საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

2 მარტი, 2022

1. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აშშ-ს საფონდო ბაზარზე

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Сitigroup და რუსული ბაზრის პერიპეტიები 

4. Stellantis-ის დეკადის გეგმები

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა აშშ-ს საფონდო ბაზარზე

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციამ აშშ-ს საფონდო ბირჟებზე უარყოფითი ეკონომიკური ეფექტის გამო შეშფოთება გამოიწვია, რასაც შემდგომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, საფონდო ბაზრის კიდევ უფრო დაცემა და საყოფაცხოვრება პროდუქტების გაძვირება მოჰყვა. 

კონფლიქტი მიწოდების შეფერხების საფრთხეს ზრდიდა, რამაც როგორც საწვავი, ისე  მარცვლეული გააძვირა. ნავთობის ფიუჩერსმა $106,78-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ბოლო 8 წლის რეკორდია. გარდა ამისა, ბენზინი - 5%-ით, მაზუთი - 8%-ით, ბუნებრივი აირი კი 3%-ით გაძვირდა. ხორბლის ფიუჩერსები 2008 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმზეა. იგი, სიმინდის მსგავსად, სავაჭრო ლიმიტს აღწევს.

ინვესტორებმა კვლავ ტრადიციულ თავშესაფრებს, ობლიგაციებს, მიაშურეს. აშშ-ს 10-წლიანი ბონდების შემოსავლიანობა 12 საბაზისო პუნქტით (BPS) შემცირდა და 1,71%-იან ნიშნულამდე ჩამოვიდა. ოქროს ფიუჩერსები ბოლო 16 თვის მაქსიმუმზეა, ვერცხლი კი 5%-ით გაძვირდა. დოლარი იაპონურ იენთან მიმართებაში დაეცა.

ყველაზე ცუდი დღე საფინანსო სექტორს დაუდგა: American Express (AXP) 8%-ით შემცირდა და Dow-ის ყველაზე წარუმატებელ აქციებს შორის აღმოჩნდა. Visa-ს (V), JPMorgan Chase-ისა (JPM) და Goldman Sachs-ის (GS) აქციები 3%-ზე მეტით დაეცა. Boeing-მა (BA) 5%-იანი დანაკარგი ნახა. იზარალა ტექნოლოგიურმა სექტორმაც - FAAMG-ის ყველა აქცია დაეცა. ამასობაში Apple-მა (AAPL) გამოაცხადა, რომ რუსეთში პროდუქციის გაყიდვას შეწყვეტს.

დღის წარმატებულ აქციებს შორის იყვნენ: Chevron (CVX) - ენერგეტიკული სექტორიდან,  Lockheed Martin (LMT) და Northrup Grumman (NOC) - თავდაცვის კონტრაქტორები, Nordstrom (JWN) - საცალო ვაჭრობის პლატფორმა. Target-მა (TGT) მოსალოდნელზე უკეთესი კვარტლური შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რის გამოც სესია აქციების ზრდით დაასრულა.

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ და Nasdaq-მა აშშ-ს ლისტინგში მყოფ ზოგიერთ რუსულ კომპანიასთან სავაჭრო ურთიერთობა შეწყვიტა, რომელიც უკრაინასთან გაჩაღებული ომის გამო დაწესებული სანქციების ნაწილია. ამ კომპანიებში შედიან: Mobile TeleSystems (ტელეკომუნიკაციების ოპერატორი), Mechel PAO (ფოლადის წარმოება), Cian (უძრავი ქონება), Yandex (სამგზავრო-საძიებო სისტემა) და Ozon Holdings (ონლაინ-ტრეიდინგი). 
ელექტრომობილების კომპანია Lucid-ის (LCID) აქციები მას შემდეგ ,,ჩაიძირა’’, რაც მან მიმდინარე წლის პროგნოზებში წარმოების 40%-ით შემცირების შესახებ მიუთითა. ფირმა შემკვეთებს ადრინდელი 20,000 ერთეულის ნაცვლად 12,000-დან 14,000-მდე ავტომობილს მიაწვდის. 
ზოგიერთი ცნობით, ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) Amazon-ის მიერ MGM Studios-ს შესაძლო შესყიდვის საქმის მოსაკვლევად ემზადება. გარიგება, სავარაუდოდ, $8,5 მლრდ დაჯდება. სააგენტოს შეუძლია გადაწყვიტოს, აღძრას თუ არა საქმე უახლოეს კვირებში.
Zoom-ის (ZM) აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც ვიდეოკონფერნციების პლატფორმამ 1-ლი კვარტლისა და მთელი ფისკალური წლის იმედგამაცრუებელი პროგნოზები წარმოადგინა. გასულ კვარტალში 21%-იანი ზრდა კომპანიისთვის საჯარო დებიუტის შემდეგ ყველაზე მცირე მაჩვენებელია. ეს Zoom-ზე ზეწოლას აძლიერებს - შეუძლია კი პანდემიისდროინდელი ბუმის შემდეგ განვითარების გაგრძელება.
 

Сitigroup და რუსული ბაზრის პერიპეტიები

Citigroup-ის განცხადებით, მისი მთლიანი ექსპოზიცია რუსეთში 2021 წლის ბოლოს თითქმის $10 მლრდ-ით განისაზღვრებოდა. ეს ადრინდელ შეფასებას აღემატება და კითხვებს აჩენს, მოუწევს თუ არა ბანკს პოტენციური ზარალის დასაფარად დიდძალი სახსრების გამოყოფა. 

Citigroup-ისთვის რუსეთი ტოპ-ექსპოზიციის მქონე 25 ქვეყანას შორის 21-ე ადგილს იკავებს. იგი ამ ბაზარზე $5,4 მლრდ-ის მოცულობის სესხით, ფასიანი ქაღალდებითა და ფინანსური ვალდებულებებით არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ,,რუსეთის ბანკში’’ არსებული $1 მლრდ ქეში და $1,8 მლრდ რეპოა. რაც შეეხება დამატებით რუსულ კონტრაქტორებს, მათ შორის ექსპოზიცია $1,6 მლრდ-ს უტოლდება. 

სახსრების ნაწილი სამომხმარებლო ბანკს ეკუთვნის, რომლის გაყიდვას Citi ბოლო პერიოდში ცდილობდა. ის მოსკოვში სამი, სანკტ-პეტერბურგში კი ორი ფილიალით არის წარმოდგენილი. რუსეთისთვის ახლახან დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა სამომხმარებლო ბანკის გაყიდვა გაართულოს. 

Citigroup (С) არის ამერიკული ბანკი, რომელიც რუსეთში ყველაზე დიდი ექსპოზიციით არის წარმოდგენილი - მისი საერთო აქტივების მოცულობა $2 ტრლნ-ს აჭარბებს. ბოლო  სესიაზე მისი აქციები თითქმის 5%-ით, მიმდინარე წლის სხვაობა კი 6%-ს შეადგენს.

Stellantis-ის დეკადის გეგმები

ავტომწარმოებელმა Stellantis-მა (STLA) ახალი სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა, რომლის ამოცანა ათწლეულის ბოლოს წმინდა შემოსავლის გაორმაგება, 2038 წლისთვის კი მთლიან პროდუქციაში  ნახშირბადის გაზის ნულოვანი ემისიის მიღწევაა. მან ასევე პირველი სრულად ელექტრონული ჯიპის მოდელი წარმოადგინა. 

აღმასრულებელმა დირექტორმა კარლოს ტავარესმა განმარტა, რომ „Dare Forward 2030’’-ის სახელით ცნობილი პროგრამა 2030 წლისთვის გაყიდვების მოცულობის 300 მლრდ ევრომდე ($335 მლრდ) ასვლას ითვალისწინებს. საოპერაციო შემოსავლების მარჟამ ორნიშნა რიცხვს უნდა მიაღწიოს. 

გარდა ამისა, ავტომწარმოებელი ვარაუდობს, რომ 2030 წელს თავისუფალი ფულადი სახსრების (FCF) სახით 20 მლრდ ევროზე მეტს ($22 მლრდ) გამოიმუშავებს. ის ასევე მიზნად დივიდენდის გადახდის კოეფიციენტის 25%-დან 30%-მდე აწევას (2025) და მისი აქციების 5%-ის ხელახლა შესყიდვას ისახავს. 

ტავარესმა აღნიშნა, რომ დეკადის ბოლოს Stellantis-ის მიერ ევროპაში გაყიდული მანქანების 100% (აშშ - 50%) უნდა ელექტრონიზდეს. რაც შეეხება ელექტროჯიპს, იგი მომავალი წლის დასაწყისში გამოვა, ახალი Ram 1500 BEV პიკაპი კი დღის სინათლეს 2024 წელს იხილავს. 

მარტი 02, 2022

ორშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

1 მარტი, 2022

1. აშშ-ს საფონდო ბაზარი თებერვლის თვეს კლებადი დინამიკით ასრულებს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. BP რუსულ ნავთობკომპანიასთან კონტრაქტს წყვეტს

1. აშშ-ს საფონდო ბაზარი თებერვლის თვეს კლებადი დინამიკით ასრულებს

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. BP რუსულ ნავთობკომპანიასთან კონტრაქტს წყვეტს

აშშ-ს საფონდო ბაზარი თებერვლის თვეს კლებადი დინამიკით ასრულებს

თებერვლის ბოლო სავაჭრო სესია აშშ-ის საფონდო ინდექსების კლების ფონზე წარიმართა, ვინაიდან აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ ფინანსური სანქციების ნუსხა გააფართოვეს. შედეგად, S&P 500-მა, Dow-მ და Nasdaq-მა წელიწადის მეორე თვეში 3%-ზე მეტი დაკარგეს და, ამგვარად, უარყოფითი ბალანსით ზედიზედ მეორე თვე დაასრულეს.

ინვესტორებმა აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებული მოვლენებით განპირობებული ბუნდოვანი ეკონომიკური შედეგების გამო კვლავ შედარებით უსაფრთხო აქტივებს მიაშურეს - ობლიგაციების ფასები გაიზარდა, მათ შორის, 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა კი 15 საბაზისო პუნქტით (BPS) შემცირდა და 1,82%-ს გაუტოლდა. პალადიუმის ფიუჩერსები, ისევე როგორც ოქროსა და ვერცხლისა, გაძვირდა, ვინაიდან ამ ელემენტის უმთავრეს ექსპორტიორს რუსეთი წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას ხორბლისა და სიმინდის ფიუჩერსებზე, რომელთა მოწოდების დიდი მოცულობა რუსეთსა და უკრაინაზე მოდის - მათმა ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 

1 ბარელი ნავთობი უკვე 95 დოლარზე ძვირი ღირს - ასეთ მაღალ ნიშნულზე სესია მას 2014 წლის ზაფხულის მერე არ დაუხურავს. დასავლეთისგან დაწესებული სანქციები რუსეთისთვის ნავთობის გასაღებას აძნელებს, მით უმეტეს, რომ BP და Shell მის ბაზარს ტოვებენ (იხ. ქვემოთ). საწვავის გაძვირებისა და სანქციებით გამოწვეული საერთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვების გამო ავიაკომპანიებისა და საკრუიზო ხაზების აქციები დაეცა.  

ცუდი დღე გამოდგა ფინანსური სექტორისთვისაც - JPMorgan Chase (JPM) და Goldman Sachs (GS) Dow-ს დღის ყველაზე წარუმატებელ აქციებს შორის მოხვდნენ. ტექნოლოგიურმა კომპანიებმა (Apple (AAPL), Microsoft (MSFT), Alphabet (GOOGL)) სესიის ბოლოს ,,დაბრუნება’’ მოახერხეს, რითაც Nasdaq-მა ადრინდელი დანაკარგების ნაწილობრივ კომპენსირება შეძლო. დღე დადებითი ბალანსით დაასრულეს ალტერნატიული ენერგიის კომპანიებმა და თავდაცვის კონტრაქტორებმაც (Boeing (BA), Lockheed Martin (LMT)). 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

,,SpaceX-ის ,,Starlink-’’ის სატელიტური ინტერნეტ-სერვისი უკრაინაში აქტიურდება’’, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკმა. ეს ნაბიჯი უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ ელექტროენერგიის გათიშვას მოჰყვა, რის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე მასკს ,,Starlink’’-ის ტერმინალების განლაგების თხოვნით მიმართა. 
ჩინური ელექტრომანქანების მწარმოებელი NIO გეგმავს ჰონკონგის ბირჟაზე საჯარო დებიუტს 10 მარტს გეგმავს. ეს ნაბიჯი მას შემდეგ იდგმება, რაც აშშ-სა და ჩინეთში ნიუ-იორკის ლისტინგში მყოფი ჩინური კომპანიებისთვის სარეგულაციო რისკები იზრდება. 
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ვაჭრობის კომისიამ (SEC) შეთავაზებების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც ,,შორტ-სელერებისგან’’ თავიანთი ფსონების შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის გადმოცემას მოითხოვს, როდესაც აქციები ვარდება. ახალი წესები საინვესტიციო საზოგადოებისთვის ცალკეულ აქციებზე ,,შორტ-პოზიციების’’ შესახებ მეტ ხილვადობას უზრუნველყოფს. 
ჩინურმა Huawei-მ Amazon-ის ,,ქინდლის’’ კონკურენტი ელექტრონული წიგნი გამოუშვა, რომელსაც MatePad Paper ეწოდება. ამ უკანასკნელმა, ისევე როგორც სხვა ახალმა პროდუქტებმა, შესაძლოა მისი სამომხმარებლო განყოფილება გააფართოვოს, რომელიც თავის დროზე აშშ-ს სანქციებმა დააზარალა.
 

BP რუსულ ნავთობკომპანიასთან კონტრაქტს წყვეტს

British Petroleum (BP) რუსულ ენერგოკომპანია ,,როსნეფტთან’’ პარტნიორობას წყვეტს, რის მიზეზადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული სამხედრო მოქმედებები სახელდება. BP ,,როსნეფტის’’ 20%-იან წილს 2013 წლიდან ფლობს, რუსეთში კი 30 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანიაზე ზეწოლას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ახდენდა, რომელიც მისი აქციონერობის შესახებ შეშფოთებას ღიად გამოთქვამდა. 

ამჟამად ,,როსნეფტზე’’ მისი ნავთობისა და გაზის წარმოების დაახლოებით მესამედი მოდის. ამრიგად, BP თავისი $14-მილიარდიანი წილის გაყიდვის შემთხვევაში დაახლ. $25 მლრდ-ს კარგავს. იგი უარს ამბობს დივიდენდებზეც, რომლებმაც 2021 წელს შემოსავლის სახით $640 მლნ მოიტანა. ამასთან, ზოგიერთ გამოთვლით, 2022 წელს დივიდენდების მოცულობა შესაძლოა $1 მლრდ-მდე ასულიყო. გარდა ამისა, ნავთობის გიგანტმა უცხოურ ბირჟებზე აქციების ვარდნის გამო შესაძლოა $11 მლრდ იზარალოს.

BP არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი მსხვილი ნავთობისა და გაზის კომპანია რუსეთისთვის. კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აპირებს წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის დახარჯვას 2025 წლამდე აქციების შესყიდვაზე.

BP-ის (BP) აქციები გაიზარდა დაახლოებით 12%-ით მიმდინარე წელს და დაახლოებით 25%-ით მეტია გასულ წელს.

 

მარტი 01, 2022

პარასკევის სავაჭრო დღის მიმოხილვა

28 თებერვალი, 2022

1. აშშ-ს საფონდო ბაზარი ზედიზედ მეორე დღის მანძილზე იზრდება

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Сoinbase-ის ჩინებული კვარტალი

4. კვირის კალეიდოსკოპი

აშშ-ს საფონდო ბაზარი ზედიზედ მეორე დღის მანძილზე იზრდება

აშშ-ის საფონდო ინდექსები უკრაინაში რუსეთის არმიის შემოჭრის შემდეგ მეორე სავაჭრო სესიაზე გაიზარდა. Dow-სთვის ეს 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი ერთდღიანი ნამატი იყო (თუმცა მან კვირა მაინც მცირე ვარდნით დაასრულა). S&P 500-მა და Nasdaq-მა ასევე მოგება ნახეს. ამ უკანასკნელს ხელი განსაკუთრებით ფარმაცევტული კომპანიების, მსხვილი ინდუსტრიული ფირმებისა და სადაზღვევო ფირმების აქციათა რბოლამ შეუწყო. 

Dow-ს ინდექსი Johnson & Johnson-ის (JNJ), 3M-ის (MMM), Procter & Gamble-ის (PG), Travelers-ისა (TRV) და UnitedHealth Group-ის (UNH) წყალობით გალიდერდა - ყველა მათგანი 4%-ზე მეტით გაიზარდა. ამასობაში, კომერციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სამომხმარებლო ხარჯებმა იანვარში მოსალოდნელზე მეტად მოიმატა, რამაც საცალო ვაჭრობის კომპანიების აქციების ზრდა განაპირობა. კარგი დღე გამოდგა საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული კომპანიებისთვისაც, ვინაიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) შიდა სივრცეში COVID-19-ის პრევენციისთვის საჭირო პირბადეთა ტარების წესები შეამსუბუქა. 

ნავთობის ფიუჩერსები ბუნებრივ აირთან, ბენზინთან და გათბობის ნავთობთან ერთად გაიაფდა, რადგან მიწოდების შეფერხების შესახებ შეშფოთება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ნავთობის სტრატეგიული რეზერვების მეტად ამუშავების სიახლემ შეცვალა. 

ოქრო და ვერცხლი ასევე გაუფასურდა - ინვესტორებმა ,,თავშესაფრის’’ როლის მქონე აქტივებიდან ფული ამოიღეს და უფრო სარისკო სეგმენტში (მაგ. კრიპტოვალუტები) გადაინაცვლეს. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

იუსტიციის დეპარტამენტი United Health-ის მიერ Change Healthcare-ის ყიდვის გეგმის დაბლოკვას აპირებს - სარჩელის თანახმად, $13 მლრდ-ად შეფასებული გარიგება ანტიტრესტულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და კომერციული დაზღვევის ბაზარზე კონკურენციას ასუსტებს. 
Сarvana გამოყენებული მანქანების აუქციონტა ბიზნეს Adesa-ს $2,2 მლრდ-ად შეისყიდის. ეს ნაბიჯი Сarvana-სთვის ახალი შემოსავლის წყაროს დამატებასა და ნახმარი ავტომობილების ონლაინ-გაყიდვების გაზრდას ემსახურება. 
ხორცპროდუქტების მწარმოებელ Beyond Meat-ის (BYND) აქციები დაეცა, ვინაიდან კომპანიამ მე-4 კვარტალში მოსალოდნელზე დიდი ზარალი ნახა. ამასთან, მისი გაყიდვების ტემპი ამ პერიოდში შენელდა, 2022 წლის პერსპექტივა კი ანალიტიკოსთა პროგნოზებს ჩამორჩა. 
Volkswagen აცხადებს, რომ თავის Porsche-ს სპორტულ ბრენდისთვის პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) ვარიანტს განიხილავს. დიდი ალბათობით, საავტომობილი კომპანიის საჯარო დებიუტი ამა წლის მე-4 კვარტალში შედგება. 
Starbucks-ის თანამშრომლებმა ქ. მესას (არიზონა) კაფეში პროფკავშირის შექმნის შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს. ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვიხილავთ თუ არა პირველად Starbucks-ის უნიონიზაციის შემთხვევას ნიუ-იორკის შტატის საზღვრებს გაღმა.
 

Сoinbase-ის ჩინებული კვარტალი

Coinbase Global-ის მოგებამ მე-4 კვარტალში ოთხჯერ იმატა - აშშ-ს კრიპტოვალუტის უმსხვილესმა ბირჟამ ამ პერიოდში არსებული მზარდი ვოლატილობით ისარგებლა, Bitcoin-ის ფასმა კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ვიდრე მკვეთრად დაიკლებდა.  

Coinbase-ის კვარტლური შემოსავალი $2,5 მლრდ-ით განისაზღვრა (ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი $497 მლნ-ს აღწევდა). საკუთრივ მოგებამ $840 მლნ შეადგინა, 2020 წელს კი ამავე პერიოდში იგი $177 მლნ-ს ითვლიდა. სავაჭრო მოცულობა $89 მლნ-იდან $547 მლნ-მდე გაიზარდა. ყოველთვიური ტრანზაქციის მომხმარებელთა რიცხვი (საკვანძო ინდიკატორი) მე-4 კვარტალში 11 მლნ-ს გადასცდა, ერთი წლის წინ კი სულ რაღაც 3 მლნ-ს შეადგენდა.

ამავდროულად, Coinbase-მა საინვესტიციო საზოგადოება გააფრთხილა, რომ მისი ტრანზაქციების მომხმარებელთა რაოდენობა და მთლიანი სავაჭრო მოცულობა მიმდინარე კვარტალში შემცირდება. კომპანია ამის მიზეზად ციფრულ ვალუტათა ვოლატილურობისა და კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციის 20%-ით კლებას ასახელებს. თავის მხრივ, ამ მაჩვენებელთა გაუარესება გეოპოლიტიკური გაურკვევლობითა და ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ პროცენტული განაკვეთის პროგნოზირებული ზრდით არის გამოწვეული.

Coinbase-ის (COIN) აქციები წელს თითქმის 30%-ით დაეცა, გასულ გაზაფხულზე შემდგარი საჯარო დებიუტის შემდეგ კი ვარდნა უკვე 45%-ს შეადგენს. 

კვირის კალეიდოსკოპი

მარტის პირველ კვირაში ფედერალური სარეზერვო ბანკის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი კონგრესის წინაშე ანგარიშით წარსდგება (ამის შემდეგ, 15-16 მარტს მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე ორდღიანი სხდომა არის ჩანიშნული). ამასთან, უწყება თავისი ,,ჩალისფერი წიგნის’’ უახლეს ვერსიას გამოუშვებს. 

ინვესტორებს შეუძლიათ შრომის ბაზრისა და შემსყიდველ მენეჯერთა ინდექსის (PMI) მონაცემებს გაეცნონ. გრძელდება კორპორატიულ შემოსავალთა გამოქვეყნების სეზონიც, რომლის ფარგლებში თავიანთ კვარტლურ მონაცემებს სხვადასხვა სექტორიდან Zoom, Salesforce, Target, Broadcom, Best Buy, AMC, Dollar Tree და Kohl’s წარმოადგენენ. 

იხ. აქტივთა კლასის წლიური ამონაგები

სახელფასო ანაზღაურებათა ამერიკული პროვაიდერი ADP ოთხშაბათს ,,ეროვნული დასაქმების ანგარიშის’’ უახლეს ვარიანტს გამოაქვეყნებს, აშშ-ს შრომის დეპარტამენტი კი პარასკევს საზოგადოებას არასასოფლო-სამეურნეო დარგებში არსებულ ანაზღაურებათა მონაცემებს წარუდგენს. ყოველკვირეული უმუშევრობის განაცხადთა რიცხვი წინაპანდემიურ დონეს უკვე დაუბრუნდა, თუმცა ოფიციალური სამთავრობო პირები ,,ომიკრონის’’ ვარიანტის შესაძლო უარყოფითი ეფექტების შესახებ გაფრთხილებას მაინც იძლევიან.  

თებერვალი 28, 2022

ხუთშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვები

25 თებერვალი, 2022

1. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას აშშ-ს საფონდო ბაზარი მკვეთრად დაეცა, თუმცა დადებითი დინამიკა მალევე აღდგა

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. მცირე ბიზნესის პრობლემები

 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას აშშ-ს საფონდო ბაზარი მკვეთრად დაეცა, თუმცა დადებითი დინამიკა მალევე აღდგა 

აშშ-ის საფონდო ინდექსები 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მკვეთრად დაეცა, თუმცა სესიის მიმდინარეობისას დიდი დანაკარგები უფრო დიდი ,,ნახტომის’’ გამოისობით გაბათილდა. ამას მოწმობს ვოლატილობის, ე.წ. ,,შიშის ინდექსიც’’ (VIX), რომელმაც თავდაპირველად 21%-ით მოიმატა, თუმცა დღე საბოლოოდ 3%-იანი კლებით დაასრულა. 

დილის ერთ მონაკვეთში Nasdaq-ის ვარდნამ 20%-ს მიაღწია, თავად ტექნოლოგიური ინდექსი კი ,,დათვის ტერიტორიაზე’’ აღმოჩნდა, შემდეგ კი უარყოფითი დინამიკა ზრდამ შეცვალა და საბოლოოდ, იგი 3%-ით გამყარდა. Dow-მ 850-ქულიანი ზარალი ამგვარადვე აინაზღაურა და ,,მწვანე ზონაში’’ დაიხურა. S&P 500 აღდგენის შემდეგ 1,5%-ით გაიზარდა.

ბაზარმა სახე საგრძნობლად მას შემდეგ იცვალა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციების სია გამოაქვეყნა. განსაკუთრებით ტექნოლოგიურმა სექტორმა იხეირა: Meta Platforms-ის (FB), Amazon-ისა (AMZN) და Alphabet-ისა (GOOGL) აქციები 4%-ით გაიზარდა. Microsoft-ისა (MSFT) - 5%-ით, Salesforce-ის (CRM) კი - 7%-ით. Moderna-მ (MRNA) კვარტლური შემოსავლისა და გაყიდვების პროგნოზები გააუმჯობესა, რის გამოც მისი აქციების ფასმა მკვეთრად იმატა. 

ნავთობის ფიუჩერსები 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში $100-იან ნიშნულამდე პირველად ავიდა, თუმცა შემდეგ მალევე გაიაფდა და დაახლ. 93 დოლარს აღწევს. ისტორიულ მაქსიმუმს ჩამოსცდა ბუნებრივი აირიც, რომელიც დღის ბოლოს 1%-ით გაძვირდა. ოქრო და ვერცხლი თავიდან გამყარდა, თუმცა სესია ,,წითელ ზონაში’’ დაასრულა. ობლიგაციების ღირებულებამ თავიდან მოიმატა და 10-წლიანი სახაზინო ბონდების შემოსავლიანობა 1,97%-ს გაუტოლდა. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

eBay-ის (EBAY) აქციები ბაზრობამდე თითქმის 10%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ არადამაკმაყოფილებელი კვარტლური მოგების პროგნოზები გამოაქვეყნა. ონლაინ-შოპინგის პლატფორმამ გასულ ფისკალურ მონაკვეთში შემოსავლის პროგნოზები გააუმჯობესა, თუმცა ყოველწლიურ აქტიურ მყიდველთა რიცხვი ამ პერიოდში 147 მლნ-მდე შემცირდა (სავარაუდო 156 მლნ-ის ნაცვლად). 
Allbirds-ის (BIRD) აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც ფეხსაცმლების მწარმოებელმა გაყიდვების 23%-ით გაზრდის მიუხედავად გასულ კვარტალში ზარალის გაბევრება დაადგინა. კომპანიის თქმით, მზარდმა ხარჯებმა მოგების მარჟა გადაფარა. 
ფედერალური შრომის საბჭომ Starbucks-ის უნიონიზაციის შესახებ სამ ადგილზე (ქ. ბუფალო, ნიუ-იორკის შტატი) გასამართი კენჭისყრა გადადო. შრომითი ურთიერთობის ეროვნულ საბჭოს Starbucks-ის საჩივარი ჯერ არ განუხილია, რის გამოც ხმის მიცემის პროცესის გადავადება გადაწყდა. 

მცირე ბიზნესის პრობლემები

აშშ-ში ,,ომიკრონის’’ შემთხვევათა რიცხვი მკვეთრად იკლებს, თუმცა ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ მცირე ბიზნესის სექტორში გამოკითხულთა 77% პანდემიის უარყოფით შედეგებს დღემდე ებრძვის. კვლევა აჩვენებს, რომ ამ სექტორის ფირმების ნახევარზე მეტი არასახარბიელო ან ცუდ ფინანსურ ვითარებაშია. ყველაზე მეტად რეკრეაციული და სასტუმროთა ინდუსტრიის წარმომადგენლები დაზარალდნენ - მათგან ნახევარს პანდემიის ნეგატიური ეფექტები აღენიშნა, ქარხნული მწარმოებელთა კი ეს მაჩვენებელი 26%-ია. 

კვალიფიციური კადრების დაქირავება და შენარჩუნება და წყვეტილი მიწოდების ჯაჭვი მცირე ბიზნესის წინაშე კვლავ მთავარი ოპერატიულ გამოწვევებს წარმოადგენს. კვლევა აშშ-ს მასშტაბით თითქმის 11,000 მცირე დამსაქმებელს მოიცავდა, რომლებსაც 500-ზე ნაკლები თანამშრომელი ჰყავთ.

მომავალი შემოსავლებისა და შრომის ბაზრის ზრდის მოლოდინი 2020 წლის შემდეგ უფრო ოპტიმისტური გახდა, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებლებს მაინც ჩამორჩება. შემოსავლების გაბევრებას ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოკითხული ფირმების მხოლოდ ნახევარზე მეტი მოელის, ხოლო დასაქმების ზრდას მომდევნო 12 თვეში მათი 41% ვარაუდობს. 

თებერვალი 25, 2022

ოთხშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა

24 თებერვალი, 2022

1. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ინტენსიურ ფაზაში გადასვლამ აშშ-ს საფონდო ინდექსები კიდევ უფრო შეამცირა

2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

3. Facebook vs. TikTok

4. Macy’s სპინ-ოფზე უარს ამბობს

 

დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, აშშ-ს საფონდო ბაზარი კი ვარდნას განიცდის

24 თებერვალს, ღამის 05:00-ზე რუსეთის შეიარაღებულმა სამხედრო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყეს. კონფლიქტის ესკალაცია აშშ-ს საფონდო ბაზარზეც აისახა, სადაც სამივე ძირითადი ინდექსი მიმდინარე წლის მინიმუმებამდე შემცირდა. S&P 500-მა, Dow-მ და Nasdaq-მა სესიის დასაწყისში შედარებით გამყარება დაიწყეს, თუმცა მალევე უკრაინამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ისინი ისევ ვარდნას დაექვემდებარნენ. ინვესტორებმა აქციებიდან ფული გამოიტანეს და თავი ოქროს, ვერცხლის, იაპონური იენისა და შვეიცარიული ფრანკის აქტივებს ,,შეაფარეს’’. 

Dow-ზე ოპერირებადი ყველა აქცია, გარდა ორისა, დაეცა. მსგავსი ბედი გაიზიარეს Apple-მა (AAPL), Microsoft-მა (MSFT) და Tesla-მაც (TSLA). დანაკარგები ჰქონდათ Caterpillar-ის (CAT), Honeywell-ისა (HON) და სხვა დიდ ინდუსტრიულ ფირმებსაც. იმის გამო, რომ აღმოსავლეთ ევროპაში საწვავის მიწოდების შეფერხებამ ფასების ზრდის საფრთხე გააჩინა, ავიაკომპანიებისა და საკრუიზო ხაზების აქციებიც შემცირდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა კომპანიას, რომელიც რუსეთსა და გერმანიას შორის ,,Nord Stream 2’’-ის გაზსადენის მშენებლობას ხელმძღვანელობს, სანქციები დაუწესა, შედეგად კი ბუნებრივი აირის ფიუჩერსები 2%-ი გაიზარდა. აღმოსავლეთ ევროპაში საწვავის მიწოდების შეფერხებისგან ფასების ზრდის გამოწვევის საფრთხემ ავიაკომპანიებისა და საკრუიზო ხაზების აქციებიც შეამცირა.

Molson Coors (TAP) S&P 500-ის აქციებიდან ყველაზე კარგი დღე ჰქონდა, რადგან Coors-ისა და Miller-ის ლუდის მწარმოებელმა სოლიდური კვარტლური შემოსავალი და მოგება გამოაქვეყნა. ონლაინ-თამაშების კომპანია Caesars Entertainment-ის (CZR) ღირებულებამ მას შემდეგ მოიმატა, რაც მან სარეკლამო ხარჯების შემცირების შესახებ განაცხადა.

ძირითადი კრიპტოვალუტებისთვის ადრეული მოგებები შემდგომმა ვარდნამ გააბათილა, საბოლოოდ კი მათ დღე მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე დაასრულეს. 

გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები

ავტომწარმოებელმა Stellantis-მა, რომელიც Fiat Chrysler Automobiles-სა და PSA Group-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა, თავის პირველ ფისკალურ წელიწადში $15 მლრდ-ის გამომუშავება მოახერხა. Stellantis Jeep-ის, Opel-ისა და Peugeot-ს პროდუქციის წარმოებით არის ცნობილი. მისი სოლიდური შემოსავალი კომპიუტერული ჩიპების გლობალური დეფიციტით გამოწვეული ფასების სიძვირითა და მოგების მაღალი მარჟით არის განპირობებული. 
ბრიტანული საბანკო კონგლომერატი Barclays მე-4 კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომელთა მიხედვით მოგებამ ანალიტიკოსთა მოლოდინებს გადააჭარბა. კარგ კვარტლურ დინამიკას ხელი ვერც საფონდო ვაჭრობისა და გარიგებების ტემპის შენელებამ შეუშალა. გარდა კორპორატიული შედეგებისა, ბანკმა $1,5 მლრდ-ად ღირებული აქციების უკუშესყიდვის (buyback) გეგმაც წარადგინა. 
ზოგიერთი ცნობით, Activision Blizzard-მა, ონლაინ-თამაშ ,,Call of Duty’’-ის შემდეგი სერიების რელიზი მომდევნო წლისთვის გადადო. ამრიგად, შესაძლოა ლეგენდარული თამაშის ყოველწლიური გამოშვების ტრადიცია ბოლო ორ დეკადაში პირველად შეწყდეს. კომპანიის აღმასრულებელი ბორდის აზრით, ახალი ნაწილის ფინალურმა ვერსიამ ,,მოლოდინი ვერ გაამართლა’’. 
ანალიტიკოსთა ვარაუდით, eBay-ს შემოსავლები მე-4 კვარტალში შემცირდა, რაც ეპიდსიტუაციის ცვლილებასა და მყიდველთა მაღაზიებში დაბრუნებას უნდა გამოეწვია, რაც ონლაინ-შოპინგზე უარყოფითად აისახა. ელექტრონული კომერციის პლატფორმამ და საცალო ვაჭრობისა და აუქციონების საიტმა პროგნოზები ბოლო 4 კვარტლიდან 3-ში გააუმჯობესა. 
 

Facebook vs. TikTok

Facebook-ის მშობელი Meta Platforms (FB) მცირეფორმატიანი ვიდეოების პლატფორმა Reels-ის ოპერირებას 150-ზე მეტ ქვეყანაში დაიწყებს - ამით იგი TikTok-ისთვის კონკურენციის გასაწევად მასშტაბური ფსონის ჩამოსვლას ეცდება. 

Facebook-ის თქმით, ვიდეოების ნახვა საშუალოდ იმ დროის ნახევარს წაიღებს, რომელსაც ადამიანები სოციალური მედიის პლატფორმაზე ატარებენ. აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა Reels-ს ,,Facebook-ის ყველაზე სწრაფად მზარდ კონტენტის ფორმატი’’ უკვე უწოდა კიდეც. 

კომპანიამ ასევე ვიდეოთა განმთავსებლებისთვის Reels-ის ალგორითმის მეშვეობით ფულის მიღების გზებზე ისაუბრა. იგი მათთვის ბონუსების გადახდის პროგრამას უფრო მეტ ქვეყანაში აამოქმედებს. გარდა ამისა, დაიტესტება ციფრული რეკლამები ბანერებისა და სტიკერების გამოყენებით, რათა ბიზნესი ამ მიმართულებითაც განვითარდეს (Reels-ისთვის განკუთვნილ სრულეკრანიანი რეკლამები დღის შუქს მალე იხილავს). Facebook-მა განაცხადა, რომ კონტენტის შემქმნელთა ბონუსებმა შეიძლება თვეში $35,000-მდე შეადგინოს. ისინი იმის მიხედვით გამოითვლება, თუ რამდენი ადამიანი უყურებს ამა თუ იმ კონტენტს.

Meta-ს აქციების ფასი ამ თვის დასაწყისში დაეცა მას შემდეგ, რაც მისი მე-4 კვარტალის შემოსავლების ანგარიშსა და პერსპექტივებზე Apple-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილმა ცვლილებებმა იმოქმედა. ეს უკანასკნელი აპლიკაციებისთვის რეკლამების მკაცრ მეთვალყურეობას სავალდებულოს ხდის. 

TikTok გასული წელი ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაციის რანგში დაასრულა, ახალგაზრდა მომხმარებლებს შორის კი პოპულარობით ინსტაგრამს გაასწრო. იგი Meta-ს ბოლო ვიდეოკონფერენციაზე, რომელზეც კვარტლური შემოსავლები შეჯამდა, 6-ჯერ ახსენეს. ეს ნიშნავს იმას, რომ Meta TikTok-ის საკითხით სერიოზულადაა დაინტერესებული და შეშფოთებული. მიმდინარე წელს მისი აქციების ვარდნა 40%-ს აღწევს.

Macy’s სპინ-ოფზე უარს ამბობს

Macy's-ის (M) აქციები 5%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ამერიკული მაღაზიების ყველაზე დიდმა ქსელმა განაცხადა, რომ ელექტრონული კომერციის ბიზნესის გამოცალკევებას, ე.წ. კორპორატიულ სპინ-ოფს, არ აპირებს.

აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფ ჯინეტმა განმარტა, რომ კომპანიის ბორდი ონლაინ-გაყიდვების ბიზნესის გამოყოფის შესაძლებლობას 2021 წლიდან განიხილავდა. მაშინ ამას აქტივისტი ინვესტორი Jana Partners ითხოვდა. ჯინეტის თქმით, ბორდმა გადაწყვიტა, რომ ბიზნესების გაყოფა უფრო მეტ ხარჯისა და რისკის ტოლფასი იქნებოდა, ვიდრე კომპანიის ინტეგრირებული სახით შენარჩუნება. 

2021 წლის მე-4 კვარტალში, Macy's-ის ინფორმაციით, ონლაინ-გაყიდვების რიცხვმა 12%-ით მოიმატა და წმინდა გაყიდვების მოცულობის 39% შეადგინა. ეს წინა წლის მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება, თუმცა 2019 წლიდან 9%-იან ზრდას აჩვენებს. კვარტლურმა გაყიდვებმა ($8,67 მლრდ) და თითო აქციაზე მოგებამ ($2,45) ჯამში ანალიტიკოსთა პროგნოზები გააუმჯობესა. 

Macy's-მა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მაღალი ინფლაცია და შემცირებული შრომის ბაზარი ხარჯებს ზრდის, მოგების მარჟას კი ამცირებს. გარდა ამისა, ჯინეტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობის თითქმის განახევრებამ მის საცალო ვაჭრობის ბიზნესზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია (ისინი ისტორიულად მის აქტიურ მომხმარებლებს წარმოადგენენ), რისი აღმოფხვრაც 2023 წლამდე სავარაუდო არ არის.  კომპანია ელის, რომ 2022 წლის გაყიდვების დინამიკა დიდად არ შეიცვლება და ყველაზე კარგ შემთხვევაში 1%-ით გაუმჯობესდება. 

მიუხედავად ბოლოდროინდელი ვარდნისა, Macy's-ის აქციების ნამატი ბოლო 12 თვის განმავლობაში 60%-ს შეადგენს. 

 

თებერვალი 24, 2022