16 თებერვალი, 2022
1. აშშ-ს საფონდო ბაზარმა ვარდნა შეწყვიტა
2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3. ნავთობის ფასი პიკის მიღწევის შემდეგ მცირდება
4. ილონ მასკის საქველმოქმედო შემოწირულობანი
აშშ-ს საფონდო ბაზარმა ვარდნა შეწყვიტა
აშშ-ს საფონდო ბირჟები სამდღიანი ვარდნის შემდეგ მზარდ დინამიკას დაუბრუნდნენ, რაც უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის საფრთხის შესაძლო განეიტრალებით აიხსნება. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ზოგიერთი საჯარისო შენაერთი უკრაინის საზღვრის ახლომდებარე ტერიტორიას ტოვებს, რაც ინვესტორებმა უფრო სტაბილური ობლიგაციებიდან ფულის გამოტანისა და აქციებში დაბანდების ნიშნად აღიქვეს. აშშ-ს 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 2,04%-ს გაუტოლდა, რამაც საფინანსო სექტორის კომპანიათა აღმავლობას ხელი შეუწყო.
ნავთობის ფიუჩერსები თითქმის 3%-ით გაიაფდა, რაც უკრაინაში ომის დაწყებისა და მიწოდების კლების საშიშროების შემცირებამ განაპირობა. ამან ავიაკომპანიებისა და საკრუიზო ხაზების აქციათა ზრდას ხელი კიდევ უფრო შეუწყო, ენერგოსექტორმა კი, პირიქით, ვარდნა განიცადა.
Dow-ს აქციებიდან 4 კომპანიის გარდა ყველამ მოიმატა. მათ სათავეში Salesforce (CRM) და Boeing (BA) ჩაუდგნენ: ორივე მათგანი 3%-ზე მეტით გაიზარდა. კარგი დღე გამოდგა FAAMG-ის ფირმებისთვისაც, განსაკუთრებით კი Apple-ისთვის (AAPL), რომლის აქციები 2%-ზე მეტით გამყარდა. Tesla (TSLA) 5%-იანი ნამატით გამოირჩა.
დღის მთავარი გმირი კი კოსმოსური ტურიზმის კომპანია Virgin Galactic (SPCE) გახდა, რომელმაც გამოაცხადა, რომ სუბორბიტული ფრენებისთვის ბილეთების გაყიდვა 17 თებერვლიდან დაიწყება. ამ ცნობის შემდეგ მისი აქციები მაღლა 32%-ით ,,აიჭრა’’.
გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
Intel კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელ Tower Semiconductor-ს (TSEM) $5,4 მლრდ-ად შეიძენს. ამ უკანასკნელის პროდუქცია როგორც ავტომობილებში, ისე სამედიცინო და ინდუსტრიულ აღჭურვილობებში გამოიყენება. სიახლეს Tower-ის აქციათა 40%-იანი ზრდა მოჰყვა.
აშშ-ს სენატის საბანკო კომიტეტი ფედერალური სარეზერვო ბანკის მომდევნო თავმჯდომარის ვინაობის დასასახელებლად ემზადება - კანდიდატებს შორის უწყების მოქმედი ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი, ასევე ლეილ ბრენარდი (სხვადასხვა ცნობით ბაიდენის ფავორიტი), ლიზა კუკი, ფილიპ ჯეფერსონი და სარა ბლუმ რასკინი არიან.
ტეხასის გენერალურმა პროკურორმა Meta-ს Facebook-ის წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა, რომლის მიხედვით სოციალური მედიის გიგანტმა კონფიდენციალურობის დაცვის ადგილობრივი წესები დაარღვია: საუბარია ამჟამად დისფუნქციურ სახის ამომცნობ ტექნოლოგიაზე, რომელმაც ტეხასის მილიონობით რეზიდენტის ბიომეტრული მონაცემები მათი თანხმობის გარეშე მოიპოვა.
Ford Motor აცხადებს, რომ მისი ქარხნების დახურვა გაგრძელდება, რაც ნახევარგამტარი ჩიპების გლობალური დეფიციტის სიმწვავით არის გამოწვეული. გასულ ექვსდღიან მონაკვეთში ავტომწარმოებელმა ჩრდ. ამერიკაში 8 ქარხნის მუშაობა გააჩერა, ამჟამად კი იგივეს ოჰაიოსა და კანზას-სიტიში გეგმავს.
Microsoft თანამშრომელთა სამსახურებში დაბრუნებას თებერვლის ბოლოსთვის გეგმავს. კომპანია ვაშინგტონის შტატში (ქ. სიეტლში მისი სათავო ოფისი მდებარეობს) არსებულ ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც ვაქცინაციის ტემპის ზრდასა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენელის შემცირებაზე მიუთითებს.
ნავთობის ფასი პიკის მიღწევის შემდეგ მცირდება
,,შავმა ოქრომ’’ შვიდწლიანი მაქსიმუმის დაფიქსირების შემდეგ უკან დაიხია, რაც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან მომავალ ცნობებს უკავშირდება: რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს კონცენტრირებული ზოგიერთი საჯარისო შენაერთი კონფლიქტის ზონიდან გაიყვანა. ვითარების შესაძლო განმუხტვის ნიშნებმა თავი ნავთობის დინამიკაშიც იჩინა - 15 თებერვალს 1 ბარელი 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ, $100-იან ნიშნულს მიუახლოვდა, დღეს კი მან უკვე კლება დაიწყო.
რუსეთი მსოფლიოში ,,შავი ოქროს’’ სიდიდით მესამე ექსპორტიორია, რომელიც ყოველდღიურად 5 მლნ ბარელ (მთლიანი პროდუქციის თითქმის 12%) ნედლ ნავთობს აწარმოებს. გარდა ამისა, იგი დანარჩენ ქვეყნებს სხვა ტიპის კიდევ 2,5 მლნ ნავთობპროდუქტს აწვდის, რაც გლობალური მოცულობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. რუსეთის უმთავრეს ბაზარს ევროპა (დაახლ. ექსპორტის 60%) და ჩინეთი (30%) წარმოადგენს.
რუსეთის ეკონომიკა საწვავის გასაღებაზე დიდად არის დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ,,საპასუხო დარტყმის’’ მიყენების მიზნით ქვეყანა ნავთობის ექსპორტის განახევრებაზე თანახმა იყოს. თუ რისამე პროდუქცია შემცირდა, ეს, უპირველესად, ისევ ბუნებრივი გაზი იქნება, რომლის მიწოდებაც უკრაინის გავლით ხორციელდება. რუსეთი მეზობლებს დღეში 651 მლნ კუბურ მეტრ გაზს აწვდის, რაც გლობალური მოცულობის 25%-ია. ამ პროდუქციის 85% ევროპაში მიდის.
უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი მილსადენი საშუალოდ ყოველდღე 113 მლნ კუბურ მეტრ გაზს ატარებს, თუმცა ამჟამად იგი თავისი ტევადობის ნახევრით ოპერირებს. შემცირებული მიწოდების გამო ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.
ილონ მასკის საქველმოქმედო შემოწირულობანი
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა 2021 წელს ქველმოქმედების სახით ავტომწარმოებლის დაახლ. $6 მლრდ-ად შეფასებული აქციები გაიღო, რაც წლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო შემოწირულობაა. ეს აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის კომისიის (SEC) დოკუმენტებით დასტურდება, რომლის მიხედვით 19-29 ნოემბრის ფარგლებში მასკმა ანონიმურ საქველმოქმედო ორგანიზაციას (თუ ორგანიზაციებს) 5,044,000 აქცია გადასცა, რომელთა საერთო ღირებულება $5,74 მლრდ-ს აღწევს. დონორის სახელდება ამ დოკუმენტებში არ ჟღერდება.
დონაცია ორთვიან პერიოდს მოიცავდა, რომლის მანძილზე მასკმა კომპანიის $16,4 მლრდ-ად ღირებული აქციები გაყიდა. მანამდე მან საკუთარი Twitter-ის გვერდის გამომწერთა შორის ონლაინ-გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მისი წილის 10%-ის გასაღებას ეხებოდა.
აქციების საჩუქრად გაცემა მასკისთვის დაკისრებულ ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს შეამცირებს. დეკემბერში მან განაცხადა, რომ ეს თანხა $11 მლრდ-ს აღემატებოდა, რაც ისტორიაში აქამდე ინდივიდუალურ პირს ჯერ არ გადაუხდია.
,,ფილანთროპიის ქრონიკების’’ (Chronicle of Philanthropy) გამომცემლობის თანახმად, 2021 წელს მასკზე მეტი თანხა საქველმოქმედო ფონდებისთვის მხოლოდ ბილ და მელინდა გეითსებმა ($15 მლრდ) გაიღეს.