მარტი 04, 2022
ხუთშაბათის სავაჭრო დღისდ მიმოხილვა
4 მარტი, 2022
1. აშშ-ს საფონდო ინდექსების ვარდნა გრძელდება
2. გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
3. უნიონიზაცია Tesla-ში
4. ხორბლის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
აშშ-ს საფონდო ინდექსების ვარდნა გრძელდება
აშშ-ის სამივე დიდმა ინდექსმა ბოლო სესიაზე დანაკარგები ნახა, ვინაიდან უკრაინა-რუსეთის ომი და რიგი ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საფონდო ბაზარზე შედეგს კვლავინდებურად იღებს.
ფედერალური სარეზერვო ბანკის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა სენატის კომიტეტს განუცხადა, რომ კონფლიქტი ბაზარზე შექმნილ გაურკვევლობას აღრმავებს და როგორც ინფლაციის, ისე ეკონომიკური ზრდის შეფერხების წინაპირობად სჩანს.
ინვესტორებმა ფული სარისკო აქციებიდან გამოიტანეს და შედარებით უსაფრთხო აქტივებს მიაშურეს. Walmart-ის (WMT), Caterpillar-ის (CAT) და Amgen-ის (AMGN) აქციები, შესაბამისად, გაიზარდა.
ცუდი დღე გამოდგა ტექნოლოგიური სექტორისთვის: FAAMG-ის ყველა აქცია შემცირდა, Amazon-მა (AMZN) და Meta Platforms-მა (FB) კი 2%-იანი ზარალი ნახეს. Tesla-ს (TSLA) დანაკარგმა 4%-ს გადააჭარბა. Snowflake-ის (SNOW) და Okta-ს (OKTA) აქციები მათი არადამაკმაყოფილებელი კვარტლური ანგარიშების გამოქვეყნების შემდეგ დაეცა.
საფინანსო სექტორის აქციები 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობასთან ერთად შემცირდა. Boeing-ის (BA) აქციები ,,ჩაიძირა’’, რადგან თვითმფრინავების მწარმოებლის ბიზნესი რუსულ კომპანიებთან სანქციებით მოქმედებს.
ნავთობის ფიუჩერსების ნიშნული სესიის დასაწყისში 116 დოლარს ასცდა, თუმცა შემდეგ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში პირველად დაიკლო. ამასობაში, ხორბლის ფასებმა აწევა განაგრძო, ლიმიტი ზედიზედ მესამე დღეს გადალახა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (იხ. ქვემოთ).
გასული სავაჭრო დღის მთავარი აქცენტები
Amazon თავისი 68-ვე ფიზიკურად არსებული წიგნის მაღაზიის დახურვას გეგმავს. გარდა ამისა, იგი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ე.წ. ,,pop-up’’ და ,,4-ვარსკვლავიანი’’ მაღაზიების დაკეტვასაც აპირებს, რაც ფიზიკურ საცალო ვაჭრობაში ყველაზე ხანგრძლივ ექსპერიმენტებს დაასრულებს. Amazon-მა განაცხადა, რომ იგი ამ მაღაზიების თანამშრომლებისთვის კომპანიაში ახალი როლების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.
აშშ-ს ზოგიერთმა შტატმა ბავშვებზე TikTok-ის უარყოფითი გავლენის შესახებ გამოძიება დაიწყო - რვა გენერალური პროკურორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი Meta Platforms-ის ,,ინსტაგრამის’’ ბიზნესზე აღძრულ ადრინდელ საქმეს (იგი ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის მიყენებულ პოტენციურ ზიანს განიხილავს) აფართოებს.
Peloton-ის (PTON) დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფოლიმ MSD Partners-ს $50 მლნ-ის აქცია მიჰყიდა. ამ უკანასკნელს ლობირებას Dell Technologies-ის ხელმძღვანელი მაიკლ დელი უწევს. მიუხედავად აქციების გაყიდვისა, ფოლი Peloton-ზე ეფექტურ კონტროლს შეინარჩუნებს.
Apple-ის განცხადებით, ყოველწლიურ საგაზაფხულო პროდუქციის გამოფენას იგი 8 მარტს უმასპინძლებს. სავარაუდოდ, Apple თავისი პოპულარული iPhone-ის იაფ ვერსიას 5G-ის თანხლებით გამოუშვებს. გარდა ამისა, სპეციალისტები iPad Air-ის ახალ მაღალი კლასის Mac Mini-ს მოდელის ხილვას ელიან.
უნიონიზაცია Tesla-ში
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკმა ,,ტვიტის’’ საშუალებით განაცხადა, რომ გაერთიანებულ ავტომუშაკთა კავშირის (UAW) მიერ პროფკავშირის შექმნის შესახებ კენჭისყრის ჩატარებას მიესალმება. უნიონიზაციის პროცესი ქ. ფრემონტის (კალიფორნია) ქარხანაში უნდა შედგეს. ,,Tesla ამას არაფრით შეუშლის ხელს’’, - ამბობს მასკი. მანვე დასძინა, რომ სან-ფრანცისკოს ყურის რაიონში, სადაც ქარხანა მდებარეობს, რეალურ გამოწვევას უმუშევრობის უარყოფითი მაჩვენებელი წარმოადგენს. ,,თუ ჩვენ კარგად არ ვექცევით და შრომას სათანადოდ არ ვუნაზღაურებთ ჩვენს (მაგარ) ხალხს, მათ მრავალი სხვა შეთავაზება ექნებათ და შეუძლიათ, უბრალოდ წავიდნენ!’’, განაცხადა პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა. მოგვიანებით მან ხაზი გაუსვა, რომ Tesla-ს მუშების კომპენსაცია ამ ინდუსტრიაში ყველაზე დიდია.
UAW Tesla-ს მუშათა ორგანიზებას ჯერ კიდევ იმ დროიდან ცდილობდა, რაც ფრემონტის ქარხანა ექსპლუატაციაში შევიდა, მასკი კი მუდმივად დამთმობ ნაბიჯებს დგამდა. შრომითი ურთიერთობის ეროვნულმა საბჭომ (NLRB) 2017 წელს დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით კომპანია თანამშრომლებს პროფკავშირის წევრობაზე უარის თქმის მიზნით აშინებდა. გარდა ამისა, საბჭომ Tesla-ს მოსთხოვა, 2018 წლის ,,ტვიტი’’ წაეშალა, რომელიც უნიონიზაციის მომხრეებს კომპანიის მიერ გადახდილი საფონდო ოფციონების განკარგვის უფლებას ართმევდა. Tesla ამ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ასაჩივრებს.
მასკი კომპანიის არაპროფკავშირული სტატუსის გამო ბრძოლაში აშშ-ს პრეზიდენტთანაც კი ჩაება - მან გასულ წელს დაიჩივლა, რომ ჯოზეფ ბაიდენმა თეთრ სახლში ელექტრომანქანათა წარმოების შესახებ გამართულ СEO-ების სამიტზე იგი არ მიიწვია. მასკმა პრეზიდენტი ამ კვირაშიც გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან თავის მიმართვაში General Motors-ისა და Ford-ის ძალისხმევას ხაზი გაუსვა, Tesla კი არ უხსენებია.
ხორბლის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს
ხორბლის ღირებულება ბოლო 14 წლის რეკორდულ ნიშნულს აღწევს - მან ჩიკაგოს სავაჭრო ბორდის (CBOT) სესიაზე 3 მარტს ლიმიტს კიდევ ერთხელ მიაღწია და დაადასტურა, რა სისწრაფით შეიძლება ფასები ამ პერიოდში დღიდან დღემდე შეიცვალოს. ამჟამად 1 ბუშელი ხორბლის ფიუჩერსი $10,59-ად იყიდება, რაც 8%-იან ფასნამატზე მიუთითებს - ეს 2008 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დიდი რიცხვია.
რუსეთ-უკრაინის ომმა ხორბლის დეფიციტის შიში გამოიწვია. Bank of America-ს მონაცემებით, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილეს ექსპორტიორებს შორის პირველ, უკრაინა კი მე-4 ადგილს იკავებს. მთლიანი სავაჭრო მოცულობის (207 მლნ ტონა) 17% რუსეთზე მოდის, უკრაინის წილი 12%-ს შეადგენს.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის არმიის შემოჭრამდე უკრაინა ხორბლის ექსპორტისთვის რეკორდულ წელიწადში იმყოფებოდა. ამის შემდეგ კონფლიქტის ესკალაციის საფრთხემ უკრაინის პორტებში ტვირთბრუნვის შეფერხება გამოიწვია, რაც საექსპორტო ბაზრის ჩავარდნითაც აისახა.
ხორბლის გაძვირება, სავარაუდოდ, აშშ-ში სამომხმარებლო პროდუქტების (პური, ბურღულეული) ფასებს ასწევს. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, გასულ წელს მარცვლეულის პროდუქტთა ღირებულება უკვე 6,8%-ით იყო გაზრდილი.