მარტი 09, 2022
სამშაბათის სავაჭრო დღის მიმოხილვა
9 მარტი, 2022
1. აშშ-ს საფონდო ბაზრის ვარდნის ზედიზედ მე-4 დღე
2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3. Mobileye-ის IPO
აშშ-ს საფონდო ბაზრის ვარდნის ზედიზედ მე-4 დღე
აშშ-ის საფონდო ინდექსებმა გასული სავაჭრო სესია კორექტირებით დაიწყეს, რომელიც შუადღისას ზრდით შეიცვალა, თუმცა ბოლოს მათ პოზიციები მაინც დათმეს და ვარდნის ზედიზედ მე-4 დღე დახურეს. Dow-სა და S&P 500-ის კორექციის პროცესი გაღრმავდა, Nasdaq-მა კი ,,დათვის ბაზრის’’ ტერიტორიაზე უფრო შორს შეაბიჯა.
Chevron (CVX), Valero (VLO) და ენერგეტიკული სექტორის სხვა აქციები გაიზარდა, ვინაიდან აშშ-ს გადაწყვეტილებამ, რომელიც რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვას უკავშირდება, ქვეყანაში საწვავის გაძვირება გამოიწვია. ამით იხეირეს მზის ენერგიის პროვაიდერებმაც, როგოროებიც Enphase Energy (ENPH) და SolarEdge Technologies (SEDG) არიან. ეს ორი კომპანია S&P 500-ის დღის ყველაზე წარმატებულ აქციებს შორის მოხვდნენ. ბენზინის და მაზუთის ფიუჩერსები კვლავ ყველა დროის მაქსიმუმზეა: სამოგზაურო-საინფორმაციო საიტი AAA იტყობინება, რომ აშშ-ში 1 გალონი ბენზინის საშუალო ფასი ახალ რეკორდს აღწევს.
საფინანსო სექტორს კარგი დღე ჰქონდა, ვინაიდან ობლიგაციების შემოსავლიანობა გაიზარდა. ცენტრალურმა ბანკებმა შესაძლოა აღმოსავლეთ ევროპაში კონფლიქტის ეკონომიკური ეფექტების აღმოსაფხვრელად ახალი სასტიმულე ზომების მიღება განიხილონ. 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთმა 12 საბაზისო პუნქტით (BPS) იმატა და 1,87%-ს მიაღწია.
Caterpillar-ის (CAT) აქციები 6%-ზე მეტით გაიზარდა, ვინაიდან Jefferies-ის ანალიტიკოსმა მის აქციებს ,,ინფლაციის წინააღმდეგ კარგი ჰეჯირების საშუალება’’ უწოდა. McDonald’s-მა (MCD), Starbucks-მა (SBUX) და Coca-Cola-მ (KO) რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს, რის გამოც მათი აქციები დაეცა.
აღსანიშნავია, რომ ნიკელის ვაჭრობა შეჩერდა ლონდონის მეტალის ბირჟაზე (LME) ნიკელის მეტრული ტონის ფასი $100,000-ს გადასცდა, რის გამოც მისი ვაჭრობა შეჩერდა.
Bitcoin-მა და სხვა მსხვილმა კრიპტოვალუტებმა ადრეული ვარდნის შემდეგ პოზიციები დაიბრუნეს და დღე ზრდით დაასრულეს.
გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
- Mandiant (MNDT) აქციების ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც Google-მა განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოების კომპანიას $5,4 მლრდ-იანი ქეშით, ან თითო აქციაში 23 დოლარად შეისყიდის. Mandiant-ის შეძენით Microsoft-იც იყო დაინტერესებული, რაც SolarWinds-ზე ჰაკერული თავდასხმის იდენტიფიცირებას უკავშირდება.
- Moderna მიანიშნებს, რომ შესაძლოა მდიდარ ქვეყნებში თავისი კოვიდ-ვაქცინების დაპატენტებას ინტენსიურად შეუდგეს. წამლების მწარმოებელმა თქვა, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში პროდუქციის შეტანას არ შეწყვეტს, ამასობაში კი თავის ტექნოლოგიას ლიცენზირებას გაუწევს.
- აქტივისტმა ინვესტორმა უილიამ აკმანმა Canadian Pacific Railway-ში (CP) $1 მლრდ-ად ღირებული წილი შეისყიდა. ინვესტიცია СP-ის Kansas City Southern-თან $27 მლრდ-ად გაერთიანების მცდელობის ფონზე განხორციელდა.
- Boeing რუსეთიდან ტიტანის შესყიდვას აჩერებს - კომპანიის განცხადებით, მისი სხვა მომწოდებლები და ტიტანის არსებული მარაგი თვითმფრინავების დამზადებისთვის ამჟამად სრულად საკმარისია.
- გასულ წელს Lego-ს გაყიდვები 27%-ით გაიზარდა - ბავშვები და სრულწლოვანი ადამიანები კომპანიის სამშენებლო კომპლექტების შეძენას განაგრძობენ. სათამაშოების დანიურმა მწარმოებელმა, რომელმაც პანდემიის პერიოდში დიდი მოგება ნახა, 2021 წლისთვის $8 მლრდ-ზე მეტი მოგების შესახებ გამოაქვეყნა. 2020 წელს იგივე მაჩვენებელი $6 მლრდ-ზე ოდნავ მეტი იყო.
Mobileye-ის IPO
Intel-ის (INTC) თვითმართვადი მანქანების ბიზნესმა Mobileye-მ ნიუ-იორკის ბირჟაზე პირველადი საჯარო შეთავაზების შესახებ განაცხადი შეიტანა, რითაც ნიადაგს წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ IPO-ს უმზადებს. ამჟამად Mobileye-ის ღირებულება $50 მლრდ-ს უტოლდება.
Mobileye-ის ლისტინგში ჩართვა Intel-ის აღმასრულებელი დირექტორის, პატრიკ გელსინგერის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც კომპიუტერული ჩიპების ძირითადი ბიზნესისგან დივერსიფიცირებას ითვალისწინებს. Intel-ის ამოცანაა, ახალი გლობალურ სატრანსპორტო ტექნოლოგიებისა და თვითმართვადი მანქანების სფეროში არსებული დიდი მოთხოვნითა და აქტიური ფსონებით ისარგებლოს.
კომპანიას ამ IPO-ზე დეტალურად არ უსაუბრია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ აქედან არსებული შემოსავლების უმეტეს ნაწილს მიიღებს. ამ თანხის ნაწილი ჩიპების ახალი ქარხნების აშენებაზე დაიხარჯება. ამჟამად Intel Mobileye-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს, რომელიც 2017 წელს დაახლოებით $15 მლრდ-ად შეისყიდა.
Mobileye პროგრამული უზრუნველყოფისა და ჩიპების წარმოებაში სპეციალიზდება. მისი პროდუქცია ავტომობილის მართვის დასახმარებელ მოწინავე სისტემებში (ავტონომიურ რეჟიმში გადაადგილება, გაფრთხილება მოძრაობის ზოლიდან გასვლის შესახებ და ა.შ.) გამოიყენება.
გასულ წელს ფირმის შემოსავალი $1,4 მლრდ-ს ითვლიდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება. მაშინ საოპერაციო მოგებამ $460 მლნ შეადგინა.