მარტი 07, 2022
პარასკევის სავაჭრო დღის მიმოხილვა
7 მარტი, 2022
1. აშშ-ს საფონდო ბირჟებმა კვირა ვარდნით დაასრულა
2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3. ბენზინის გაძვირების ტენდენცია
4. კვირის კალეიდოსკოპი
აშშ-ს საფონდო ბირჟებმა კვირა ვარდნით დაასრულა
აშშ-ის საფონდო ბაზარმა კვირა შედარებით დაბალ დონეზე დაასრულა: რუსეთმა უკრაინის ფრონტზე ახალი სამხედრო ოპერაციები განახორციელა და ევროპაში მდებარე უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დროებით კონტროლი დააწესა. აშშ-ის სამივე მთავარმა ინდექსმა გასულ კვირაში პოზიციები დაკარგა. მათ შორის, Dow უკვე ზედიზედ მეოთხე კვირაა, რაც კლებულობს. ვარდნას ხელი ვერც თებერვლის შრომის ბაზრის მონაცემებმა შეუშალა, რომელმაც ივლისის შემდეგ დასაქმების თვიური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა.
ინვესტორებმა აქცენტი კვლავ სტაბილურ უსაფრთხოებაზე გააკეთეს და ისეთ აქტივებს მიეტანნენ, როგორებიცაა ობლიგაციები, ლითონები და ვალუტები. წამლის მწარმოებლების: Amgen-ის (AMGN), Johnson & Johnson-ისა (JNJ) და Merck-ის (MRK) აქციები, ისევე როგორც საცალო მოვაჭრეებისა (Walmart (WMT), Walgreens Boots Alliance (WBA)), გაიზარდა. მოიმატა CSX-ისა (CSX) და სხვა რკინიგზის ფირმათა აქციებმაც. უფრო სარისკოდ მიჩნეულმა ტექნოლოგიურმა სექტორმა დანაკარგები იწვნია: FAAMG-ის ყველა კომპანიის აქციები დაეცა.
10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 12 საბაზისო პუნქტით (BPS) შემცირდა და 1,72%-ს გაუტოლდა. ეს JPMorgan Chase-ის (JPM), American Express-ისა (AXP) და საფინანსო სექტორში წარმოდგენილი სხვა ფირმების ზარალით აისახა. დოლარი იაპონური იენის მიმართ გაუფასურდა.
ოქროსა და ვერცხლის ფიუჩერსები გამყარდა. 1 უნცია პალადიუმის ფასი $3000-ის ნიშნულს მიუახლოვდა, ვინაიდან რუსეთის მხრიდან მიწოდების შეფერხების შიში ძლიერდება. ხორბლის ფიუჩერსებმა ფასის ზედა ლიმიტი ზედიზედ მეოთხე სესიაზე გადალახეს და პარასკევს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიეს.
ნავთობის ფასი $115-ის ნიშნულს გადასცდა და 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია (იხ. ქვემოთ). ენერგეტიკული სექტორის აქციები გაიზარდა, Occidental Petroleum-ს (OXY) კი საერთოდ S&P 500-ის კომპანიებს შორის ყველაზე წარმატებული დღე ჰქონდა. სამაგიეროდ, დანაკარგები ნახეს ისეთმა ფირმებმა, რომლებიც საწვავის დიდი მომხმარებლები არიან, მათ შორის, ავიაკომპანიებმა და საკრუიზო ხაზებმა.
გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
Sony და Honda ელექტრომანქანების წარმოების სფეროში ერთიანდებიან - ორი კომპანია იმედოვნებს, რომ მათ მიერ ერთობლივად დამზადებული ელექტრომობილების გაყიდვა 2025 წლისთვის დაიწყება.
Rivian-მა 1 მარტამდე შეკვეთილი ელექტრომანქანების 20%-იან ფასნამატზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც მომხმარებლები ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილო პროტესტით გამოეხმაურნენ. წინასწარი შეკვეთები 1 მარტიდან ახალ ღირებულებას აღარ ექვემდებარება და იმ კლიენტებს, რომლებმაც ჯავშნები გააუქმეს, შეუძლიათ ისინი თავდაპირველ ფასად აღადგინონ.
Gap (GPS) აქციები მას შემდეგ მატულობს, რაც საცალო ვაჭრობის კომპანიამ სოლიდური კვარტლური შემოსავლებისა და მოგების ციფრები გამოაქვეყნა. მისი წმინდა ზარალი მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა, მომდევნო კვარტლის პერსპექტივები კი გაიზარდა. გაყიდვების უმეტესი წილი მისი Athleta-ს ტანსაცმლის განყოფილებაზე მოდის, რომელიც საცალო ვაჭრობაში გამორჩეულ ბრენდს წარმოადგენს.
Shake Shack ახალგაზრდა მომხმარებლების მოზიდვის მიზნით ,,ბიტკოინის პრიზის’’ პროგრამას ტესტავს. ბურგერების ქსელი პრიზს იმ კლიენტებისთვის დააწესებს, რომლებიც ე.წ. ,,Cash App’’-ს, Block-ის ციფრულ საფულეს, გამოიყენებენ.
ბენზინის გაძვირების ტენდენცია
ამერიკელი მომხმარებლისთვის ბენზინგასამართი სადგურით სარგებლობის საფასურმა წინა კვირაში მოიმატა: უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულმა ომმა ნავთობის ფიუჩერსების ღირებულება ბოლო 14 წლის მაქსიმუმამდე ასწია.
მოგზაურობის საინფორმაციო საიტი AAA იტყობინება, რომ ერთი გალონი რეგულარული ბენზინის ეროვნული საშუალო მაჩვენებელი 11 ცენტით გაიზარდა და $3,83-ს გაუტოლდა, მთლიანი კვირის ფასნამატმა კი $0,26 შეადგინა. შარშან ამ დროს 1 გალონი $2,74 ღირდა.
დღეს კალიფორნიაში ფასებმა გალონზე 5 დოლარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაზის ღირებულება 4 დოლარს აღემატება კიდევ 8 სხვა შტატში.
AAA-მ აღნიშნა, რომ ბენზინის ფასი, როგორც წესი, ნედლი ნავთობის გაძვირებასთან ერთად მატულობს. იგი აღნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიოში ნედლი ნავთობის და სიდიდით მე-3 მწარმოებელი და უმსხვილესი ექსპორტიორია. შესაბამისად, თუ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება, ან აშშ და სხვა ქვეყნები რუსული ნავთობის იმპორტზე უარს იტყვიან, ბენზინი კიდევ უფრო გაძვირდება. სხვადასხვა ცნობით, თეთრი სახლი ამჟამად ამ აკრძალვების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს.
ნავთობის ფიუჩერსები ბოლო სესიაზე 7%-ით გაიზარდა და $115-იან (1 ბარელი) ნიშნულს ასცდა. ამდენივეთი მოიმატა ბენზინის ფიუჩერსებმაც. ასეთი მაღალი 2008 წლის შემდეგ არცერთი ყოფილა.
კვირის კალეიდოსკოპი
ამ კვირაში ნათელი გახდება, განაგრძო თუ არა სამომხმარებლო ინფლაციამ ზრდა აშშ-ში გასულ თვეში. გარდა ამისა, აშშ-ს შრომის დეპარტამენტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შრომის ბაზრის ბრუნვის (JOLTS) მონაცემებს გამოაქვეყნებს. იგი ვაკანსიებისა და სამსახურიდან წამოსული თანაშრომლების რიცხვთა შეფარდებას ადგენს. დეკემბერში პირველი მათგანი მე-3 ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდეგაიზარდა, მეორე კი ნოემბერში ისტორიული მაქსიმუმიდან შემცირდა. მაშინ რესტორნებმა და სხვა სერვისთა ბიზნესებმა ახალი თანამშრომლები დიდი რაოდენობით აიყვანეს, ვინაიდან პანდემიური შეზღუდვები შემსუბუქდა.
ხუთშაბათს შრომის სტატისტიკის ბიუროს სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) განახლებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები ელიან, რომ მაჩვენებელი 1 წელიწადში 7,9%-ით უნდა გაიზარდოს. იანვარში ამ მხრივ ბოლო 40 წლის მაქსიმუმი დაფიქსირდა - CPI-მ თვეში 0,6%-ით, წელიწადში კი 7,5%-ით იმატა.
მიჩიგანის უნივერსიტეტი პარასკევს მარტის თვეში არსებულ სამომხმარებლო განწყობის სურათს წარმოადგენს. იგი ჯერჯერობით ათწლეულის მინიმუმზეა - თებერვალში მაჩვენებელმა ინფლაციისგან გამოწვეული მზარდი შეშფოთების გამო ვარდნა განაგრძო, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობა კი დაქვეითდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულის ფარგლებში ეკონომიკისთვის ამჟამად ყველაზე პესიმისტური გრძელვადიანი პროგნოზები კეთდება.