის მიხედვით, პრიორიტეტი შტატთაშორის მაგისტრალებს და სწრაფი დამუხტვის პანელებს მიენიჭება.
  • McDonald’s-მა ,,მეტავერსში’’ ვირტუალური რესტორნის შესაქმნელად სავაჭრო ნიშნის თაობაზე განაცხადი შეავსო. აქამდე მსგავსი ტიპის შეთავაზებით ყოფილ Facebook-ს კიდევ Walmart-მა, Panera Bread-მა და Nike-მა მიმართეს. 

 

Microsoft-ის ეფ-სთორის ახალი წესდება

Microsoft-მა თავისი ეფ-სთორის პრინციპების განახლებული კრებული გამოაქვეყნა: დეველოპერებს, რომლებსაც აქამდე კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტები ჰქონდათ დადგენილი, აპლიკაციაზე წვდომის გზა გაუმარტივდებათ. ამ ნაბიჯს წინ კომპანიის მიერ სამთავრობო ნებართვის მოპოვება უძღოდა, რომლის თანახმად Activision Blizzard-ის $68,7 მლრდ-ად შეძენა შესაძლებელი გახდა. 

Microsoft-ის ერთ-ერთი ახალი პრინციპი დეველოპერებს საშუალებას აძლევს, გადახდის პროცესორი სურვილისამებრ შეარჩიონ. ეს დამატებითი წნეხია Apple-სთვის, რომელსაც ასეთივე საკითხზე Epic Games ედავება და ანტიკონკურენტულ ქცევაში ამხელს.  

პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი აცხადებს, რომ განახლებული წესდება მისი Windows-ის ოპერატიულ სისტემას, Xbox-ის გეიმინგ-კონსოლსა და მის კუთვნილებაში სამომავლოდ არსებულ ნებისმიერ ეფ-სთორს შეეხება. კომპანიის ბლოგ-პოსტში აღნიშნულია, რომ ეფ-სთორის ამჟამინდელი წესები აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მიღებული ანტიტრესტულ კანონმდებლობათა მოდელს ეფუძნება.  

Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის შეძენის საქმეს აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) განიხილავს. ეს უკანასკნელი ისეთი თამაშების გამოშვებითაა ცნობილი, როგორებიცაა ,,Call of Duty’’, ,,Candy Crush’’ და ,,World of Warcraft’’.

 

კლიმატური ცვლილებებისა და გახშირებული წვიმების ეკონომიკური ეფექტი

კლიმატური გავლენების პოტსდამის კვლევითი ინსტიტუტი (PIK) ახალ ციფრებს აქვეყნებს, რომლებიც ადასტურებს, რომ ჰავის ცვლილებებით გამოწვეული უხვნალექიანობა და წყალდიდობების სიმრავლე გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. კვლევა, რომელიც გასულ 40 წელიწადს მოიცავს და 1,500-ზე მეტ გეოგრაფიულ რეგიონს აერთიანებს, ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებში (აშშ, გერმანია, იაპონია) ამ ეფექტის განსაკუთრებულ სიმძაფრეზე მიუთითებს.     

წვიმების გახშირება ატმოსფეროში სათბური გაზების რაოდენობის მატებას უკავშირდება, რაც ჰაერის საშუალო ტემპერატურის ზრდას განაპირობებს. ჰაერის გათბობა, თავის მხრივ, წყლის ინტენსიური ცირკულაციასა და აორთქლების პროცესს ხელს უწყობს, რაც ავდრიანი ამინდების მომრავლებას იწვევს. 

კვლევის მესვეური ლეონი ვენცი ამბობს, რომ ,,ეს ადამიანების შრომისუნარიანობასა და კეთილდღეობას უშუალოდ ეხება’’. მისი პოზიციის მიხედვით, კვლევა კლიმატურ ცვლილებათა არსის სათანადოდ გააზრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თანაავტორი ანდერს ლივერმანი კი დასძენს, რომ ყოველდღიურ ნალექებსა და ეკონომიკურ პროცესებს შორის არსებული კორელაცია ფართო აუდიტორიისთვის ამიერიდან თვალსაჩინო უნდა გახდეს. 

 

თებერვალი 11, 2022

ოთხშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

10 თებერვალი, 2022

1. აშშ-ს საფონდო ბირჟებზე კორპორატიული მონაცემების გამოქვეყნების სეზონი გრძელდება

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Apple გაზაფხულზე ტრანზაქციის ახალი პლატფორმით წარსდგება

4. აშშ-ში შიდამეურნეობების ვალი $1 ტრლნ-ს აჭარბებს

 

აშშ-ს საფონდო ბირჟებზე კორპორატიული მონაცემების გამოქვეყნების სეზონი გრძელდება

აშშ-ის საფონდო ბაზარზე ფიუჩერსების აღმასვლა გრძელდება, რაც კორპორატიული შედეგების სეზონის ,,გახურებითაა’’ გამოწვეული. Dow-ს ინდექსი 370-ზე მეტი პუნქტით გაიზარდა, რასაც ხელი განსაკუთრებით Amgen-ის (AMGN) ძლიერმა კვარტლურმა მონაცემებმა და თითქმის 8%-იანმა ზრდამ შეუწყო. The S&P 500-მა 0,8%-ით, Nasdaq-მა კი 1,3%-ით იმატა.  

დღეს თავიანთ ციფრებს ისეთი კომპანიები გამოაქვეყნებენ, როგორებიცაა Disney, CVS Health, Uber, Toyota და Yum! Brands არიან. S&P 500-ის კომპანიების თითქმის 60%-მა მე-4 კვარტალში ანალიტიკოსთა პროგნოზებს საშუალოდ 77%-ით გადააჭარბა. 

აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 1,92%-მდე დაეცა. მალე ადგილობრივი ხელისუფლება სამომხმარებლო ფასების ინდექსის (СPI) უახლოეს მონაცემებს წარმოადგენს - ექსპერტები იანვრის თვიდან მაჩვენებლის 0,4%-იანი და წლიური 7%-იანი ზრდის მოლოდინში არიან. 

Europe 600 index jumping 1.5%. აზიაში საფონდო ინდექსების უმეტესობამ მოგება აჩვენა: Hang Seng (ჰონგ-კონგი) 2%-ით, Nikkei (ტოკიო) კი 1,1%-ით გამყარდა. ევროპაში საშუალო STOXX Europe 600-ის ინდექსი 1,5%-ით მატულობს. 

ნავთობი იაფდება, რასაც წინ აშშ-ირანის ბირთვულ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები უძღვის. შეთანხმებამ შესაძლოა ირანულ ნავთობზე აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს წერტილი სწრაფად დაუსვას და ბაზარი ახალი მარაგებით გაამდიდროს. ამჟამად ,,შავი ოქროს’’ ღირებულება $89-ზე ოდნავ ნაკლებია. 

Bitcoin ბოლო 24 საათში დაახლოებით 2%-ით გამყარდა და ამჟამად $44,100 ღირს. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა კრიპტობირჟაზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად მოპარული $3,6 მლრდ-ის ღირებულების ციფრული თანხის კონფისკაცია მოახდინა. ამჟამად ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირია დაპატიმრებული, რომლებსაც შემოსავლების გათეთრებას ედავებიან. 
Uber-მა მე-4 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვით მისი შემოსავლების ზრდის პერსპექტივა მატულობს. კარგი კორპორატიული შედეგები საკვების მიწოდების სერვისზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ამჟამად კომპანია თავის ბიზნესზე Сovid-19-ის ,,ომიკრონის’’ ვარიანტის გავლენის შესაძლო მასშტაბს განიხილავს. 
Toyota-მ თავისი მიზნობრივი პროდუქციის მოცულობა 500,000 ერთეულით შეამცირა, რაც კომპიუტერული ჩიპების მწვავე დეფიციტითაა განპირობებული. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის საშემოსავლო პროგნოზი ამ წლისთვის არ იცვლება.  
Lyft-ის (LYFT) სააქციო ფასი ეცემა - კვარტლურმა მოგებამ ანალიტიკოსთა პროგნოზებს გადააჭარბა, თუმცა ახლო მომავლის საშემოსავლო პროგნოზები არადამაკმაყოფილებელია. Lyft-ის ამჟამინდელი მძღოლების რიცხვი წინა კვარტლის მაჩვენებელს და ანალიტიკოსთა მოლოდინს ასევე ჩამორჩება. 
Chipotle-ს (CMG) აქციები მოსალოდნელზე უკეთესი კვარტლური მოგების დაფიქსირების შემდეგ იზრდება. მექსიკურ სამზარეულოში სპეციალიზებული კომპანიის დირექტორი ბრაიან ნიკოლი ამბობს, რომ ინგრედიენტებისა და სამუშაო ძალის გაძვირების კომპენსირებას მენიუს ფასების მომატებით გეგმავს. 
Disney, Sony, and ViacomCBS ინდოეთის პრემიერ-ლიგის (კრიკეტი) ტრანსლირების უფლების მოპოვებას ცდილობენ - სამი მედიაგიგანტი ერთმანეთს მილიარდიანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარული სპორტული თამაშების სტრიმინგში ეცილება. 

Apple გაზაფხულზე ტრანზაქციის ახალი პლატფორმით წარსდგება

,,აიფონების’’ მფლობელები მალე გადახდის ახალი სერვისით ისარგებლებენ - პროდუქციის ყიდვა შესაძლებელი ტელეფონის ეკრანზე თითის უბრალო დადებით ხდება. Apple აცხადებს, რომ ის ,,Tap to Pay’’-ის (,,დააჭირე და გადაიხადე’’) სახელწოდების აპლიკაციას ,,აიფონის’’ ფუნქციებში მე-2 კვარტალში დაამატებს. ეს უკანასკნელი კლიენტებს საშუალებას მისცემს, საფასური ელექტრონული საკრედიტო და სადებეტო ბარათებით გადაიხადონ. მასში მომხმარებლის სხვა პირადი ციფრული ,,საფულეებიც’’ განთავსდება. ამ ტიპის ტრანზაქციას დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფა ან ცალკეული ტერმინალი არ დასჭირდება.  

Apple-ის თანახმად, ახალ პლატფორმაზე წარმოდგენილი პირველი გადახდის პროცესორი კომპანია Stripe იქნება - იგი ბინას Shopify-ის გაყიდვის განყოფილებაში გაზაფხულისთვის დაიდებს, მოგვიანებით კი სხვა პროგრამებიც დაემატება. 

Apple Pay-სა და Apple Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯენიფერ ბაილი ამბობს, რომ ,,Tap to Pay’’ ბიზნესებისთვის გადახდის ელექტრონულ პროცესს შეუდარებლად გაამარტივებს. Stripe-ის ბიზნეს-დირექტორი ბილი ალვარადო კი დასძენს, რომ კლიენტები ფულის მიღებას ,,ჯიბიდან ამოღებული მოწყობილობით’’ შეძლებენ. ,,Tap to Play’’-ის მომხმარებელთა გადახდის პერსონალური მონაცემები Apple Pay-ის მსგავსი ტექნოლოგიით იქნება დაცული. 

აშშ-ში შიდამეურნეობების ვალი $1 ტრლნ-ს აჭარბებს

ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიხედვით, აშშ-ში შიდამეურნეობების ვალის ოდენობა 2021 წელს ტრილიონიან ნიშნულს გადასცდა, რაც 2007 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ახალი ისტორიული მაქსიმუმია. მთლიანი სამომხმარებლო სესხის მოცულობა ქვეყნის მასშტაბით $15,6 ტრლნ-ს აღწევს, რაც 2020 წლის შემდეგ ტრილიონიანი ნამატის შედეგია. ამ პერიოდში აშშ-ს ცენტრალურმა ფინანსურმა უწყებამ პროცენტული განაკვეთები ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით მკვეთრად გაზარდა, რამაც ამ რიცხვის ზრდას ხელი კიდევ მეტად შეუწყო. 

ვალის ზრდის უმეტესი ნაწილი როგორც იპოთეკურ, ისე ავტოსესხებზე მოდის. საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასმა გასულ წელს დაახლოებით 20%-ით მოიმატა, რაც იპოთეკურ განაკვეთებზე შესაბამისად აისახა. რაც შეეხება ავტოსესხებს, ახალი მანქანების გაძვირებამ მათი მოცულობა $734 მლრდ-მდე გაზარდა. 

ამასთან, ამერიკელთა საკრედიტო ბარათების ანგარიშებზე მე-4 კვარტალში დაახლ. $50 მლრდ აისახა, რაც კვარტლური ნამატის რეკორდია. მთლიანმა საკრედიტო ბალანსმა წლის ბოლოსთვის $856 მლრდ-ს მიაღწია (2 წლით ადრე იგი $927 მლრდ-ს უტოლდებოდა). სამომხმარებლო სესხების დაფარვის ვადების გადაცილებათა შემთხვევები კვლავ რეკორდულ მინიმუმზე რჩება, თუმცა საკითხავია, როგორ მოიქცევიან ამერიკელები მზარდი განაკვეთებისა და ვალების გაბევრების პირობებში. 

 

თებერვალი 10, 2022

ხუთშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

23 დეკემბერი, 2021

1. 2021 - IPO-ს წელი

2. Pfizer-ის შემდეგ უკვე Merck-ის კოვიდ-მედიკამენტიც მტკიცდება

3. ინფლაციის რეკორდული ზრდა აშშ-ში

2021 - IPO-ს წელი

2021 წელი IPO-ებისთვის სარეკორდო გამოდგა - Ernst & Young Global Limited-ის (EY) მიხედვით, პირველადი საჯარო შეთავაზებების გლობალური მოცულობა 64%-ით გაიზარდა, მათი მეშვეობით მიღებულმა შემოსავლებმა კი 67%-ით იმატა. სულ ამ კალენდარულ წელიწადში 2,388 მსგავსი ოპერაცია შედგა, რომლებითაც $450 მლრდ-ზე მეტი თანხა გამომუშავდა. EY ასევე ხაზს უსვამს, რომ მე-4 კვარტალში საჯარო დებიუტების ასეთი დიდი რიცხვი 2007 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. 

რეგიონების მიხედვით IPO-ები განსაკუთრებით ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და აფრიკის საფონდო ბირჟებზე მომრავლდა, სადაც ოპერაციათა 158%-იანი და შემოსავლების 214%-იანი ზრდა დაფიქსირდა. სულ ამ მაკროგეოგრაფიულ არეალში 724 საჯარო დებიუტი შედგა, რომლებმაც $109 მლრდ-ის მოზიდვა განაპირობეს. რაც შეეხება ახალ სამყაროს, აქ $174 მლრდ-ის ღირებულების (+78%) 528 გარიგება დაიდო, რაც ასევე განსაკუთრებულ აქტივობაზე მიუთითებს.  

წელს IPO-ების ყველაზე დიდი რაოდენობით ტექნოლოგიური სექტორი გამოირჩა, სადაც 611-მა შეთავაზებამ $147 მლრდ მოიტანა. ამრიგად, ეს სექტორი IPO-ების მხრივ უკვე ზედიზედ მე-6 კვარტალში ლიდერობს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის სფეროა.

EY აღნიშნავს, რომ IPO-აქტივობა შესაძლოა 2022 წელს ინფლაციისა და ახალი კოვიდ-შტამების გამოჩენის რისკების გამო შენელდეს. კომპანიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საფონდო ლისტინგის კანდიდატები მზარდი საბაზრო ვოლატილობის (არასტაბილურობა) მოლოდინში უნდა იყვნენ, რის გამოც მათ მეტი მოქნილობა უნდა გამოიჩინონ და ფინანსური საჭიროებების შემთხვევაში ალტერნატიული გეგმები წარმოადგინონ. 

Pfizer-ის შემდეგ უკვე Merck-ის კოვიდ-მედიკამენტიც მტკიცდება

Merck-ის მოლნუპირავირი კოვიდ-თერაპიის რიგით მეორე ორალური საშუალებაა, რომელიც აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა. მედიკამენტმა ოფიციალური ნებართვა Pfizer-ის პაქსლოვიდისთვის ავტორიზაციის მინიჭებიდან 1 დღის შემდეგ მიიღო. ორივე მათგანი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მოლნუპირავირი ამჟამად მხოლოდ 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული (პაქსლოვიდისთვის ასაკობრივი ზღვარი 12 წელია). ამასთან, იგი ალტერნატიული თერაპიული საშუალებების უქონლობის ან კლინიკური არათავსებადობის შემთხვევაში გაიცემა. 

დოქტორი პატრიცია კავაზონი, წამლების კვლევა-ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მოლნუპირავირის შეზღუდული გამოყენებადობის მიუხედავად, იგი პანდემიასთან საბრძოლველად ქვეყნის ,,არსენალში’’ მნიშვნელოვანი დანამატია, ვინაიდან ამ დროს ,,ომიკრონი’’ და სხვა ახალი შტამები ვრცელდება.

Merck-ის აღმასრულებელი დირექტორი რობერტ დეივისი FDA-ის ამ გადაწყვეტილებას ,,საკვანძოს’’ უწოდებს, რომლითაც იგი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის მნიშვნელობას აღწერს. ვენდი ჰოლმანი, რომელიც Merck-ის ბიზნეს-პარტნიორის, Ridgeback Biotherapeutics-ის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ მოლნუპირავირზე მუშაობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც Сovid-19-ს თავისი ოფიციალური სახელწოდებაც არ ჰქონდა. ,,ამ მედიკამენტით მკურნალობის კურსის დამტკიცება ნიშნავს, რომ ორალური მედიცინა ჰოსპიტალში მოხვედრისგან ადამიანების დაცვაში დიდ ნაბიჯს დგამს’’, აცხადებს ჰოფმანი. 

Merck დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილების მოლოდინში მან აბების წარმოება უკვე დაიწყო, წლის ბოლომდე კი 10 მლნ-მდე მკურნალობის კურსის უზრუნველყოფას შეძლებს. 2022 წლისთვის იგი ამ რიცხვის მინიმუმ 20 მლნ-მდე გაზრდას ელოდება. 

ინფლაციის რეკორდული ზრდა აშშ-ში

აშშ-ის ფედერალური ბანკის ანგარიში მოწმობს, რომ სამომხმარებლო დონეზე ინფლაცია გასულ თვეში იმგვარი ტემპით გაიზარდა, როგორც ბოლო 40 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ეკონომიკური ანალიზის ბიურო (BEA) იტყობინება, რომ პერსონალური მოხმარების დანახარჯების (PCE) ინდექსი 1 წელიწადში 5,7%-ით გაიზარდა. ასეთი მაჩვენებელი 1982 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. საბაზისო PCE-მ, რომელიც მხოლოდ საკვებისა და ენერგოსაშუალებების არასტაბილურ ფასებს არ აღრიცხავს, ამავე პერიოდში 4,7%-ით მოიმატა (პირველად 1989 წლის შემდეგ). 

მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი საწვავის ფასებია - ენერგეტიკულ პროდუქცია და მომსახურება 34%-ით გაძვირდა. საყოფაცხოვრებო პროდუქტების ფასმა 8,5%-ით მოიმატა, ხანგრძლივად მოხმარებადი პროდუქტებისა - 9,7%-ით. საკვები 5,6%-ით გაძვირდა, რასაც თან მომსახურების 4,3%-იანი ნამატი ემატება.  

საყურადღებოა, რომ სამომხმარებლო დანახარჯი ოქტომბრიდან ნოემბრის თვემდე 0,6%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის ფონზე მისი ცვლილება შეუმჩნეველია. ეკონომისტები ამას მომხმარებელთა საერთო განწყობას უკავშირებენ, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო მიწოდების სისტემის გაუმართაობას უკავშირდება - აქედან გამომდინარე, ისინი ფულის შეძლებისდაგვარად დაზოგვას ამჯობინებენ.

დეკემბერი 24, 2021