მარტი 10, 2022
ოთხშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა
10 მარტი, 2022
1. აშშ-ს საფონდო ბაზარმა ოთხდღიანი ვარდნა შეწყვიტა
2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3. ნიკელი - ავტოინდუსტრიის გასაჭირი
აშშ-ს საფონდო ბაზარმა ოთხდღიანი ვარდნა შეწყვიტა
ნავთობისა და სხვა სამომხმარებლო საქონლის გაუფასურებამ ინვესტორებს ობლიგაციებიდან და სხვა შედარებით უსაფრთხო აქტივებიდან ფულის გამოტანისა და აქციებში დაბანდებისკენ უბიძგა. შედეგად, აშშ-ს საფონდო ბაზრის კლებადი დინამიკა ზრდადით შეიცვალა. S&P 500-მა საერთოდ 2020 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი მოგება ნახა. Dow-მ კორექტირების ფაზა დაასრულა, Nasdaq-მა კი ,,დათვის ბაზრის’’ ტერიტორია დატოვა.
ნავთობის ფიუჩერსები 11%-ით გაიაფდა. მაზუთის ფასი - 20%-ით, ბენზინისა კი 10%-ით დაეცა. საწვავის გაუფასურება საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებულ კომპანიათა აქციებზე დადებითად აისახა: Norwegian Cruise Lines-ის (NCLH), Carnival Corporation-ისა (CCL) და United Airlines-ის (UAL) აქციები 8%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ენერგეტიკული სექტორის ფირმები S&P 500-ის (Phillips 66 (PSX), Exxon Mobil (XOM), Schlumberger (SLB)) ყველაზე წარუმატებელ აქციებს შორის მოხვდნენ.
ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, პლატინისა და პალადიუმის ფასები დაეცა. ხორბლის ფიუჩერსები, რომლებიც რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის გამო ისტორიულ მაქსიმუმს აღწევდა, აშშ-ს მთავრობის მიერ მარაგებისა და მიწოდების შესახებ ახალი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გაიაფდა.
10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 1,94%-მდე მოიმატა, რაც საფინანსო სექტორის ფირმათა აქციებზე შესაბამისად აისახა: American Express-ის (AXP) ღირებულება 5%-ით გაიზარდა, ხოლო JPMorgan Chase-ისა (JPM) და Visa-სი (V) - 4%-ით.
Bitcoin-ის, Ether-ისა და სხვა ძირითადი კრიპტოვალუტების კურსი გამყარდა, ვინაიდან აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ციფრული ფულის ბაზრის კომპლექსური რევიზიის შესახებ ხელი ახალ ბრძანებულებას მოაწერა.
გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
- Bumble-ის (BMBL) აქციები 20%-ზე მეტით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მე-4 კვარტალში მან მოსალოდნელზე დიდი ზარალი აჩვენა. ბოლო 12 თვის მანძილზე გაცნობის ონლაინ-პლატფორმის აქციები 74%-ითაა შემცირებული.
- Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ფედერალურ მოსამართლეს თხოვნით მიმართა, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასთან (SEC) 2018 წელს გაფორმებული შეთანხმება გაუქმდეს. ეს უკანასკნელი მისი ,,ტვიტების’’ კონტროლს მოიცავს. მასკის იურისტები ამბობენ, რომ Twitter-ის ზედამხედველობის პოლიტიკა არაეფექტური გახდა, SEC-მა კი გარიგება ბოროტად გამოიყენა.
- Rivian Automotive-ის აქციონერმა განაცხადა, რომ სტარტაპმა ელექტრომობილები გეგმისამებრ არ შეაფასა და ამის შესახებ ინვესტორებს არ აცნობა, რის შემდეგაც მანქანების ღირებულება ძლიერ გაიზარდა, მათმა პოპულარობამ კი, შესაბამისად, მოიკლო. სან-ფრანცისკოს აშშ-ის რაიონულ სასამართლოში შეტანილ საჩივარში აქციონერი ამბობს, რომ Rivian თავისი R1S SUV-ისა და R1T პიკაპის მანქანათა რეალურ, დაბალ ფასებს მალავდა, ვინაიდან ნოემბრის IPO-ს შემდეგ ფასების სწრაფად გაზრდა სჭირდებოდა.
ნიკელი - ავტოინდუსტრიის გასაჭირი
მიწოდების ჯაჭვის პერიოდული შეფერხებებისა და ნახევარგამტარი ჩიპების დეფიციტის შემდეგ ავტომწარმოებლებს ახალი თავის ტკივილი გამოუჩნდათ - ეს გაძვირებული ნიკელია.
9 მარტს ლონდონის ლითონის ბირჟაზე (LME) 1 ტონა ნიკელის ფასმა $100 000-იან ნიშნულს მიაღწია, რის შემდეგ ვაჭრობა დროებით გაჩერდა. ლითონის ფასი ბოლო ორი დღის განმავლობაში 250%-ით გაიზარდა. ვაჭრობის განახლება მინიმუმ პარასკევამდე მოსალოდნელი არ არის.
მთავარ დრაივერს აქ რუსეთის უკრაინაში შეჭრა წარმოადგენს. რუსეთის ფედერაცია ნიკელის სიდიდით მესამე მწარმოებელია მსოფლიოში (პირველ-მეორე ადგილზე ინდონეზია და ფილიპინები არიან). ფასების ,,ცაში ავარდნას’’ ხელი ე.წ. ,,შორთ-სქუიზმაც’’ შეუწყო.
ნიკელი ლითიუმის იონის ბატარეათა წარმოებაში ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ბატარეები ელექტრომანქანების დამზადების დროს გამოიყენება და ხარჯების უმეტესი ნაწილიც სწორედ მათ ეთმობა. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნიკელის ფასების ცვლილებამ შეიძლება ელექტრომობილთა წარმოება საშუალოდ 1000 დოლარით გააძვიროს. მეტიც, ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე მათ 2026 წლისთვის ნიკელის დეფიციტი იწინასწარმეტყველეს, რომელიც ათწლეულის ბოლომდე გაიზრდება. Morgan Stanley მიიჩნევს, რომ ინვესტორებმა ავტომწარმოებლების შემოსავლებისა და ელექტრომანქანების გაყიდვების მომდევნო რამდენიმე წლის პროგნოზები უნდა შეამცირონ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბის მყისიერი ეფექტი ინდუსტრიაზე ნაკლებად სავარაუდოა, (მრავალმა ავტომწარმოებელს ნიკელის გაძვირების შემთხვევაში თავი გრძელვადიანი კონტრაქტებით აქვს დაზღვეული), დამატებითმა ხარჯებმა შესაძლოა შიდაწვის ძრავიდან ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესის ვადების მიმართ არაერთი შეკითხვა გააჩინოს.